
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა წულუკიანს ურჩევს, ჯერ მისი ძმის მკვლელობის საქმე გამოიძიოს. გივი გინტური ამბობს, რომ თამაზ გინტური რუსების წინააღმდეგ ყველა ომში იბრძოდა და ამიტომ, ოკუპანტებმა მისი ვინაობა კარგად იცნოდნენ. მისი თქმით, სწორედ "ოცნების" მთავრობამ გადასცა რუსეთს ქართველი მებრძოლების სიები.
ის კაცი გმირულად დაიღუპა და გმირის წოდება აქვს მინიჭებული და დარჩება გმირად. ვინც გინდა იყოს, რა კომისიაც გინდა, შეიქმნას, გინდა წულუკიანის კომისია იყოს ან არალეგიტიმურ მთავრობაში რამდენი კაციც გინდა გამოვიდეს, წულუკიანი ვერავის დააზიანებს. ამ დროში ჩემი ძმა, თამაზ გინტური სოფლის ეკლესიაში მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა, რატომ ამას არ იძიებს? ხომ არის მაგარი ქალი, მაგარი გამომძიებელი და კომისია აქვს შექმნილი, გამოიძიოს, გინტური თამაზი ვინ მოკლა.
ჩემი ძმა, თამაზ გინტური მარტო 2008 წლის ომის მონაწილე კი არ იყო, 90-იან წლებშიც იბრძოდა აფხაზეთში, მერე სამაჩაბლოში, მერე ისევ 2008 წლის ომი და იცნობდნენ, ვინც იყო. გადასცეს სიები რუს ოკუპანტებს ჩვენმა ვითომ მთავრობამ და ჩაუსაფრდნენ ჩემს ძმას ჩვენი სოფლის ეკლესიაში და ჩაცხრილეს საკუთარ მანქანაში, - ამბობს გივი გინტური.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.