ნატალია ჯვარიძე
24.04.2025

რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი, ალხას კვიცინია ამბობს, რომ საქართველოს მცდელობების მიუხედავად სოხუმსა და მოსკოვს შორის საჰაერო მიმოსვლა 1-ლი მაისიდან მაინც დაიწყება. მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (იკაო) რუსული ავიაკომპანიებისთვის სოხუმში ფრენების აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ მიმართა იკაოს, თუმცა მის მიერ მიღებული სანქციების შედეგებზე საუბარი უჭირს.

„სოხუმმა ძალიან კარგად გამოიყენა საერთაშორისო წესრიგის ნორმების მოშლა. საქართველომ მიმართა იკაოს, რომელსაც შეუძლია იმ ავიაკომპანიებს სანქციები დაუწესოს, თუმცა არსებულ ვითარებაში რამდენად შედეგიანი იქნება, ვერ გეტყვით",- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ე.წ. ელჩის განცხადებით, აფხაზური მხარე უშედეგოდ მიიჩნევს რესპუბლიკის იზოლირების მიზნით იკაოს გამოყენების მცდელობებს.

„საქართველოს ქმედებებს ობიექტურად გარდაუვალ პროცესში ჩარევის მცდელობად მივიჩნევთ. აფხაზეთი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ საჰაერო მიმოსვლაზე და ის გრაფიკის მიხედვით დაიწყება. მოვუწოდებთ თბილისს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე და ხელი მოაწეროს ჩვენთან შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავები იფრენენ და თბილისის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთისა და რუსეთის მაცხოვრებლებს ერთმანეთთან თავისუფლად ფრენა შეეძლებათ", - განაცხადა ალხას კვიცინიამ.

მისი თქმით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (იკაო) რუსული ავიაკომპანიებისთვის სოხუმში ფრენების აკრძალვის მოთხოვნით.

„საქართველოს თვალსაზრისით, სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება უკანონოა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციას არღვევს, რადგან აეროპორტს არ აქვს თბილისის სერტიფიკატი", - აღნიშნა ე.წ. ელჩმა.

„დიახ, ფორმალურად საქართველო იკაოს-ში უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს და ჩვენი აეროპორტის კოდი იქ 2006 წლიდან გაუქმებულია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს: მოსკოვი-სოხუმის დაგეგმილი რეისები არავის უსაფრთხოებას არ არღვევს", - აღნიშნა კვიცინიამ.

მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების ოფიციალური თარიღი 1-ელი მაისია.

მამუკა არეშიძის შეფასებით, მოსკოვი ცდილობს გაამართლოს იმით, რომ ვითომ ეს არის შიდა ფრენები, თუმცა იკაოსთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა იქვე ეჭვობს, რომ რთული დასაჯერებელია, იკაოს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შედეგი გამოიღოს.

„ეს ე.წ. ელჩი ლაპარაკობს თავისი პოზიციიდან და ამართლებს იმას, რომ უკანონო ფრენები იწყება სოხუმსა და რუსეთის ზოგიერთ ქალაქს შორის. აქ ახალი არაფერია გარდა ფაქტი იმისა, რომ ფრენები დაიწყო.

„რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა მოთხოვნით იკაოს, რომ აიკრძალოს უკანონო ფრენები. იკაოს აქვს შემეგი მექანიზმი: ის ასანქცირებს იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც მის გარეშე აწარმოებენ ტვირთგადაზიდვას და მგზავრების გადაყვანას. ნათელია, რომ ახლა ეს რუსული ავიაკომპანიები დასანქცირდებიან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების წესები ისეა მოშლილი, პრაქტიკულად ეს სანქციები ისე აღარ მუშაობს, როგორც აქამდე. ეს სიტუაცია ძალიან კარგად გამოიყენა სოხუმმა და ამიტომაც არის, რომ ფრენების ორგანიზებას ცდილობს.

„მოსკოვი ამტკიცებს, ვითომ ეს არის შიდა ფრენები, მაგრამ იკაოსთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება იკაოს მიერ დაწესებულ საქნციებს, ეს ნიშნავს იმას, რომ დასანქცირებულ ავიაკომპანიებს ევროპულ და ზოგიერთი აზიური ქვეყნის სივრცეებში ფრენები შეეზღუდებათ, თუმცა, როგორც ვთქვი, ისეა ყველაფერი მოშლილი, ვეღარ გაიგებ ვინ, რას აკეთებს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×