რეზონანსი
17.04.2025

არსებულ პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში არათუ მონაწილეობა, არამედ ამაზე ფიქრიც კი, არის უბრალოდ ამორალური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არის რიგი საკითხები, რომელთა გარკვევა აუცილებელია, რათა ზოგადად შეიძლებოდეს ფიქრი ამ ქვეყანაში ნებისმიერი სახის არჩევნებში მონაწილეობაზე.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არსებულ სტატუს კვოში, არსებულ პირობებში, თვითმმართველობის არჩევნებში არათუ მონაწილეობა, არამედ ამაზე ფიქრიც კი, არის უბრალოდ ამორალური. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის ავტორი არის ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მისი განცხადებით, მაგრამ მეორე მხრივ ქართველი ხალხი, რომელმაც მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ოპოზიციაც, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყავით ჩართული დელეგიტიმიზაციის პროცესში. გვყავს პოლიტპატიმრები, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი არის უცნობი, აქტიურად მიმდინარეობს ყოველდღიურად სამოქალაქო აქტივისტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ვისმენთ იმ განცხადებებს, რომ თურმე 9 აპრილი რუსების მოწყობილი არ ყოფილა, რომ თურმე გიორგი ანწუხელიძე არ არის გმირი და ასეთი გმირები ჩვენ არ გვჭირდება, კობახიძის გუშინდელი განცხადება რაც იყო, რომ მუდმივ შრომაში ვინც არის, ის ადამიანები უფრო სჭირდება ამ ქვეყანას. ბავშვი ვიყავი, როდესაც ანწუხელიძის წამების კადრები პირველად ვნახე; არ მგონია, გიორგი ანწუხელიძე ვინმეს პიარისთვის იღუპებოდა, ეს არის შეურაცხყოფა არამხოლოდ გიორგი ანწუხელიძის, არამედ თითოეული ჩვენგანის და ცოტა სიტყვების შერჩევაში უნდა იყოს საქმე. „ქართული ოცნება“ თითოეული ჩვენგანის როგორც სახელმწიფოებრივ თავმოყვარეობას, ისე პირად თავმოყვარეობასაც ცდის. რაც შეეხება თავად თვითმმართველობის არჩევნების საკითხს, ამ მინიმალურ პუნქტებს თან ერთვის ცესკო-ს არსებული მდგომარეობა, ამას თან ერთვის ის საკითხიც, თუ ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები, ადმინისტრატორი ვინ უნდა იყოს, თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე ისევ? ამ საკითხების და ამ პირობების გარკვევა აუცილებელია იმისთვის, რომ ზოგადად ფიქრი იყოს ამ ქვეყანაში ნებისმიერი სახის არჩევნებში მონაწილეობაზე“, – განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში საზოგადოების დაკვეთა არის ხელისუფლების ცვლილება და არა სისტემური ოპოზიციის როლში მორგება.

„ზოგადად, პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ამყარებს დიქტატურას და ეს არის უკვე ფაქტობრივი მოცემულობა, ისედაც უნდა ვიყოთ ფორმაში, ამას საარჩევნო მომზადებაც არ სჭირდება. თუ ვამბობთ, რომ ვიბრძვით გადარჩენისთვის, პოლიტიკური პარტია ისედაც ფორმაში უნდა იყოს, მაგრამ ამ ვითარებაში გახარიას განცხადება ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგონარი და პროტესტის ამ მონაწილეების, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების, იმ ასობით, ათასობით დაზარალებული ადამიანის სულისკვეთებას სცდება, ანუ ქვეყანაში ნორმალური ვითარება დაბრუნდა? წინასაარჩევნო რეჟიმში უნდა გადავიდეთ? მით უმეტეს არჩევნებით, სადაც ერთპარტიული პარლამენტი და ეს ხელისუფლება არ იცვლება და შესაბამისად, საზოგადოების დაკვეთა რაც იქნება, იმას უნდა ემსახურებოდე და ამ ქვეყანაში საზოგადოების დაკვეთა არის ხელისუფლების ცვლილება და არა სისტემური ოპოზიციის როლში მორგება, რომ სადღაც-სადღაც საკრებულოებში ორ-ორი კაცი გავიყვანოთ”, – განაცხადა სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×