თამთა ჩაჩანიძე
04.05.2025

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" 12 საპარლამენტო მანდატის საკითხი უახლოეს პერიოდში ისევ აქტუალური გახდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით იმოქმედებენ და საგაზაფხულო სესიის დასრულებას ელოდებიან. თავად ექსპრემიერის პარტია უარს ამბობს მანდატების გაუქმების მოთხოვნით განცხადების დაწერაზე და აცხადებს, რომ მაისში ეს „ისედაც" მოხდება. შესაბამისად, მმართველი პარტია არჩევანის წინაშეა - გააუქმოს ბოლო ოპოზიციური მანდატები, თუ გააჭიანუროს პროცესი და ფორმალურად მაინც შეუნარჩუნოს პარლამენტს მრავალპარტიულობა.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის", 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პარლამენტში 12 ადგილი მიიღო, თუმცა, სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, მათ არც საარჩევნო სია ჩახსნეს და არც საპარლამენტო მანდატების გაუქმების განცხადება დაწერეს.

თავად ექსპრემიერი პარტიაში ამის მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ მათი მხრიდან პარლამენტი სახელზე ოფიციალური განცხადების დაწერა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარება იქნებოდა. ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ არ მიიღებდნენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, მანდატები კი მაისში „ისედაც გაუქმდებოდა".

მაისიც დადგა და სავარაუდოდ, თვის შუა რიცხვებში პარლამენტს ამ 12 მანდატის გაუქმების საკითხის განხილვა მოუწევს.

არსებული წესის მიხედვით, როდესაც მანდატის მქონე დეპუტატი პარლამენტში გააცდენს მორიგი, ანუ საგაზაფხულო სესიის ნახევარზე მეტს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მას მანდატი გაუუქმოს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თავად გახარიასთვის მანდატებს მხოლოდ დაფინანსების მხრივ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამის გარდა სხვა დაფინანსების წყარო მას არ აქვს. ნაწილი ექსპერტებისა ელის, რომ „ოცნება" რეგლამენტის გათვალისწინებით მოიქცევა და გაუუქმებს მანდატებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მაინც გააჭიანურებს პროცესს, რადგან პარლამენტს ფორმალურად მაინც შეუნრჩუნოს მრავლაპარტიულობა.

რა წერია რეგლამენტში

რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

ამასთან, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა რეგლამენტის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

„ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ თუ გიორგი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში არ შევლენ, მათ მიმდინარე წლის მაისში მანდატებს შეუწყვეტენ. როგორც სუბარმა „რადიო სივრცეში" სტუმრობისას განაცხადა, არსებული წესის მიხედვით, როდესაც მანდატის მქონე დეპუტატი პარლამენტში გააცდენს მორიგი, ანუ საგაზაფხულო სესიის ნახევარზე მეტს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მას მანდატი გაუუქმოს.

„თქვენი ეთერიდან ვიძლევი პირობას, რომ მათ მანდატებს შევუწყვეტთ!", - განაცხადა სუბარმა.

ის დარწმუნებულია, რომ გახარიას პარტია ამის გამო პარლამენტში შევა.

„შემოსვლა ახლაც უნდათ, მაგრამ ეშინიათ დანარჩენი ოპოზიციის ბულინგის. აი, როგორც მე თქვენ გიყურებთ, ისე დავინახავთ, როგორ შემობრძანდებიან პარლამენტში", - აცხადებდა სუბარი.

წავა თუ არა „ოცნება" გახარიას მანდატების გაუქმებაზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" პროცესის გაჭიანურებას არ შეეცდება და მოიქცევა ისე, როგორც რეგლამენტითაა გათვალისწინებული.

„მემგონი „ოცნება" ამაზე (გაჭიანურებაზე) არ წავა, რადგან, ჯერ ერთი, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა გამოდის და ამაზე, რა თქმა უნდა, ოპოზიციას რეაქცია ექნება და რომ გაუხანგრძლივონ მანდატები (თუმცა, არ ვიცი როგორ გაუხანგრძლივებენ, რადგან რეგლამენტი ამის საშუალებას არ იძლევა), დარწმუნებული არ ვარ, რომ გახარიას პარტია ამით პარლამენტში შევა. ჩემი აზრით, ყველაფერი მოხდება ისე, როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი დარწმუნებული არ არის, რომ „ოცნება" მანდატების გაუქმებაზე წავიდეს.

„თუ არ ვცდები, ზედიზედ 6 თვე თუ არ ესწრები სხდომებს, მაშინ უქმდება მანდატი, ან მთელი სესიის განმავლობაში. მაისის ბოლოს, ივნისში ეს სესია იხურება და ალბათ ამას უკავშირდება. არ მგონია, რომ „ოცნება" მანდატების გაუქმებაზე წავიდეს, მით უმეტეს ამ წუთში, მაგრამ გააჩნია საშემოდგომოდ როგორი გეგმები აქვთ.

„ოცნების" გადაწყვეტილებები ლოგიკასთან მაინცდამაინც ვერ მოდის შესაბამისობაში და ამიტომ ძნელია თქმა", - განაცხადა ძაბირაძემ.

რამდენად მნიშვნელოვანია გახარიასთვის მანდატები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარიას პარტიისთვის მანდატები მნიშვნელოვანია და შენარჩუნებას რომც შეეცადოს, ამის ირიბი გზები არ არსებობს.

„არ ვიცი მანდატების გაუქმების თავიდან აცილების რა ირიბი გზები არსებობს. ერთადერთი გზა არის რეგლამენტი, რაც პარლამენტშია დადგენილი - რომ როდესაც გაცდენების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, პარლამენტი ვალდებულია მანდატი შეუწყვიტოს ამ კონკრეტულ პარლამენტარს. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ გვერდის ავლის საშუალებებს და მემგონი არც „ქართული ოცნებაა" დაინტერესებული, რომ გამოსავალი, ან ხვრელი ეძებოს იმისათვის, რომ როგორმე გახარიას პარტიას პარლამენტში ყოფნის სტატუსი გაუხანგრძლივოს, რადგან არანაირი შანსი არაა იმისა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, გახარიას პარტიამ ისევ რადიკალურად შეცვალოს თავის გადაწყვეტილება და პარლამენტში შევიდნენ. მე ამ მხრივ რაიმე ცვლილებების ალბათობას ვერ ვხედავ.

„მათი რამდენიმე წარმომადგენლის განცხადება მოვისმინე, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ ეს (მანდატების გაუქმება) იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ გვჭირდებოდა დაფინანსება შეგვენარჩუნებინა, რომელიც პარტიული მშენებლობისთვის აუცილებელიაო. მათ არჩევნებში ხომ გარკვეული ხარჯი გაიღეს და როგორც ჩანს, ამის კომპენსირება სჭირდებოდათ.

„მეორეც, გახარიას პარტია ყოველთვის ცდილობდა, რომ რაღაცნაირად გამორჩეულიყო დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისგან, მათთვის არ მიებაძა და ამიტომაც ეს მეთოდი მოფიქრეს, რომ ეს პროცესი ბოლომდე გააჭიანურეს და მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ თავად „ქართულმა ოცნებამ" მათ ეს მანდატები შეუწყვიტოს და ასეთი გზით პარლამენტიდან გავიდნენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რამდენად მისალოდნელია, რომ გახარიას პარტია საბოლოოდ პარლამენტში შევიდეს, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„ამის მოლოდინი არ მაქვს. არ ვიცი ეს პროცესი სადამდე შეიძლება გაიწელოს, მაგრამ იმ ინფორმაციის თანახმად, რასაც მე ვფლობ, სადღაც მაისის შუა რიცხვებში უნდა მოხდეს და არ მგონია ეს პროცესი ხელოვნურად გაიწელოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარიასთვის მანდატები დაფინანსების მხრივ მნიშვნელოვანია.

„მე რამდენადაც ვიცი, ეს დაფინანსებასთანაა დაკავშირებული, ისინი დაფინანსებას იღებენ. სწორედ ეს დაფინანსება და არჩევნები ერთმანეთთანაა კავშირში. თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ გახარიას პარტიის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მისთვის მომგებიანი იქნება, მაშინ მანდატებს არ გაუუქმებს; თუ ჩათვლის, რომ მათი ჩახსნა სჯობს სიტუაციიდან, მაშინ გაუუქმებს. ფინანსური თვალსაზრისით კი, მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს და თავადაც ამაზე ლაპარაკობენ, გახარიას პარტიას, გარდა ასეთი სახელმწიფო დაფინანსებისა, სხვა დაფინანსება არ აქვს. ამიტომაც იკავებენ თავს მანდდატებზე უარის თქმისგან.

„არ მგონია გახარიამ შეძლოს და მანდატების გაუქმებას თავი აარიდოს. ეს ალბათ მაინც „ქართული ოცნების" გადასაწყვეტია და ამას გადაწყვეტს ისე, როგორც მისთვის ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რა მოჰყვება გახარიას მანდატების გაუქმებას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ გახარიას პარტიას მანდატები გაუუქმეს, ისიც დანარჩენი ოპოზიციის ბედს გაიზიარებს.

„მოჰყვება ის, რომ დაფინანსება შეუჩერდებათ. პრინციპში, გახარიას პარტია აქამდე იმიტომაც არ წერდა განცხადებას მანდატების ჩახსნაზე და ამას თავადაც აღიარებდნენ, რომ ჩვენ გვჭირდება დაფინანსების შენარჩუნება, ეს პარტიისთვის აუცილებელი არისო და ამის შემდეგ მემგონი ჩეულებრივი პროცედურები იქნება, რომ მანდატები შეუწყდებათ და პარლამენტარის სტატუსი არ ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც სიით მოხვდა, ისინი დღემდე, ვიდრე მათი მანდატები ოფიციალურად არ გაუქმებულა, პარლამენტარის სტატუსით და პრივილეგიებით სარგებლობენ, რაც ყველა პარლამენტარს ეკუთვნით. მათ ეს სტატუსიც მოეხსნებათ, აღარ იქნებიან პარლამენტარები და თავიანთი მდგომარეობით იმ პარტიებს გაუთანაბრდებიან, რომლებმაც ასევე უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×