ნატალია ჯვარიძე
01.05.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთშაბათს ხმაური და დაპირისპირება იყო. შსს „გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და „ახალის" პრესსამსახურის წარმომადგენლების, ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიას პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ მათ 4000-4000- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მათ პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფა ედებათ ბრალად.

ბაღათურიასა და ყურაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე მათ მიერ სავარაუდო შეურაცხყოფის ინციდენტს, რასაც თავად ორივე უარყოფს. შსს მათთვის პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლე, დავით თეთრაულმა პატიმრობის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა ჯარიმა დააკისრა.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი მირიან ქავთარაძე, სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაზარალებული-მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სასამართლო შენობას ტოვებდა.

მირანდა ბაღათურია დაშინებაზე საუბრობს და ამბობს, რომ აქ უბრალოდ შურისძიების ამბავია.

„მეორე სართულზე ვიყავი, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და იქედან გამომდინარე, რომ მისი პრესსამსახური ვარ, ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა ამ პროცესზე დასწრება. პარალელურად მიმდინარეობდა ჩემი მეგობრის, საბა სხვიტარიძის პროცესი. როდესაც ატყდა აქ ჩოჩქოლი, მე ვიმყოფებოდი ზედა სართულზე. ნიკა აძლევდა ინტერვიუს ჟურნალისტებს და ბუნებრივია, ბოლომდე ვიდექი იქ. შემდეგ, როდესაც ჩამოვედი და გარეთ გამოვედი, მირიან ქავთარაძეს უკვე დატოვებული ჰქონდა შენობა.

„მთავარი ის არის, რომ მოწმეები არიან, რომლებიც მეუბნებიან, რომ თითქოს ფოიეში დამინახეს. პირდაპირი „ლაივსტრიმი" არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სადაც ჩანს, ნიკა გვარამიას პროცესზე როგორც შევედი, დასრულების მერე გამოვედი. შსს, ჩემი აზრით, იმიტომ ითხოვს ჩემი და ანა ყურაშვილის პატიმრობას ადმინისტრაციულით, რომ ეს არის პირდაპირი დაკვეთა. მირიან ქავთარაძე ვნახეთ, რომ არის ეზოში. მე ვარ ერთ-ერთი მთავარი მოწმე საბა სხვიტარიძის საქმეზე. აქედან გამომდინარე, როგორც ყოფილი ჟურნალისტი და როგორც მთავარი მოწმე, ზუსტად ვიცი, რომ, როდესაც ხარ დაინტერესებული პირი, ხარ საქმის მთავარი მოწმე, არათუ პროცესზე გეკრძალება დასწრება, ახლოსაც კი არ უნდა იყო, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს.

„დაშინებაზე მეტად მე მგონია, რომ შურისძიების მცდელობაა. არ ვართ დაშინებულები. მართლა ფეხებზე მკიდია, ბოდიში. მე მგონი, რომ უბრალოდ შურისძიების ამბავია. უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ვისაც იცნობდნენ: მირანდა ბაღათურია, ანა ყურაშვილი ჩაეწერათ, რომ ამათმა დაუძახეს. 4 მოწმე გამოვიდა და ჩემთან მიმართებაში ვერცერთი ვერ ამბობდა, ზუსტად რას ვამბობდი და ყველა ამბობდა, რომ ეზოში მირიან ქავთარაძემ რომ დატოვა უკვე შენობა, მერე დამინახეს," - თქვა მირანდა ბაღათურიამ „ტვ პირველთან".

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია „ფეისბუზე" წერს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „ნაძირალა ჯალათებო! ორსული ქალების დარბევაზე და პატარა გოგოების დაჭერებზე გადახვედით უკვე თქვე ფარჩაკებო?! თქვენი ქართველობა არ გაიშვა თქვენს იქეთ, მათხოვარო პუტინისტებო! ისეთს გადაიჩეხებით, ფეხზე ვერ ადგებით და წელში ვერ გაიმართებით ვერასდროს, ქვეყნის გამყიდველებო!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×