
9 მაისის აღლუმის მოახლოებასთან ერთად მოლოდინია, რომ კიევი მოსკოვში სიუპრიზის მოსაწყობად ემზადება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უკრაინელებმა აღლუმის ჩასაშლელად მოსკოვში ტერაქტი, მასირებული, ან სადაზვერვო დივერსიული აქტი განახორციელონ.
„შესაძლოა უკრაინელებმა მასირებული დრონებით შეტევა განახორციელონ და ეცადონ აღლუმის ჩაშლა. არც ისაა გამორიცხული, რომ სადაზვერვო დივერსიული აქტი განახორციელონ. სავარაუდოდ, ეს ორი ვარიანტი განიხელება", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
რუსული მედისაშუალებების ინფორმაციით, მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმს 18 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. გამოცემა RBC შესაბამის ინფოგრაფიკასთან ერთად ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამსწრეთა სია ასე გამოიყურება: ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი; ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი, ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა - ბრაზილია; იბრაჰიმ ტრაორე - ბურკინა ფასო, ნიკოლას მადურო - ვენესუელა, ტო ლამი - ვიეტნამი; კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - ყაზახეთი; სადირ ჟაპაროვი - ყირგიზეთი; სი ძინპინი - ჩინეთი; მიგელ დიას-კანელი -კუბა; მაჰმუდ აბასი - პალესტინა; მილორად დოდიკი - სერბთა რესპუბლიკა, ალექსანდრ ვუჩიჩი - სერბეთი; რობერტ ფიცო - სლოვაკეთი; ემომალი რაჰმონი - ტაჯიკეთი; გურბანგული ბერდიმუხამედოვი - თურქმენეთი; შავკატ მირზიოევი - უზბეკეთი.
მოწვევები ასევე გაეგზავნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის და მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნაგიინ ხურელსუხს, თუმცა მათ ჯერ არ დაუდასტურებიათ, ჩავლენ თუ არა მოსკოვში. გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღონისძიებას არ დაესწრება.
ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ 9 მაისის აღლუმს დაესწრება „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბადრა გუნბა", რომელიც „სახელმწიფო ლიდერების" ჩამონათვალშია.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კიევში ფიქრობენ, 9 მაისის აღლუმის ჩაშლა ეფექტური იქნება, თუმცა, მას უჭირს თქმა რა სიუპრიზს შეიძლება ამზადებდნენ უკრაინელები.
„სიუპრიზის არსი იმაში მდგომარეობს, რომ როცა ეს მოხდება, მისი შინაარსიც მერე გაჟღერდება. ამ საკითხზე რაღაც საუბრები სულ არის და მართალი გითხრათ არც ვიცი რა იგეგმება. არც შეიძლება ვიცოდე რა ტიპის სიუპრიზი შეიძლება იყოს.
„თუმცაღა ყველაფერი არის მოსალოდნელი, თუნდაც მოსკოვში ტერაქტი, ან რაღაც ახალი გარკვეული შეტევა უკრაინელების მიერ ფრონტზე, ნამვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვერ გეტყვით. ერთადერთი ვიცი ის, რომ კიევში ფიქრობდნენ, ეფექტური იქნება 9 მაისის ღონისძიებისთვის ხელის შეშლა, მაგრამ არ შემიძლია გითხრათ, ეს რამდენად გამოუვათ. ყოველ შემთხევაში ამ თემაზე სოციალურ ქსელებში საუბარი იყო", - განაცხადა მამუკა არეშეიძემ „რეზონანსთან".