
რუსი პრანკერების სკანდალი, რომელიც ორიოდე დღის წინ აგორდა ნელ-ნელა, ძალას იკრეფს და მის მონაწილეებს შეიძლება სამართლებრივი შედეგითაც დაემუქროს. ყოფილი ობმუდსმენი, რომელიც თითქოსდა ოპოზიციის ხელთ არსებულ შეიარაღებულ ხალხზე საუბრობს, ამას ახლა კატეგორიულად უარყოფს და რუსულ პროპაგანდას მიაწერს. რუსულ მედიასა და სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც „ქართულ მაიდანზე" სკანდალური განცხადებები კეთდება, ორიგინალურ ინგლისურ ვერსიაზე რუსული თარგმანია დადებული, ამიტომ მტყუან-მართლის გარჩევა ძალიან რთულია.
„არიან მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბიანები, არის ხალხი მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე არიან კერძო დაცვის კომპანიებიდან და ისინი შეიარაღებულები არიან",- ეუბნება უჩა ნანუაშვილი თითქოსდა რუს დისიდენტ გარი კასპაროვს.
პრანკერები ამას არ დასჯერდნენ და „ობიექტებს" დაფინანსებაში დახმარება შესთავაზეს. გადაცემაში, რომელიც რუსეთის ცენტრალური ტელევიზიით გავიდა, ერთ-ერთი პრანკერი ხუმრობდა, რომ ნანუაშვილმა რამდენიმე პროექტი გაუგზავნა დასაფინანსებლად ჯამურად 500 ათასი დოლარის ოდენობის ბიუჯეტით.
რუს პრანკერებთან საუბარს საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ საუბრის თარგმანიც დამახინჯებულია და რუსულ მედიასა და სოცქსელებში გასული სიუჟეტი არის „ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული" და „ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი". ამ დრომდე დუმს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე პრანკერების მსხვერპლი გახდა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, „სინამდვილეში საუბრობდა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში".
რუსმა პრანკერებმა ვლადიმერ კუზნეცოვმა (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვმა (ლექსუსი) რუსულ პირველ არხზე გადაცემაში „ანტიფეიკში" განაცხადეს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და ყოფილ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, რუსი ოპოზიციონერის გარი კასპაროვის და უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.
„იმის გასარკვევად, თუ ვინ დგას ქართული საპროტესტო აქციების უკან, რომელიც 5 თვეზე მეტია გრძელდება, ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს, საუბარი უცხოელი აგენტის გარი კასპაროვის სახელით წარიმართა. ის, თავს ჯერ კიდევ ქვეყნის მეთაურად მიიჩნევს, ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ „ქუჩის პროტესტი ერთადერთი გამოსავალია, კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ მისი გადაჭრა სხვა სტაბილური გზით, ყოველ შემთხვევაში, მშვიდობიანად შეუძლებელია."
„ამავდროულად, სალომე ცინიკურად ამტკიცებს, რომ საქართველოს „უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს ამდენი ადამიანური რესურსი", რათა დახარჯოს ისინი სისხლიან გადატრიალებებზე.
„ზურაბიშვილი ჩივის, რომ იუსაიდის დახურვისა და უცხოური აგენტების შესახებ საქართველოს კანონის გამო, დოლარის ნაკადი დაშრა. ამიტომ, ადგილობრივი ოპოზიციური მედია, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები „კრიტიკულ მდგომარეობაში" არიან. მას შემდეგ რაც ზურაბიშვილმა შეიტყო, რომ გარი (კასპაროვი) თითქოს მზად იყო საქართველოში შემოწირულობები გაეგზავნა და სპონსორები მოეძებნა, ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ მოამზადებდა მეგობრული არასამთავრობო ორგანიზაციების სიას, რომლებსაც „უნდა დაეხმარონ" ფინანსურად," - წერენ რუსი პრანკერები ტელეგრამზე.
იქვე აღნიშნულია, რომ „ტრამპის რიტორიკა ზურაბიშვილს დამატებით პესიმიზმს უჩენს: ფრანგი ქალი შეშფოთებულია, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ შეიძლება უკრაინას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება აიძულოს". მათი თქმით, განიხილეს ასევე აფხაზეთში არსებული ვითარება და „ექსპრეზიდენტმა აფხაზეთისთვის „ევროპული" ბედნიერების რეცეპტიც გაუზიარა".
უნდა აღინიშნოს, რომ პრანკერების ზურაბიშვილთან დაკავშირებული რვაწუთნახევრაინი ვიდეო დევს იუთუბ არხზე სახელწოდებით „ნა ვიდეო ვიდნო". უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერი კი დაახლოებით სამწუთნახევრიანია და „რენ ტვ ნოვოსტის" რუსულ სოც ქსელშია გაზიარებული. ჩანაწერების ფრაგმენტები კი ძირითადად განთავსებულია რუსულ მედიასაშუიალებებში. უფრო დიდი ფრაგმენტები არის სოციალურ ქსელ ვ-კონტაქტეში.
რაც შეეხება ყოფილ ომბუდსმენს, რუსი პრანკერების გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი ამბობს, რომ „მზადებაა დიდი გამოსვლებისთვის, მაგრამ ასევე უნდა გაფართოვდეს არსებული დემონსტრაციები და პროტესტი, რაც შეიძლება ბევრ ქალაქში და მოვემზადოთ გაფიცვებისთვის".
სიუჟეტის მიხედვით, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის გამო დაფინანსება უცხოეთიდან გართულებულია. ამასთან, ამავე საუბრისას, მან ისიც განაცხადა, რომ „უკრაინის მაიდანის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები".
პრანკერის კითხვაზე, „ნამდვილად დაეხმარა თუ არა აშშ-ს საელჩო და იუსაიდი, ნანუაშვილი პასუხობს:
„დიახ, საკმაოდ აქტიურობდნენ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ გვქონდა ფინანსური, პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა. დიახ, ჩვენ მივიღეთ ეს განსაკუთრებით აშშ-დან. ევროკავშირიც დაგვეხმარა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასევე გვაქვს არაოფიციალური ქვედანაყოფები, როგორიც უკრაინის მაიდანის დროს იყო. არიან მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბიანები, არის ხალხი მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე არიან კერძო დაცვის კომპანიებიდან და ისინი შეიარაღებულები არიან",- განაცხადა სიუჟეტის მიხედვით ნანუაშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ მედიაში გავრცელდა საუბრის რუსული თარგმანი და რა არაოფიციალურ დანაყოფებზეა საუბარი, ან ვინ იგულისხმება „ხალხი მმართველი პარტიიდან", ან კონკრეტულად ვინ და რითი არიან შეიარაღებულები, ეს არცერთ რუსულ მედიაში დაკონკრეტებული არაა, მათ შორის განხილვის სიღრმეში არ ჩადიან რუსი პრანკერებიც.
ნანუაშვილის მტკიცებით კი საუბრობდა „გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში".
„ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება სხვადასხვა სიუჟეტი, რამაც გამოიწვია პუტინის, დუგინისა და გავრილოვის ფანების ჟრიამული რუსულ სივრცეებში, მათ შორის ინტერნეტსივრცეებში, როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. თურმე არაფორმალურ დაჯგუფებებს ვქმნი და ვაწყობთ „მაიდანს" საქართველოში. მოდით, ერთად შევხედოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში და რასთან გვაქვს საქმე. სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსეთის „პირველ არხზე", პუტინის მთავარ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი, შეიძლება ითქვას, სრულიად საწინააღმდეგოც კი. საუბარია, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის მიმდინარეობის დროს ე.წ. ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში, ადამიანთა წამებაში, არასათანადო მოპყრობაში. ეს უკანონობა დღეების განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ამ ბანდიტების მხრიდან. საპყრობილეში დღემდე 50-ზე მეტი ადამიანი რჩება და სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობ, რომ სწორედ ხელისუფლება უწყობდა ხელს ამ ჯგუფების პარპაშს, მათ საქმიანობას, სწორედ ეს შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ხელისუფლების მიერ დასმულნი, სწორედ ამ ძალებზეა საუბარი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა.
„საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს აღნიშნულ მესიჯებს, ამაში მათ ეხმარება პროპაგანდისტული მედია და მარტივად იმეორებენ რუსულ პროპაგანდას, რუსული ტელევიზიის ნარატივს. ოკუპანტის მთავარი არხი ავრცელებს დამონტაჟებულ ფალსიფიცირებულ მასალას და არავის გასჩენია კითხვა, იქნებ ეს არის მონტაჟი? და ეს არ გიჩენთ კითხვას, რატომ არ გასჩენია არავის ეს კითხვა? ვინმემ ჩემი ხმა მოისმინა? თუ მხოლოდ რუს პროპაგანდისტებს ვუსმენთ და არა იმ თარგმანს, რომელიც არის ვითომ თარგმანი. სამწუხაროა, რომ ქართული პროპაგანდისტული მედია ასევე იმეორებს რუსულ პროპაგანდას. გუშინ „ქართული ოცნების" ხელმძღვანელი პირების კომენტარებიც ვნახე, რომლებიც ფაქტის გადამოწმების გარეშე იმეორებენ ამ მესიჯებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ერთგვარი ლუსტრაცია, ნათელია, თუ ვინ არის კრემლის დასაყრდენი საქართველოში, ხელისუფლებაში ვინ ტირაჟირებს კრემლის მეისჯებს და პროპაგანდას.
აქვე აღსანიშნავია, რომ მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმები მამუკა ფიფია ამბობს, რომ პრანკის ორგანიზება მან უზრუნველჰყო.
„გაშაყირება მიმდინარე წლის დასაწყისში დავგეგმეთ, როცა ყველა პატრიოტი ქართველი შეშფოთებულები ვიყავით კრუასანებზე გაზრდილი სალომე ზურაბიშვილის დასავლეთიდან წაქეზებული განცხადებებით. დასავლეთი იმ პერიოდში გაშმაგებით ცდილობდა თბილისში საპროტესტო ტალღის აგორებას, ტალღის სათავეში ზურაბიშვილის ჩაყენებას და მოვლენების სისხლიან დაპირისპირებაში გადაზრდას. დასავლეთის წაქეზებით, მარიონეტი ზურაბიშვილი განცხადებებს აკეთებდა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის მიუხედავად, „ის პრეზიდენტად რჩებოდა და პრეზიდენტის სასახლიდან გასვლას არ აპირებდა." აი, სწორედ მაშინ დამებადა თვითმარქვია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხილების იდეა, დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, სხვადასხვა ცნობილი ადამიანის იმიტაციის განუმეორებელი ნიჭით განთქმულ რუს პრანკერებს, ვოვანს და ლექსუსს. მათ ვთხოვე, სალომესთვის დაერეკათ ცნობილი საბჭოთა მოჭადრაკის, რუსეთში განთქმული ლიბერალის, გარი კასპაროვის სახელით და მისთვის მაცდუნებელი წინადადება შეეთავაზებინათ",- ეუბნება ფიფია „ასავალ-დასავალს".
მისი თქმით, ვოვანმა და ლექსუსმა მეგობარი აქტის ავტორიც გაპრანკეს.
„სალომე კი არა, „მეგობარი აქტის" ავტორი, ჯო უილსონიც არ დაეჭვებულა, როცა ვოვანმა და ლექსუსმა მას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით და მისი იმიტაციით დაურეკეს! სალომეს აზრადაც არ გაუვლია, რომ აშაყირებდნენ, რადგან ნომერი უმაღლეს დონეზე იყო ჩაფიქრებული და მომზადებული. გარდა იმისა, რომ სალომეს გარი კასპაროვის თითქმის ბუნებრივი ხმა ესმოდა, ეკრანზეც თვით კასპაროვს ხედავდა",- განაცხადა ფიფიამ.
„ქართული ოცნების" შეფასებით კი, სწორედ შინაარსი ადასტურებს, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ხმარდებოდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
„ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი, რომ ის პროცესები, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, ყველაფერი გარედან და უცხოეთიდან იმართებოდა. თანხები, რომელიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დეკლარირების გარეშე, ე.წ. შავი ფული, რა თქმა უნდა, მიემართებოდა პოლიტიკაში, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს. გუშინდელი ვიდეოჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში, პირდაპირ ასრულებენ გარედან ბრძანებებს, დავალებებს. მათ არც სამშობლო გააჩნიათ, არც საკუთარი ოჯახი. ისინი პირდაპირ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ და გარედან იმართებიან", - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.