თამთა ჩაჩანიძე
29.04.2025

პარლამენტმა ვიცე-სპიკერ თეა წულკიანის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა 5 მაისიდან კიდევ ერთი თვით გაუგრძელა. კომისიას გაფართოებული აქვს მანდატიც და ის აღარ შემოიფარგლება „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით. ვადის გახანგრძლივებაზე დადგენილების მიღებამდე, სამშაბათს წულუკიანმა კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

შუალედური ანგარიშის წარდგენის დღეს, 29 აპრილს კომისიის რიგით 18-ე სხდომა ჩატარდა. კომისიის წევრებმა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მაყვალა გონაშვილს მოუსმინეს. მე-17 სხდომაზე კი, რომელიც 28 აპრილს შედგა, გამოიკითხა სპორტული ჟურნალისტი მამუკა კვარაცხელია, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ნემსაძე და თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე.

ამ კომისიის შექმნა პირდაპირ კავშირშია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებასთან - რომ უნდა მოხდეს წინა ხელისუფლების საქმისნობის შესწავლა და ამის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების აკრძალვა. წულუკიანის კომისია სწორედ ამისთვის აგროვებს შესაბამის მასალებს და სიმბოლურიც იყო, რომ შუალედური ანგარიშის მოსმენის დღეს პარლამენტმა ასევე მეორე მოსმენით მიიღო პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

პოლიტიკური და ანალიტიკური წრეების ნაწილი ამ კომისიას მმართველი პარტიის პოლიტიკური პიარის ახალ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელსაც „ოცნება" ამომრჩევლების თვალში თავისი ოპონენტების დისკრედიტაციის ფონზე საკუთარი უპირატესობის ჩვენებისათვის იყენებს. თუმცა, ამ თვალსაზრისით, კომისიას ჩავარდნებიც ჰქონდა.

ექსპერტების შეფასებით, განსაკუთრებით მომგებიანი იყო „ოცნებისთვის" ის სხდომები და გამოკითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა ენმ-ის ხელისუფლების დროინდელ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და 2008 წლის აგვისტოს ომს, თუმცა საუბრობენ ჩავარდნებზე. განსაკუთრებით ეს ეხება ექსპრემიერ გიორგი გახარიას გამოკითხვას 20 ივნისის საქმეზე და აფრასიძეების საქმეს.

სხდომებზე გამოკითხულ პირთა შორისაა: სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი, ჯონდი ბაღათურია, გიორგი გახარია, აფრასიძეების ოჯახის წევრები, ბუტა რობაქიძის მამა - სოსო რობაქიძე და დედა - ია მეტრეველი, ემზარ კვიციანი, ირაკლი ბათიაშვილი, გოგა ხაინდრავა, მამუკა ყურაშვილი, ზაზა გოგავა, შალვა ჯანაშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ ქარელი, პაატა დავითაია.

კომისიის სხდომები გადის როგორც ტელეკომპანია „მაესტროს" პირდაპირ ეთარში, ასევე საქართველოს პარლამენტის „ფეისბუქ" ლაივის მეშვეობით. კომისიის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი, მდივანი - სოზარ სუბარი. კომისიის წევრები არიან ილია ინჯია, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი - მან კომისიაში პაატა სალია ჩაანაცვლა, რომელიც იუსტიციის მინისტრად წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

შუალედური ანგარიში

თეა წულუკიანის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 13 თებერვლიდან 28 აპრილის ჩათვლით, საგამოძიებო კომისიამ 17 სხდომა გამართა და გამოკითხულ იქნა 55 პირი, მათ შორის - 37 დაზარალებული.

თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის (სხდომაზე გამოცხადება) არაერთი ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საგამოძიებო კომისიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა შემდეგ პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, გიორგი (გივი) თარგამაძე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, საგამოძიებო კომისიის სახელზე 397 განცხადებაა შესული, რომელთაგან დამუშავებულია 307 განცხადება. 307 განცხადებიდან 99 ეხება ქონებრივი უფლებების დარღვევას, 92 - წამებას/არაადამიანურ მოპყრობას, 11 - 2008 წლის აგვისტოს ომს, ხოლო 105 წერილი კი სხვადასხვა შინაარსისაა.

თეა წულუკიანის განაცხადებით, მოცემული ეტაპისათვის, დამუშავებულია 100-მდე მოცულობითი დოკუმენტი. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის სხვადასხვა თემატური თავის შედგენა წარმატებით მიმდინარეობს, რის შედეგადაც, ამ დოკუმენტის 200-მდე გვერდი უკვე მომზადებულია.

„მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, საქართველოს ისტორიაში უკვე დოკუმენტურადაც ვეღარ შევა იმად, რადაც მათ უნდოდათ, რომ საკუთარი თავი მცდარად შეეყვანათ. ის ვეღარ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული სახელმწიფოსთვის ამაგის დამდები, თუ როგორც თავად ამბობს, ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, რაც თავისთავად, ტყუილი იყო. ყოველ შემთხვევაში, თუ იმ იმედს გაამართლებდა, რითაც ის ხალხმა თავიდან აღჭურვა, პოზიტიურად მაინც შეეძლო შესულიყო ქართულ ისტორიაში.

„ის ვერ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც დადებითი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვერც მისი გუნდის წევრები და არა მხოლოდ. ჩვენი მიზანია, რომ ფაქტებზე დაყრდნობით და არა იმაზე, მე რა მგონია, ან თქვენ რა შეიძლება გეგონოთ, ან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს რა წარმოუდგენია, ვაჩვენებთ, რომ ეს ჯგუფი, კრიმინალური ბანდა, აღმაშენებელი და აღმშენებელი კი არ იყო, არამედ ეს რეალურად იყო ახალი ქართველის შექმნის მსურველი ძალა, რომელმაც არ დაინდო ჯარი, არ დაინდო პატიმარი, არ დაინდო ქალი, არ დაინდო ბავშვები. ბავშვებით იყო ქართული ციხე გადატენილი. არავინ არ დაინდო, რეალურად. არ დაინდო საკუთარი სამშობლო, გაწირა, ტერიტორიები დაკარგა, კიდევ უფრო გაამყარა მტერი სახელმწიფოს, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ინტერესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ა.შ. ეს ყველაფერი ისტორიულად დარჩება ჩვენი პარლამენტის არქივში", - განაცხადა წულუკიანმა.

ასრულებს თუ არა კომისია მთავარ ფუნქციას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კომისია თავის ფუნქციას ასრულებს.

„წესით, ამ კითხვაზე პასუხი სოციოლოგიურმა კვლვებმა უნდა გასცეს, თუმცა, ჩემი მოსაზრებით, რომელიც ძირითადად „ფეისბუქის" თვალიერებით მაქვს ჩამოყალიბებული (ეს სანდო არაა, რადგან „ფეისბუქში" შენი წრე გყავს და მთელს საზოგადოებაზე ვერ გავრცელდება), რეაქციები ძალიან მძაფრია. „ოცნების" მომხრეებს, ან ნეიტრალურებს იმის განცდა აქვთ, რომ თურმე რა ხდებოდა და დაგვავიწყდაო, ახლა კი ამ კომისიამ აღგვიდგინა მეხსიერებაშიო.

„არის რეაქციების მეორე რიგი - წულუკიანის და ამ კომისიის მიმართ აგრესია. ეს ძირითადად ოპოზიციონეებისაა და კომისიის მიმართ ეს გამწარება სავარაუდოს ხდის, რომ თავის მიზანს მიაღწია.

„მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური პიარის ფუნქციით დაწყებული კამპანია, არამედ უფრო მგონია, რომ მასალები მზადდება უცხოეთისთვის -დოკუმენტურ საფუძველზე დაყრდნობილი აღიარებითი ჩვენებები „ნაცმოძრაობის" პორტრეტისთვის.

„საქართველოთი უკმაყოფილო ბევრ უცხოელ აქტორს ეტყობა, რომ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის" მოყვანა უნდა, ამ კომისიას კი იმის ჩვენება უნდა, თუ ვისი მოყვანა უნდათ მათ. ოღონდ ამას როგორ გამოიყენებენ, არ ვიცი, რადგან მხოლოდ ნამუსის იმედად ყოფნა არ მგონია სწორი იყოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კომისიამ „ოცნების" მოლოდინები ვერ გაამართლა და დრო ამიტომაც გაუხანგრძლივეს.

„ამ კომისიის მუშაობას ელექტორატში დიდი ცვლილებები არ აქვს და ვერც ექნება. ელექტორატი ამას ისეთი განწყობით არ უყურებს, რომ აქ მართლაც ჭეშმარიტების დადგენაზე იყოს ლაპარაკი. საქართველოში ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის და ფართო საზოგადოება ხვდება, რომ თავად პროცესი არის არა საგამოძიებო, არამედ პოლიტიკური, სადაც ჭეშმარიტების დადგენაზე კი არაა ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა" როგორმე გააშავონ.

„ამიტომაც ამ კომისიის მუშაობამ დიდი ინტერესი და აჟიოტაჟი ვერ გამოიწვია და ვერც გამოიწვევდა. საზოგადოებაში იმის შეგრძნება რომ იყოს, რომ კომისია მართლაც იქნებოდა ნეიტრალური, მაშინ გაცილებით სხვა ეფექტი ექნებოდა. ამიტომაც თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ სამთვიანი ვადა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ეს ეფექტი შეექმნათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომეს საკმარისი არაა და გაუხანგრძლივეს.

„ოცნება" ცდილობს ეს ადგილობრივი არჩევნებისთვის გამოიყენოს. კომისიის დასკვნა ალბათ იქნება სექტემბრის შუა რიცხვებში, ან სექტემბრის ბოლოს - იმ დროისთვის, როცა არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შევა. პროპაგანდისტული თვალსაზრისით ძნელი წარმოსადგენია, რომ ელექტორატში რაიმე მნიშვნელოვანი გადანაწილება გამოიწვიოს. არა-„ნაციონალურმა" ოპოზიციურმა ელექტორატმა მშვენივრად იცის რას წარმოადგენდა „ნაცმოძრაობა", - განაცხადა ძაბირაძემ.

მთავარი მიღწევები და ჩავარდნები

როგორც ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" განაცხადა, ჩაითვალა, რომ ერთ-ერთ ხმაურიან სხდომაზე ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ წულუკიანს აჯობა, თუმცა გახარია გულწრფელი არ იყო, შესაბამისად, საყვარელიძის შეფასებით, ეს წარმატება არაა.

„გახარიას მისვლა მართლაც თვალში საცემი იყო და ყველას ინტერესს იმსახურებდა - რას იზამდა, ვინ ვის აჯობებდა და ა.შ. ჩვენთან ძალიან ხშირად აკეთებენ აქცენტს, თუ ვინ ვის აჯობებს და ჩათვალეს, რომ გახარიამ აჯობა წულუკიანს და კომისიას.

„მე ამ დიალოგს ჯობნის ნიშნით არ შევაფასებდი, ყველაფერი ჯობნაზე ხომ არაა? უფრო შევაფასებდი იმით, თუ რამდენად გულახდილი იყო გახარიას მსჯელობა და ჩემი აზრით, ძალიან არაგულახდილი იყო. ესე იგი გამოჩნდა განცდა, რომ ის ტყუოდა. თუ საგრძნობია, რომ ადამიანი ტყუილს, ის უკვე წარმატებული აღარაა და რას ნიშნავს „აჯობა"?

„კომისიამ მიზანს მიაღწია და ხალხს გახარიას პოლიტიკური სახე დაანახა და ვერ ვიტყოდი, რომ ეს სხდომა მაინცდამაინც წამგებიანი იყო.

„აფრასიძეებს რაც შეეხება, ჯერ ვნახოთ ბოლოს კომისია ამაზე რას იტყვის. არგუმენტაცია იყო უფრო მოულოდნელი იმ მხრივ, რომ თვითონ აფრასიძეების ფიგურა არაა არსენა მარაბდელი და მარტო პოზიტიურად არ ფასდება აფრასიძეების ცხოვრება და ამან შეცვალა დამოკიდებულება მთლიანად იმ სადამსჯელო ოპერაციის მიმართ. აქაც ტერმინი - „ვინ ვის აჯობა" - არ გამოდგება ისევე, როგორც გახარიაზე. თუმცა, მგონია, რომ უფრო მეტი დეტალი რომ წამოწეულიყო და კომისია უფრო მეტად მომზადებულიყო, სიძნელეები მოიხსნებოდა", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, „ოცნებამ" პიარულად მოიგო ისეთ სხდომებზე, სადაც, მაგალითად, მიწვეული იყო ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი, ემზარ კვიციანი, ია მეტრეველი, სოსო რობაქიძე.

„მემგონი ეს სხდომები „ნაციონალური მოძრაობსთვის" წამგებიანი იყო - გენერლებით დაწყებული, რომელთა ამოტივტივება 2008 წლის ომთან იყო დაკავშირებული და ასევე ისინი, ვინც თავად იყვნენ დაჩაგრული „ნაცმოძრაობის" მიერ, იგივე ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც სატელეფონო საუბრის გამო ჩასვეს ციხეში. ეს ყველა ფრაგმენტი ფაქტია, რომ ენმ-ის საწინააღმდეგოდ მუშაობდა, იმ საკითხიდან დაწყებული - ვინ დაიწყო ომი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, პიარულად რომელი სხდომებით მოიგო „ოცნებამ" და რა ჩავარდნები ჰქონდა კომისიას, ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ გვითხრა:

„მე პირადად ამ პროცესების მაყურებელი არ ვარ. შერჩევით ხდება ვიღაცეების მოყვანაც, საქმეების წინ წამოწევაც. წულუკიანზე და კომისიაში შემავალ თითქმის ყველა წევრზე უკეთესად ვიცი რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა" და მე რომ მათი ოპოზიცია ვიყავი, ბევრი მათგანი ან დუმდა, ან ენმ-ს ეგიდით სადღაც მსახურობდა. მათგან მე არც რაიმეს ველოდები და არც ის მგონია, რომ მათ მართლაც ობიექტურად რაიმე აინტერესებდეთ. მათ უნდათ პიარი და ვუყრებ, რომ ამას შედეგი არ მოაქვს.

„სჯობდა გახარია საერთოდ არ მისულიყო, ან სხვანაირად ემოქმედა, თუმცა ამ სხდომას ბოლომდე არ მიყურებია.

„აფრასიძეებთან მიმართებით მართლაც ჩავარდნა იყო, „ოცნების" მხრიდან მოლოდინი მეტი იყო. აფრასიძეების ქმედებები სამართლებრივი ფორმიდან შეიძლება მართლაც გასული იყო, ოღონდ მათზე ლაპარაკი ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლამდეც ბევრი იყო", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×