რეზონანსი
13.04.2025

ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში. ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც.

„დღეს არის უფლის მეგობრის, 4 დღის გარდაცვლილი ლაზარეს, მკვდრეთით აღდგინების ხსენება და ქართული ენის დღესასწაული. ლაზარეს უკავშირდება იესო ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა; ბეთანიაში მომხდარმა ებრაელები გააოგნა და ყველამ, - თვითმხილველთაც და სხვათაც, ირწმუნეს მაცხოვრის ღმერთობა.

X ს-ის მოღვაწის, იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგინება და აღორძინებაც.

ინებოს უფალმა ამის აღსრულება!

ლაზარეს აღდგინების მეორე დღეს, პასექის დღესასწაულზე, იერუსალიმში მიმავალ მაცხოვარს მთელი ხალხი მიწაზე ყვავილებს, თავიანთ სამოსელს, პალმის (ბაიას) რტოებს უფენდა და ჩვილი ბავშვებიც, უფროსებთან ერთად, ხმამაღლა სიხარულით გალობდნენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!“

ეს იყო იესო ქრისტეს ამქვეყნად მყოფობის 33 წლის მანძილზე მთელი ერის უდიდესი ნაწილისაგან მისი ღმერთად და მეუფედ აღიარებისა და თაყვანისცემის ერთადერთი დღე. ამიტომაც, ბზობა განსაკუთრებული ზეიმია.

იერუსალიმში მიმავალო, კიცვსა ზედა მჯდომარეო, უფალო ჩვენო, ჩვენც გაგიფენთ ჩვენს სამოსს, ჩვენს სულს, გულსა და სიყვარულს და შეგთხოვთ: ნუ მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, ნურასდროს განგვეშორები და დიდითა სულგრძელებითა შენითა შეგვიწყალენ.

ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“, - საუბარია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×