მარიამ ვეკუა
17.04.2025

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება" ხელოვნების გაჩუმებას ცდილობს, მთავრობა კი მიზეზად „ვალდებულებების არშესრულებას" ასახელებს.

თბილისის მერი კახი კალაძე დოიაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა. განაცხადა, რომ ყველამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს.

„თუ დოიაშვილს პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას - თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას., ძალიან მარტივია," - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

„ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პროტესტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ, პირობითად, არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი. ძალიან მარტივია. ამიტომ ვთქვი, თუ ვინმეს აქვს სურვილი, შეუძლია შემოვიდეს პოლიტიკაში," - თქვა კალაძემ.

„ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა! ჩემი მხარდაჭერა დოის!" - წერს „ლელოს" დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტიც გამოეხმაურა დოიაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებას და სოციალურ ქსელში დაწერა:

„კულტურას რომ ახრჩობ, სინამდვილეში ქვეყანას კლავ! სოლიდარობა დოიაშვილს!" - წერს ზურაბიშვილი.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას თქმით, თეატრის მიზანმიმართული პარალიზებისა და დებულებით გათვალისწინებული უმთავრესი ფუნქციის შეუსრულებლობის გამო ასეთიი გადაწყვეტილება ბუნებრივია.

გაბუნია წერს, რომ ამ გადაწყვეტილებას ხელოვნებასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არ აქვს.

„ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები - ამას საერთო არაფერი აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებასთან და მით უმეტეს ხელოვნებასთან," - წერს გიორგი გაბუნია.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი საპროტესტო ტალღაში აქტიურადაა ჩართული. ისინი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელსაც პროკურატურა აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

რა წერია განცხადებაში

კულტურის სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმით წერია, რომ „არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის" ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა, თეატრში კი შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო

„საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის" ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო," - წერია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

რას ამბობს თეატრი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი არ აღიარებენ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და „დოიაშვილს არსად გაუშვებენ".

„ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს. ჩვენ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია, წინსვლასა და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ, ამ თეატრის დასი, დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე," - ნათქვამია დასის საერთო განცხადებაში, რომელიც მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა

დოიაშვილმა საზოგადოებას მიმართა:

„საერთოდ არ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ველოდი. ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. მიკვირს, კიდევ ამდენი ხანი რომ გვაცალეს. მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები - საერთოდ მეორეხარისხოვანია ამ შემთხვევაში. მე თვითონ არ ვიცი, დასი არის შეკრებილი და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ერთადერთი, რაც დღეს შემიძლია ვთქვა - მე წავალ თუ მოვალ, არ არის მთავარი. მთავარი არის: გამოუშვათ პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ!" - განაცხადა დოიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×