თამთა ჩაჩანიძე
29.04.2025

პროკურტურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელს საბოტაჟსა და უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება და ამ გამოძიების ფარგლებში 29 აპრილის დილიდან ხუთ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. გაიჩხრიკა მათ შორის ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილისა და სხვა სამოქალაქო ატივისტების საცხოვრებელი ბინები, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც არასამთავრობო და ოპოზიციური ფლანგიდან, ისე მმართველი პარტიიდან.

ფონდების ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ ჩხრეკას დაკავებების სერია მოჰყვეს. იმ განჩინებაში, რომლის საფუძველზეც პროკურატურა მათ საცხოვრებლებში შევიდა, მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები. 318-ე მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319-ე კი „უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას".

ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას პროტესტი დისკომფორტს უქმნის და ამის ჩახშობას ცდილობს. მათი შეფასებით, ამას მოჰყვება საგარეო ფლანგიდან რეაქცია. „ქართული ოცნების" შეფასებით კი, გარედან არის მცდელობა, რომ ქვეყანაში მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას. ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს.

„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების" კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს „ნანუკას ფონდის", „სირცხვილიას", „ფროსფერითის", „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7", „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" ანგარიშები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მონაწილეთა ჯარიმებსა და სხვა საჭიროებებს აფინანსებდნენ. საქმე აღიძრა თებერვალში მას შემდეგ, რაც „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" პროკურატურას მიმართა.

უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. „ფონდების საქმეზე" მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების დროს, არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ, ასევე ორსულიც, რასაც სახალხო დამცველი ეხმიანება. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ „სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს". მისი თქმით, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება „უფლებამოსილების ფარგლებში".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ იმ ფონდების ხელძღვანელები, ვის ბინებშიც ჩხრეკა ჩატარდა, ფინანსების გამტარები არიან და მათი ერთ-ერთი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გიორგი ბაჩიაშვილია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველო სკანდალურად დატოვა.

„დესტრუქციული აქციების და მათი მონაწილეების დამფინანსებელი ფონდების ხელმძღვანელები, რომელთა ბინებშიც ჩხრეკა ჩატარდა, არიან ფინანსების გამტარები, ანუ აისბერგის წვერი. ამას მგონი ყველა ხვდება

„მთავარია მათი სპონსორ/დამფინანსებლების გამოვლენა და განეიტრალება. ერთერთი მათგანი საქართველოდან გაპარული გიორგი ბაჩიაშვილია. რამდენადაც ვიცი, სპონსორებს შორის არიან ცნობადი სახეები, მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და კომპანიებიც", - წერს ანჯაფარიძე „ფეისბუქზე".

პროკურატურის განცხადება

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე ეხება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას.

„საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი"-ს „ფროსფერითი"-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"-ს, „სირცხვილია"-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების" ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთობლივ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვინ გაჩხრიკეს

„ნანუკას ფონდის" დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟლიანმა 29 აპრილს დილის დაახლოებით ცხრა საათისთვის „ფეისბუზე" დაწერა, რომ მასთან „ჩხრეკაზე მივიდნენ", რის შემდეგაც ლაივი ჩართო. ცოტა ხანში მან ისევ დაპოსტა, რომ პროკურატურის გარდა მის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ მისული, ჟორჟოლიანი კი „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში მოითხოვდა მათ დაუყოვნებლიდ დაეტოვებინათ სახლი. პარალელურად კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილზე მივიდნენ მისი ადვოკატებიც.

„სუს-ი გავუშვი სახლიდან, სახლი თავისუფალია. ასე წავლენ „ქოცებიც". დარჩა პროკურატურა. ახლა დაიწყეს სახლის ჩხრეკა", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ტელეწამყვანს ჩამოართვეს ტელეფონი, მის საცხოვრებელ კორპუსთან კი მობილიზებული იყო პოლიცია.

ამის პარალელურად ჟორჟოლიანი წერდა, რომ ჩხრეკა დაიწყეს სხვა ფონდების დამფუძნებლებისა და მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის სახლშიც.

„მარიამის სახლშიც შევიდნენ. ოღონდ იქ ჩემი ძმა, რძალი და მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობენ. ტელეფონები გამოურთეს. არ უშვებენ არც მარიამს, არც ადვოკატს", - დაწერა მან.

ცოტა ხანში „ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.

„პროკურატურის განცხადება ვნახე. ანუ, რას მეუბნებით, ხალხო, პირდაპირ მიწერთ, რომ ქველმოქმედებისთვის მიდის ჩემი სახლის ჩხრეკა? განცხადების დამწერიც კი აღარ დაგრჩათ მაანდ?! ჩემთან ისევ ჩხრეკაა და ისევ ცეცხლი ოლიგარქიას!", - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ. ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქტივისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ პროკურატურის თანამშრომლები აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ. როგორც მან „რადიო თავისუფლებას" უთხრა, ამოღებულია მისი მობილური ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც ბინაში იყო. ამავე ინფორმაციით, მარიამ ბაჯელიძისთვის გადაცემულ განჩინებაში წერია, რომ დოკუმენტი გამოიცა 2 აპრილს 30-დღიანი მოქმედების ვადით.

როგორც მარიამ ბაჯელიძემ „ფეისბუკის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, პროკურატურის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ გამოძიება „საბოტაჟის მუხლით" მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც. მისი თქმით, ის ჯერ ავტობუსიდან ჩამოიყვანეს, შემდეგ მისი ბინა გაჩხრიკეს.

„ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. ესწრებოდა ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ლუკა ცხვედიანი. ძირითადად კარგად იქცეოდნენ, თუმცა ეს გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას, ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. ჩემი კომენტარი ისაა, რომ თვითონ პროკურატურის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის ეს საქმიანობა არის მთლიანად უკანონო. ის გამოძიება, რაც დაწყებულია „თბილისის ადამიანი უფლებათა სახლის" წინააღმდეგ, არის მთლიანად უკანონო გამოძიება და დევნა მიმდინარეობს უფლებადამცველი ორგანიზაციების, მთლიანად ეს მოქმედებები არის უკანონო.

„პირადი ჩხრეკის შემდეგ გამაცნეს მეორე განჩინება და გაჩხრიკეს ჩემი სახლი - ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი, ჩემი პირადი ტელეფონი ამოიღეს პირადი ჩხრეკისას. ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოკითხვაზე, ალბათ, დამიბარებენ. ამას შეიძლება მოჰყვეს დაკავება. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება. შესაბამისად, უფლებადამცველი ორგანიზაციები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ქართული ოცნების" შეფასება

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს.

„რაც შეეხება ჩხრეკებს, ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს. არ ვიცი ვინ ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ვინც ატარებს, დარწმუნებული ვარ, ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი. შესაბამის განმარტებებს პროკურატურა მოგცემთ, დარწმუნებული ვარ.

„გამოძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი ღონისძიება, რაც არის ხოლმე საჭირო, არის ჩხრეკა, იმისთვის, რომ სხვადასხვა მტკიცებულება იქნას ამოღებული. მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ჩაატაროს, რადგან იმ გამოძიებებს, რომელიც მიმდინარეობს, ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის - რასთან გვაქვს საქმე.

„ცალსახად ვხედავთ, რომ გარედან არის მცდელობა, მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ ამ მხრივ ქართველ ხალხს პასუხი უნდა გასცეს. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის გამოხმაურება

„კოალიცია ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პროკურატურის განცხადებაში არსებული შეუსაბამობის შესახებ წერს.

„ალეკო ცქიტიშვილის ორგანიზაციას ჰქვია „ადამიანის უფლებათა ცენტრი", ხოლო პროკურატურის განცხადებაში წერია „ადამიანის უფლებათა სახლი", რომელიც სხვა ორგანიზაციაა. რას ნიშნავს ეს? ახლა არ მაფიქრებინოთ, რომ სახელი შეგეშალათ", - წერს დოლიძე.

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აღნიშნავს, ახლა ქვეყანაში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედება.

„ჯერ ფონდები დახურეს, რომლებიც რეჟიმის მიერ ნაცემ და ცრუ ბრალდებებით დაკავებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახლა სახლებში შეუვარდნენ, იმიტომ კი არა, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია. ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსებით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება.

„ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა, იმიტომ, რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას. ეს არის ივანიშვილის პანიკა და ამ პანიკაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა შევხედოთ სერიოზულად - ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედებ", - წერს ვაშაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×