
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავენ. იმ ფონზე, როდესაც ევროპა საქართველოსთან დიდ დაპირისპირებაშია, მთავრობის წარმომადგენლებს ვიზიტზე მაინც იღებენ. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება რეალურად არავის სურს, რადგან ეკონომიკური კავშირებით უცხოელები თავადაც ხეირობენ.
საქართველოს ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკაში მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სვალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
გარდა ამისა, ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლისსდა საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდნენ. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობა თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
ნათია თურნავამ სსფ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ კვლავ მედეგია. შესაბამისად, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზეა ორიენტირებული. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ეროვნული ბანკი 4,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის საერთაშორისო რეზერვებს ფლობს.
პარალელურად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე საქართველოში, მათ სარგებლიანობასა და შესაძლებლობებზე.
„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ელექტროსისტემასთან დააკავშირებს, აგრეთვე ინტერნეტიზაციის პროგრამა საქართველოს მასშტაბით, რასაც გააჩნია ქვეყნის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით ტრანსფორმაციული ეფექტი. მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და, ზოგადად, პროგრესის შენარჩუნებისთვის. საუბარია არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტზე, რაც საქართველოს, ზოგადად, კომპეტენციების ზრდაში დაეხმარება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაღალი დონის შეხვედრები საქათველოშიც ტარდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ.
ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საქართველო ეკონომიკური პროცესებიდან გარიყული ქვეყანა არ არის, რადგან ეს შეუძლებელია. ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ "რეზონანსთან" აღნიშნა, რომ პროცესი ისე მიდის როგორც საჭიროა.
"ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, რომ საქართველო ეკონომიკურად გარიყულია. ვიღაცები თუ ჩვენზე არაფერს ამბობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო ეკონომიკური პროცესებიდან ჩამოცილებულია. რეალური ეკონომიკური პროცესებიდან საქართველო არსად გარიყული არ არის. გლობალური პროცესებიდან ქვეყნის ეკონომიკის გარიყვა, უბრალოდ, სასაცილოა, რადგან ეს შეუძლებელია.
ეკონომიკური ბლოკის მინისტრების, ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წევრებთან შეხვედრა ჩვეულებრივი ამბავია, მიმდინარე ვიზიტი იქნება და ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ეუთოს და ევროპული ეკონომიკური სტრუქტურების ჩვენთან ურთიერთობა ყოველთვის იყო კოლონიალური და დღესაც არის ამის სურვილი. ასე რომ, მათთან ურთიერთობა თუ შენელებულია, მით უკეთესი, რადგან ჩვენთვის არაფერი სასიკეთო არ არსებობს ევროპულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან ამ ფორმით ურთიერთობაში. ჩვენ ამ სუფრაზე მიწვეული ვართ როგორც კერძი”, - განუცხადა ნოდარ კაპანაძემ "რეზონანსს”.
ექსპერტები იმასაც ფიქრობენ, რომ რეალურად, საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება არავის სურს, რადგან, როგორც ეკონომისტმა და პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ აღნიშნა, უმეტესწილად თავად დასავლეთი ხეირობს, საქართველოს ხარჯზე.
"ეკონომიკური ურთიერთობა არ შეცვლილა. სამწუხაროდ, დასავლეთთან ურთიერთობები ისეა მოწყობილი, რომ უმეტესწილად თავად დასავლეთი ხეირობს, საქართველოს ხარჯზე. ამიტომ ისინი ამას არ შეცვლიან, რადგან მოგება და სარგებელი სოლიდური აქვთ. მე მხედველობაში მაქვს ის საბანკო კაპიტალი, რომელიც საქართველოში მუშაობს ზემოგებაბზე, 300% და მეტი მოგება აქვთ საქართველოში, ვიდრე ევროპაში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ხარჯზე.
ამას გარდა, ჩვენ ვართ ვაშინგტონის კონსესუსის მოდელში ჩართული, სადაც არაფრის წარმოებას ხელი არ ეწყობა და ეს ლიბერალური თავისუფალი ვაჭრობა თავს მოგვახვიეს, რის გამოც მრეწველობა და რეალური სექტორი ვერ ვითარდება საქართველოში, გარდა მშენებლობისა. სოფლის მეურნეობა მიზერულ დონეზეა, სამრეწველო გამომუშავება მინიმალურია, ერთადერთი, როგორც გითხარით, მშენებლობის სექტორი ვითარდება.
აქედან გამომდინარე, როდესაც ტრამპი ასრულებს ამ ლიბერალურ-თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმს მთელ მსოფლიოში (სატარიფო პოლიტიკა სხვა არაფერია თუ არა გლობალიზაციის დასრულება), ჩვენ თადარიგი უნდა დავიჭიროთ და დავიწყოთ რეალური სექტორის განვითარება. პირველ რიგში, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გამოყენებითი ხასიათის მეცნიერება და ა.შ.
ვერ ვხედავ, რომ დასავლეთს იზოლაციის სურვილი ჰქონდეს. რატომ მოახდენს იზოლაციას, როდესაც ვაჭრობაში გვიგებს და მათი კაპიტალი ზემოგებაზე მუშაობს აქ. ჯერჯერობით კვლავ მორჩილად მივყვებით ვაშინგტონის კონსესუსის მოდელს”, - განუცხადა "რეზონანსს” ირაკლი გოგავამ.