
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი ამბობს, რომ ამერიკას ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება აღარ შეუძლია და ნატოს ევროპელმა წევრებმა თავდაცვის ბიუჯეტი 5%-მდე უნდა გაზარდონ.
უოლცის განცხადებით, აშშ ფაქტიურად უარს ამბობს ევროპის დავცაზე, თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებების მიმღები პირების განცხადებები სხვა რამეზე მეტყველებს.
გარდა ამისა, ექსპერტების შეფასებით, ევროპა საფრთხეების პრევენციაზე აქტიურად მუშაობს - იქმნება ევროკავშირის ფარგლებში 800 მილიარდიანი თავდაცვითი ფონდი და ამასთან, დიდი ბრიტანეთის ჩართულობით არაფორმალური სამხედრო ალიანსის კონტურები იკვეთება.
ანალიტიკოსების თქმით, შეერთებული შტატები საბოლოო ჯამში ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირებიდან არ გავა.
გავა თუ არა აშშ ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირებიდან
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ არ გავა ნატოს ფარგლებში ევროპის თავდაცვის დაფინანსებიდან.
"ეს უფრო ტრამპის მრჩევლის პირადი მოსაზრებაა, ჯერჯერობით ეს საკითხი ოფიციალურად არ დასმულა და თავდაცვის მინისტერიალზე, სადაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მონაწილოებდა, პირიქით, განაცხადა, რომ ამერიკა გარკვეულწილად აძლიერებს ევროპული თავდაცვის მიმართულებას.
"ტრამპმაც ბოლო განცხადებებით თქვა, რომ პუტინი უნდა მოარჯულოს, შესაბამისად, რუსული სამხედრო ძალის შეკავება ძალაშია. მთავარია, ტრამპი, სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი რას იტყვიან, ეს სამი ადამიანი წყვეტს ამ საკითხებს. მრჩევლებს გადაწყვეტილებებში ნაკლებად ეკითხებათ",- განაცხადა მაისაიამ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც "რეზონანსთსთან" ამბობს, რომ აშშ არ გავა.
"ამერიკა საბოლოო ჯამში მაინც არ გავა, ის ევროპაში საჯარისო კონტინგენტს მაინც შეინარჩუნებს, დღეს აშშ-ს 65-დან 80 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ევროპაში განთავსებული. უოლცის განცხადების პარალელურად, მაიკ რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა ნატოში რჩება.
"ნატოს ფარგლებში სამხედრო ხარჯების 70%-ზე მეტი აშშ-ზე მოდიოდა, ერთის მხრივ აღნიშნულის შემცირებას აპირებს, მაგრამ აქაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ერთი ვერსიით, თითქოს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად, დაახლოებით 8%-ით უნდა შემცირდეს, მეორე ვერსიით, პირიქით, ბიუჯეტმა ტრილიონ დოლარს უნდა გადააჭარბოს. ოღონ ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ევროპის თავდაცვისთვის მეტი თანხა გამოიყოფა, ამის ფარგლებში ტექნოლოგიები უნდა განავითაროს, რომ მეტი მოგება ამოიღოს",- განაცხადა ჩიტაძემ.
მუშაობს თუ არა საფრთხეების პრევენციაზე ევროპა
ვახტანგ მაისაიას თქმით, მიუხედავად ამისა, ევროკავშირი საფრთხეების პრევენციაზე მაინც მუშაობს ევროპის უსაფრთხოების კონტექტსტში.
"ევროკავშირი უკვე მუშაობს, მათ ერთიანი ევროპული თავდაცვის ფონდი შექმნეს, რომელიც გერმანელების ინიციატივაა, ფაქტიურად შეიქმნა, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და პლიუს დიდი ბრიტანეთის არაფორმალური ევროპული ალიანსი. დღეს ევროპული უსაფრთხოება დგას ოთხი დიდი ევროპული ნატოს წევრი სახელმწიფოს სამხედრო ძალის გაერთიანებაზე, ისინი ევროპის დავდაცვის ახალი მიდგომების შემუშავებაზე არიან ორიენტირებულოები.
"ამ ოთხმა სახელმწიფომ დაიწყეს ევროპული თავდაცვის საკითხების მოგვარება. დიდმა ბრიტანეთმა წამოაყენა იდეა, რომ შეიქმნას ერთიანი სადაზვერვო სამსახურების საკოორდინაციო ჯგუფი. თუ ამერიკელებიც ჩაერთვებიან, ხომ კარგი, თუ არა და, ეს ბრიტანეთის ეგიდით განხორციელდება და სავსებით საკმარისი იქნება რუსული აგრესიული ქმედებების შესაკავებლად, თუ ამერიკელები გვერდზე გაიწევენ, თუმცა, ისინიც არ აპირებენ განზე გაწევას.
"აბუ-დაბის კონფერენციისა და მიუნხენის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა დაადგინა, რომ უკვე საერთაშორისო წესრიგი ოთხპოლუსიანი იქნება - ევროპა (ევროკავშირი) იქნება ერთ-ერთი გავლენის ცენტრი. ევროპას აქვს იმის ფინანსები, რომ თავადაც შეუძლიათ აშშ-ს გარეშეც გაძლოს და გამოწვევებსაც გაუმკლავდეს ბრიტანეთის ჩართულობით",- განაცხადა მაისაიამ.
ნიკა ჩიტაძეც "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპა საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს.
"ევროპა საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კაია კალასმაც განაცხადა, რომ 800 მილიარდიანი თავდაცვითი ფონდი უნდა შეიქმნას, რათა ევროპის ქვეყნები შეიარაღებით უზრუნველყოფილნი იყვნენ. თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას გერმანიაც აპირებს.
"დღეს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი ევროპის თავდაცვის ბიუჯეტს აღემატება. რაც ომი დაიწყო, დაფინანსება 41%-ით გაზარდა, ამიტომაც დღეს ევროპას დამატებით 300 ათასი სამხედრო მოსამსახურის, 4 ათას ერთეულამდე ტანკის და ათას ერთეულამდე საბრძოლო თვითმფრინავის მობილიზება სჭირდება, რომ ამერიკის გარეშე რუსეთის საფრთხეებს გაუმკლავდეს და ახლა ამ მიმართულებით მუშაობს.
"ამის რესურსი ევროპას გააჩნია, ჯერ ერთი, ევროკავშირის მშპ 20 ტრილიონ დოლარს აღემატება, ამას დიდი ბრიტანეთის პოტენციალი ემატება, ამასთან ნორვეგიას გააჩნია 5 ტრილიონიანი ფონდი, ამ ორ ქვეყანას დიდი ფინანსური რესურსი გააჩნია და შეუძლიათ ევროპის უსაფრთხოებაში უფრო დიდი ფინანსური წვლილი შეიტანონ",- განაცხადა ჩიტაძემ.
იბრუნებს თუ არა ძველ ფუნქციას ნატო
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, ნატო ძველ ფუნქციას იბრუნებს.
"ამერიკელები ნატოდან გასვლას არ აპირებენ, კონგრესმა სპაციალური დადგენილება მიიღო, რომელიც პრეზიდენტის ბრძანების მიუხედავად, არავის მისცემს უფლებას, რომ ნატოდან გამოვიდეს, ეს ჩამკეტი მექანიზმი უკვე საკანონმდებლო დონეზეა მიღებული, ამიტომ თუ თავად ნატოს 32 წვერი სახელმწიფო ერთობლივად არ გადაწყვეტს ალიანსის დაშლას, მანამდე ვერავინ ვერ დაშლის ნატოს.
"უნდა ითქვას, რომ დღეს ნატო ძველ ფუნქციას იბრუნებს, ბოლოდროინდელი შეხვედრები და განცხადებები ამის მანიშნებელია, რომ კოლექტიური თავდაცვის პრინციპს დაუბრუნდა და ის აგრძელებს რუსული სამხედრო აგრესიის შეკავებას. ევროპას ნატოსა და მისი მთავარი მოკავშირის იმედი უნდა ჰქონდეს, თუ არა და პრევენციულ ზომებზეც მუშაობენ 3+1 ფორმატში - ევროკავშირის სამი სახელმწიფო და დიდი ბრიტანეთი",- განაცხადა მაისაიამ.
როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსს" ეუბნება, ნატო ნაძილობრივ მუშაობს ვითარების გაუმჯობესებაზე, თუმცა, ევროპის უსაფრთხოებაზე მეტ ვალდებულებას ევროკავშირი იღებს.
"ნატო ძველი ფუნქციის დაბრუნებაზე ნაწილობრივ მუშაობს და ის კვლავ რჩება მნიშვნელოვან ალიანსად, მაგრამ, ევროპის უსაფრთხოებაზე უფრო მეტ ვალდებულებას ევროკავშირი იღებს. თავის დროზე ევროკავშირის ფარგლებში საერთოდაც ევროპული არმიის შექმნა იგეგმებოდა.
ეს 800 მილიარდიანი ფონდი იქნება ევროკავშირის და არა ნატოს განკარგულებაში. საერთო ჯამში, ევროკავშირი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მოთამაშე იქნება, ამ მხრივ 3-4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოხდება",- განაცხადა ჩიტაძემ.
უკრაინა - ევროპის უსაფრთხოების მთავარი შემაკავებელი
ზაფხულში რუსეთი სამხედრო მომზადების საბაბით ბელარუსში "რაღაცას ამზადებს". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "სამი ზღვის ინიციატივის" სამიტზე განაცხადა.
"შეხედეთ ბელარუსს - ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო სწავლებების საბაბით. როგორც წესი, სწორედ ასე იწყება ხოლმე მისი ახალი თავდასხმები. მაგრამ ამჯერად სად? არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ყველა ჩვენი ინსტიტუტი მზად არის თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა თებერვალში განაცხადა, რომ 2025 წელს ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად რუსეთი 15 დივიზიის მომზადებას გეგმას, რომელთა რაოდენობა 100-150 ათას სამხედროს შეადგენს.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინა ევროპის უსაფრთხოების მთავარი შემაკავებელია რუსული აგრესიისგან.
"უკრაინა ევროპული უსაფრთხოების მთავარი შემაკავებელია, რუსეთისთვის უკრაინის მერე ევროპა შემდგომი დარტყმის ობიექტია. რუსეთი უკვე საარმიო კორპუსს ავითარებს და პირდაპირ ემუქრებიან ჩრდილოეთ ვეროპას და სკანდინავიურ სახელმწიფოებს, ეს ფაქტიურად პირდაპირი მუქარაა.
"ზელენსკის განცხადებაც ამას უკავშირდება, რომ ევროპის საფრთხე სავსებით რეალურია, განსაკუთრებით სუვალკის კორიდორთან დაკავშირებით, შესაძლოა რუსებმა ამ კორიდორის გამო შეზღუდული სამხედრო კონფლიქტი დაიწყოს, სადაც ჩაითრევს ლიეტუვას და პოლონეთს. ამჯერად უკვე ყველა ვარიანტში ამოქმედდება ნატოს მეოთხე და მეხუთე მუხლები",- განაცხადა მაისაიამ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ასევე გვეუბნება, რომ უკრაინა რუსული აგრესიის მთავარი შემაკავებელია.
"უკრაინა ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელია, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები უწევენ მთავარ წინააღმდეგობას რუსეთს. უკრაინა ალბათ ევროპის და მსოფლიო უსაფრთხოებოს გარანტიცაა, რადგან ქმნის პრეცედენტს იმისას, რომ რუსეთის შეკავება შესაძლებელია.
"ყველაზე უარესი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, ღმერთმა არ ქნას და თუ რუსეთი უკრაინაზე იმარჯვებს, მაშინ ალბათობა იარსებებს იმისა, თან აშშ თუ ევროპის დაფინანსებას შეამცირებს, რომ რუსეთმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე შეტევა მიიტანოს.
ისარგებლებს იმით, რომ ამ ომში ამერიკა არ ჩაერთვება, საფრთხე რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა. უკრაინამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს იმისთვის, რომ ყველანაირი შესაძლებლობა მოისპოს იმისთვის, რომ რუსეთმა, ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე მიიტანოს იერიში, პირველ რიგში საუბარია ბალტიისპირეთზე",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებს უოლცი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ნატოელი მოკავშირეების სუბსიდირება აღარ შეუძლია.
„შეერთებულ შტატებს, 33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, ფაქტობრივად აღარ შეუძლია ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება", - აღნიშნა ვოლცმა "ნიუ იორკ პოსტ"-თან ინტერვიუში.
მან გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება, რომ ნატო-ს წევრებმა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს მინიმუმ 5%-მდე გაზარდონ.
„გავიხსენოთ, რომ 11 წლის წინ ნატო-მ - როგორც ჯგუფმა, მისმა ყველა წევრმა - აიღო ვალდებულება 2%-ის ოდენობაზე. ეს იყო მინიმალური მოთხოვნილება 2014 წელს. რა მოხდა 2014 წელს? უკრაინაში პირველი შეჭრა, ყირიმის ანექსია. ეს უნდა ყოფილიყო გამოფხიზლების ზარი, რათა ყველას მინიმალური მოთხოვნილების 100%-მდე მიეღწია", - აღნიშნა უოლცმა.
მისი თქმით, გასაოცარია, რომ ახლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ომის ფონზე, ნატო-ს ქვეყნები კვლავ ჩამორჩებიან.
„ჩვენ ჯერ კიდევ კარგი გზა გვაქვს გასავლელი და გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა გადაიხადონ თავიანთი სამართლიანი წილი, გაიზიარონ ეს ტვირთი", - განაცხადა უოლცმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინისთვის მომავალში დახმარების გაწევა ევროპის ხელმძღვანელობით უნდა მოხდეს", - აღნიშნა უოლცმა.