რეზონანსი
02.05.2025

საქართველო უნდა შეეგუოს, რომ სოხუმის აეროპორტი სრულად ამუშავდება, თვითმფრინავებს მიიღებს და ფრენების გეოგრაფიაც გაფართოვდება - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოლუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უნდა შეეგუოს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

„საქართველოში, საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ჩვენი აეროპორტი უკანონოდ გამოაცხადეს, მაგრამ კანონი ხალხისთვის უნდა მუშაობდეს. ხალხის მოხერხებულად და მოქნილად გადაადგილება მთავარი საკითხია, რასაც რუსეთთან ერთად და რუსეთის დახმარებით განვახორციელებთ. საქართველო კი უნდა შეეგუოს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა.

სოხუმის, ბაბუშერას აეროპორტი 1950-იანი წლებში აშენდა და ის სოხუმიდან 18 კმ-ში მდებარეობს.

ცნობისთვის: 1 მაისს, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თვითმფრინავი, თითქმის, სრული დატვირთვით, ანუ ბორტზე 49 მგზავრით აფრინდა. თბილისის დროით, დაახლოებით, 19:20 საათზე თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში წარმატებით დაეშვა. პირველი რეისით სოხუმში, ტურისტების გარდა, რუსი და აფხაზი არტისტები, ევგენი კნიაზევი და ალისა გიცბა, ასევე, რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი, ალხას კვიცინია ჩაფრინდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლოატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×