თამთა ჩაჩანიძე
21.04.2025

საქართველოსთვის ვიზლაიბერალიზაციის შეჩრების საკითხი სულ უფრო რეალური ხდება და ამას არც მმართველ პარტიაში უარყოფენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამაზე ევროკავშირში დისკუსია უკვე დაწყებულია და რა შედეგით დასრულდება პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაცია რა სცენარით განვითარდება.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი კანდიდატის ქვეყნის მიმართ ჯერ არ გამოუყენებია ევროკავშირს და თუ ამ ნაბიჯზე წავიდა, ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს, როგორც ეკონიმიკურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრება ევროკავშირში 2025 წლის ბოლომდე იგეგმება, რაც ბრიუსელს უვიზო რეჟიმის დროებით ან სრულად გაუქმებას გაუადვილებს. ეს ცვლილებები შეეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

ევროპარლამენტმა უკვე მიიღო მოლაპარაკებების მანდატი, ხოლო ევროკავშირის სამ ინსტიტუტს შორის პირველი განხილვა უკვე გაიმართა. შეთანხმების მიღწევა ივნისამდეა დაგეგმილი, ხოლო ახალ კანონმდებლობას შესაძლოა უკვე შემოდგომაზე მიეცეს ძალა.

ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წესების გამკაცრებაზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ თავისი პოზიცია მაშინვე დააფიქსირა, პროცესი ევროპარლამენტის არჩევნების გამო შეჩერდა. ახლა კი მოლაპარაკებები განახლდა და შესაბამისი მანდატი ევროპარლამენტმა ახლახან გასცა.

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზების ჩამონათვალს ოთხ პუნქტს ამატებს:

1. ქვეყანა უვიზოდ უშვებს იმ ქვეყნებს, რომლების მეშვეობით მიგრანტები ევროკავშირში შედიან (როგორიც იყო სერბეთის შემთხვევა);

2.ქვეყანა მიგრანტების ევროკავშირის საზღვრებთან მიზანმიმართულად გადაგზავნას იყენებს (ე.წ. ჰიბრიდული საფრთხე);

3.მოქალაქეობას ყიდის უცხოელებზე;

4.სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წელს ამოქმედდა და ითვალისწინებს მაქსიმუმ 90-დღიან დარჩენას 180 დღის განმავლობაში. უვიზოდ მიმოსვლა ან გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს 26 ქვეყანაში შეუძლიათ.

რაზე მოახდენს გავლნას ვიზალიბერალიზაციის შეჩერება

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წესი მარტივდება და გადაწყვეტილებას 15 სახელწიფოს თანხმობითაც მიიღებენ, მისი თქმით, ეს შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ევროპის ქვეყნებთან მიმოსვლით სარგებლობს, ემიგრანტებს, განათლების სფეროს და ზოგადად ეკონომიკასა და სოციალურ და პილოტიკურ ცხოვრებაზე აისახება პირდაპირ, თუ ირიბად.

"ამას უკვე აბსოლუტური უმრავლესობა აღარ სჭირდება და 15 სახელმწიფოც თუ თანახმაა, ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია, მითუმეტეს, ევროკავშირმა ახალი დებულება მიიღო, რომლითაც უფრო გამარტივდა ვიზალიბერალიზაციის მოხსნის საკითხი და იქ მეოთხე პუნქტია მნიშვნელოვანი, სადაც არის ადამიანის უფლებებზე საუბარი.

"ეს საქართველოსთვის ძალიან საყურადღებოა, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ისეა გართულებული მდგომარეობა, რომ ეს უყურადღებოდ ალბათ არ დარჩება. ეს უბრალოდ დროის საკითხია, მით უმეტეს, "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი რამის გაუმჯობესებას, ან უკანდახევას არ აპირებენ ადამიანის უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, პირიქით, კიდევ უფრო წნეხი აქვთ თავისუფალ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ პარტიებზე.

"ამ ფონზე, ეს საკითხი დღეს თუ ხვალ დადგება და ამიტომაცაა, რომ "ქართული ოცნება" წინმსწრებად გრძნობს. თუნდაც ის, რომ ევროპის საბჭოში ისინი უკვე იზოლაციაში არიან და ეს უკვე თანდათან იმ პროცესებზე მიუთითებს, რომ ისინი ფაქტიურად საერთაშორისო იზოლაციაში არიან, ბუნებრივია ამ ფონზე ამ პუნქტის დაცვა ძალიან გაუჭურდებათ.

"ჩვენ ყველას გვესმის, ევროკავშირი აქამდე ამ გადაწყვეტილებას რატომაც არ იღებდა, ესაა საქართველოს მოსახლეობის ინტერესები და ერთ-ერთი შემაკავებელი მიეზი ეს იყო. სიტუაციის გაუმჯობესებას კი პირიც არ უჩანს და ბუნებრივია, არაა გამორიცხული, რომ ეს საკითხი უახლოეს ხანში დადგეს კიდეც, მითუმეტეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ამაზე უკვე ამახვილებენ ყურადღებას.

"ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაცია ჯერჯერობით ერთ ქვეყანას (ვანუატუს) შეუჩერა, ეს მექანიზმი კანდიდატი ქვეყნის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მთლიანობაში საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ, განსაკუთრებით ემიგრანტებს, მათ ოჯახებს, ახალგაზრდებს, გაცვლით პროგრამებს.

"შეეხება განათლების სფეროს, მოსახლეობას, ათასობით ქართველია გასული ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად, თუ არალეგალურად და მუშაობენ, რომლებსაც ეს შეეზღუდებათ და ასევე სხვა ადამიანებსაც, რომლებსაც შესაძლოა ვიზალიბერალიზაციასთან პირდაპირი შეხება დღეს არ ჰქონოდათ და არც ყოფილიყო უცხოეთში, მაგრამ ეს გავლენები და ქვეყნის იზოლაცია ბუნებრივია აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზეც",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს მოსახლეობის რეაქცია იქნება "ყველაზე კარგი რეფერენდუმი".

"ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს მოსახლეობის რეაქცია იქნება ყველაზე კარგი რეფერენდუმი იმაზედ, მზად არიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები გაცვალონ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე. მე პირადად ძალიან დიდი ინტერესით ველოდები",- წერს ზაალ ანჯაფარიძე "ფეისბუქზე".

რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, თუ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, ამით ის „ყველა პრინციპს გადახაზავს და ფეხით გადაუვლის". ვოლსკი ამბობს, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების ბერკეტს საქართველოზე საკუთარი გავლენის მოპოვების მიზნით იყენებს.

„ამით [უვიზო მიმოსვლის შეჩერება] ევროპა საერთოდ გადახაზავს, ყველა პრინციპს ფეხით გადაუვლის. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. 61 ქვეყანაა თუ მეტი, რომელსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა აქვს. ევროპა მიგრაციის ზრდით შეშინებულია, ევროპას მიგრაციის სერიოზული ტალღა მიაწვა, მათ შორის - მესამე ქვეყნებიდანაც. ასე რომ, ევროპას გარკვეული მიზნები გააჩნია და ამ მიზნებს დაუკავშირებს იმას, რომ ევროპის ქვეყნებში საკუთარი გავლენა გაზარდოს. ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ რაც შეიძლება მეტი გავლენის რესურსი ჰქონდეს.

"საკითხი გადაწყვეტილი არ არის, რადგან ასეთ პოლიტიკას არამხოლოდ უნგრეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც ეწინააღმდეგება. აშშ-ს სახით მძლავრი მხარდამჭერი აღარ ჰყავთ. ასე რომ ბრძოლა მიმდინარეობს: ევროკავშირი - ჩინეთი, ევროკავშირი - აშშ-ი, რუსეთი, ჩინეთი და რაც მთავარია, უკრაინის ომი, რაზეც ევროკავშირს საკმაოდ მძიმე პოზიციები გააჩნია. ეს ყველაფერი განაპირობებს მათ გადაუდებელ აუცილებლობას, რომ რაც შეიძლება მეტი ბერკეტი ჰქონდეთ სამეზობლოში.

"საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ. არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც ევროკავშირს სურს, იმედი და გეგმა აქვს, რომ სრული კონტროლი დაამყაროს. მას საქართველოში მარიონეტული რეჟიმი სჭირდება. აქედან გამომდინარე, ის სტანდარტი, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია - რომ იყო სამართლიანი - რასაკვირველია გადახაზული იქნება, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ საკითხის მიმართ ევროკავშირში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს", - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას, ელოდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას.

სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან 19 აპრილის მივიდა, სადაც სტუდენტებისა და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას სრულიად არარეალურს გახდის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მისი განმარტებით, უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დისკუსია დაწყებულია და მისი ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„სამწუხაროა, რომ ეს, შესაძლოა რეალური იყოს ახლო მომავალში, იმის კვალდაკვალ, თუ როგორ მძიმდება დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვის გარემო რეპრესიებით, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობებით, არადემოკრატიული კანონებით, ოპონენტების დევნით, სამოქალაქო სექტორის და მედიის შეზღუდვით, მანიპულირებული არჩევნებით, ერთპარტიული პარლამენტით, პოლიტიზებული სასამართლოთი, პარტნიორების მტრებად გამოცხადების და კიდევ ბევრი მახასიათებლით. ამაზე სრულად პასუხისმგებელია „ოცნების" ხელისუფლება.

"ამ პირობებშიც კი, განსაკუთრებით მას შემდეგაც, რაც მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა 2028- წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერება, ევროკავშირს არ გამოუყენებია უვიზო მიმოსვლის გაუქმება, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის დასავლურ არჩევანს პატივს სცემს. ეს სანქციის სახით მაღალჩინოსნებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხო.

"თუმცა, ეს შეიძლება უახლოეს პერიოდში აქტიური განხილვის და გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში. უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დისკუსია დაწყებულია და მისი ამა თუ იმ შედეგით დასრულება, დამოკიდებულია საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რასაც ახლა ვხედავთ, არსებული სისტემის ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, ოპტიმისტური არაფერია. რუსეთის სტრატეგიული მიზანი- დააშოროს საქართველო დასავლეთს და არარეალური გახდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ოცნების მმართველობის ქმედებებით სრულდება.

"ამაზე ხშირად გვესმის კრემლის ჩინოსნების და პროპაგანდისტების კმაყოფილი განცხადებები. ამ პროცესის პატრიოტიზმთან დაკავშირება მავნებლური დემაგოგია და რეალობის დამახინჯების პროპაგანდისტული მცდელობაა. პატრიოტიზმი ვერ იქნება ვერაფერი, რაც ქვეყანას და მის მოქალაქეებს ცხოვრებას გაურთულებს, უსაფრთხოებას და ეკონომიკას დაუსუსტებს, განათლების, დასაქმების, მკურნალობის, განვითარების პერსპექტივას შეუზღუდავს.

"უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ცივილიზებული მსოფლიოსგან მეტ დისტანცირებას ნიშნავს და ეს საქართველოსთვის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის უკიდურესად სახიფათოა. ამით რუსეთთან დაახლოება და მისი გავლენების კიდევ უფრო ზრდა გარდაუვალია.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ვანუატუს და გამბიის მიმართ, სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ არა დემოკრატიის უკუსვლის და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ეს მხოლოდ საქართველოსთვის ნაწილობრივ მოხდა, როცა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდა. ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს ვითარების სიმძიმეზე.

"იმედია, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს (ხელისუფლების მომხრეებსაც) ამ პრივილეგიას ჯერჯერობით არ გაუუქმებს და მმართველი რეჟიმის წარმომადგენლების ნაცვლად, რიგითი ადამიანები არ დაზარალდებიან, თუმცა, თუ ვითარება ჩვენთან არ შეიცვალა, უვიზო მიმოსვლასთან ერთად საბოლოოდ დაიკარგება ევროკავშირის წევრობის შანსი. ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევა, ხალხთან ერთად მხოლოდ ნამდვილად პროდასავლურ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას შეეძლება და ეს აუცილებლად მოხდება საზოგადოების მშვიდობიანი ბრძოლის, უამრავი ადამიანის თავდადებისა და ნამდვილი პატრიოტიზმის შედეგად", - აცხადებს წერეთელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×