
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის კარდიოლოგი ამბობს, რომ პრეზიდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი მოვალეობის შესრულებას ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს ვერ დაესწრება.
პრეზიდენტის კარდიოლოგი, დრაგან დინჩიჩი ამბობს, რომ პრეზიდენტს ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთი პრობლემა რამდენჯერმე ჰქონდა, რაც დაკავშირებულია მაღალ არტერიულ წნევასთან.
„დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ამერიკაში ყოფნისას პრეზიდენტმა ვუჩიჩმა გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომელიც ცოტა ხანს გაგრძელდა – მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე წამი, რაც არ შეესაბამება ოთახში მყოფი სხვა ადამიანების ნათქვამს, რომლებიც ამბობენ, რომ ტკივილი უფრო დიდ ხანს გაგრძელდა“, – თქვა დინჩიჩმა.
დინჩიჩმა განაცხადა, რომ საჭირო გამოკვლევებისა და ტესტების ჩატარების შემდეგ, ექიმებმა დაასკვნეს, რომ ვუჩიჩის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილური და დამაკმაყოფილებელია“.
ექიმებმა ვუჩიჩს რეგულარული დაკვირვებისა და მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია მისცეს.