
26 აპრილს ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას ასობით ათასი მორწმუნე და უმაღლესი რანგის პოლიტიკური ლიდერები დაესწრენ მთელი მსოფლიოდან. ცერემონიალზე იმყოფებოდა საქართველოს დელეგაციაც. მთავარი მოვლენა კი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა იყო. დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთით პირისპირ ისაუბრეს და დაკრძალვის შემდეგ ყველა ელოდა მათი შეხვედრის გაგრძელებას, თუმცა, გაგრძელება არ შედგა.
ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე იყვნენ პრინცი უილიამი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვები.
რაც შეეხება რუსეთს, მას დაკრძალვაზე რუსეთის კულტურის მინისტრი ოლგა მიუბიმოვა, რომელსაც თან ახლდა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანტონი (ვოლოკოლამსკი).
აშშ-ისა და უკრაინის ლიდერები დაკრძალვის ცერემონიალზეც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. საინტერესოა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი მელანია უკრაინის ორ ერთგულ მხარდამჭერს შორის ისხდნენ: მელანიას მარცხნივ ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარიში, ხოლო ტრამპის მარჯვნივ - ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. ვოლოდიმირ ზელენსკი კი იმავე რიგში, ტრამპისგან 10 ადგილის დაშორებით იჯდა ემანუელ მაკრონთან ერთად.
შეგახსენებთ, პაპი ფრანცისკე ვატიკანში, თავის რეზიდენციაში აღდგომის მეორე დღეს, 21 აპრილს ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო. შაბათს ვატიკანში გარდაცვლილ პაპთან გამოსამშვიდობებლად დაახლოებით 200 000 ადამიანი ჩავიდა.
სტუმრები საქართველოდან
დაკრძალვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრო, რომელსაც თან ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე. მათთან ერთად იყო საპატრიარქოს წარმომადგენლობაც - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
„პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის," - დაწერა დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა „ფეისბუქზე".
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ყაველაშვილს ესალმება. ფოტოს „ესოშიეიტიდ პრესი" ავრცელებს რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან.
აღსანიშნავია, რომ დაკრძალვას სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან ერთად თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ტრამპი-ზელენსკის ისტორიული შეხვედრა
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალის დაწყების წინ შედგა სიქსტის კაპელაში და დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. „სქაი ნიუსის" ცნობით, ორი ლიდერი დაკრძალვის შემდეგაც უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა შეხვედრა არ შედგა. თუმცა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, მეორე შეხვედრა არც იყო დაგეგმილი.
„ამერიკელმა ლიდერმა თავისი გრაფიკი ისე დაგეგმა, რომ ცერემონიის დასრულებისთანავე წასულიყო", - განუცხადა წყარომ „ერ-ბე-კა უკრაინას".
„სი-ენ-ენის" ცნობით, ტრამპმა და მისმა მეუღლემ მელანიამ რომი დაკრძალვის შემდეგ ძალიან სწრაფად დატოვეს. ერთი დღით ადრე, ვატიკანში გამგზავრებამდე, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ შევხვდებით ბევრ უცხოელ ლიდერს - მათ სურთ შეხვედრა".
ზელენსკიმ ხანმოკლე შეხვედრიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპთან შეხვედრა შეიძლება ისტორიული გახდეს:
„კარგი შეხვედრა იყო. ბევრი ვისაუბრეთ პირისპირ. ვიმედოვნებთ, რომ ყველა განხილულ საკითხზე შედეგს მივაღწევთ: ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას. ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ. გმადლობთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ," - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა მედიასთან განაცხადა, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის „საკმაოდ კონსტრუქციული" შეხვედრა შედგა.
„პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის დღეს პირისპირ შეხვედრა ჰქონდათ და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს", - განაცხადა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ თებერვალში ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ.
საინტერესო იყო ტრამპის 25 აპრილს გაკეთებული კომენტარი. მან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული სიტუაცია „ძალიან მყიფედ" შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი წინ მიიწევდნენ.
„მე უბრალოდ მინდა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს", - თქვა ამერიკელმა ლიდერმა.
გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე კვირაა საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ ტრამპმა გააძლიერა ზეწოლა უკრაინაზე, რათა კიევმა მიიღოს მისი წინადადება ომის დასრულების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავს ყირიმის რუსეთის ოკუპაციის დე იურე აღიარებას და მოსკოვის დე ფაქტო მმართველობის აღიარებას აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
კიევმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა წარმოადგინეს თავიანთი საპირისპირო წინადადება - რომ ტერიტორიული საკითხები მხოლოდ სრული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა გადაწყდეს.