
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცა ითხოვს, საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გააუქმოს". პარალელურად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა.
„ბარციცი ახალი დანიშნულია და ხალხს აჩვენებს, რომ მუშაობს, თორე ვინ კითხავს მას. აქ კი არა, თვითონ აფხაზეთში უჭირს ჯერ თავისი პოზიციის გატანა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საკითხები, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის უთანხმოებას იწვევდა, დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია და ახლა თავიდან დაიწყება აფხაზეთში ამის გამო ნერვიულობა", - განაცხადა კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
რუსულ მედიაში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა თქვა, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს.
„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ მთავარ მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან, ურთიერთობის გაუმჯობესება სურთ, ჩვენს ყურადღების მიღმა არ რჩება, მაგრამ საჭიროა ამის პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები.
„ჩემი აზრით, რამდენიმე ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას ამისთვის, მათ შორის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკასა და ვერც დროის გამოცდას უძლებს. ჩვენ დღეს არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ.
„მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში ამაზე კოლეგების ყურადღებას გავამახვილებთ, არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამის შემდეგ სხვა საკითხების შესახებ საუბარი შეგვიძლია", - აღნიშნა ბარციცმა.
ამის პარალელურად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა. რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის ელჩზე, ალხას კვიცინიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თქმითაც, ბადრა გუნბამ მიწვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.
„აფხაზეთის პრეზიდენტმა პუტინისგან 9 მაისის აღლუმზე მოწვევა მიიღო და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებლად ეწვევა მოსკოვს", - აღნიშნა ალხას კვიცინიამ.
მამუკა არეშიძის შეფასებით, ახლა აფხაზეთში ერთგვარი პაუზაა, თუმცა, როგორც კი, გააქტიურდება დროებით გადადებული საკითხები, აფხაზეთში ნერვიულობა თავიდან დაიწყება.
„რომ ვთქვა აფხაზური მხარის რაიმე განსაკუთრებული გააქტიურებაა, არა. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ბარციცი ახალი დანიშნულია და ხალხს აჩვენებს, რომ მუშაობს, თორე ვინ კითხავს მას. აქ კი არა, თვითონ აფხაზეთში უჭირს ჯერ თავისი პოზიციის გატანა.
„რაც შეეხება გუნბას, ის დაპატიჟებულია მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნავად, რომელიც დიდი ხვეწნა-მუდარის შედეგად მოხდა. მაგალითად, ცხინვალის ხელმძღვანელობა არ არის დაპატიჟებული და მგონი არც მიიწვევენ, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინიფორმაცია მოდის იქიდან. მოსკოვს ხომ სჩვევია ეს? სიტუაციას როგორც სჭირდება, ისე იქცევა. თუ უნდა ამ პატარა ერის წარმომადგენელს აღაზევებს და თუ უნდა გაანადგურებს.
„ახლა აფხაზეთში არავითარი აქტიურობა არ არის, პირიქით, ერთგვარი პაუზაა. ლადგება ეს „ახალი ხელისუფლება", ასევე, ე.წ. ოპოზიციასაც გარკვეული პაუზა აქვს აღებული. ყველა ელოდება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების გადაწყვეტილებას.
„გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საკითხები, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის უთანხმოებას იწვევდა, დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია - არც აპარტ-ოტელების, არც ბიჭვინთის და არც სხვა თემები. ესენი კიდევ დღის წესრიგშია, ოღონდ სხვა ფორმით იქნება გამოტანილი და ახლა თავიდან დაიწყება აფხაზეთში ამის გამო ნერვიულობა", - განაცხადა მამუკა არეშეიძემ „რეზონანსთან".