რეზონანსი
04.05.2025

9 მაისს  მოსკოვი  ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად ემზადება. უკრაინის ხელისუფლება კი ზეიმზე მიწვეულ სტუმრებს რუსეთში ჩასვლას უსაფრთხოების თვალსაზრისით არ ურჩევს. საპასუხოდ მოსკოვში აცხადებენ, რომ რაიმე პროვოკაციის შემთხვევაში, შესაძლებელია კიევისთვის 10 მაისი არ დადგეს. ყოველივე ამის ფონზე კი ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, რომელმაც ოფიციალურად მიიღო მიწვევა აღლუმზე, მოსკოვში შეიძლება ვერ ჩავიდეს.

ზეიმის წინ რუსეთის ხელისუფლებამ 3-დღიანი ზავის წინადადება წამოაყენა. მათი ინიციატივით, 8-10 მაისს რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დროებით უნდა შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და საჰაერო დარტყმები. თუმცა, ოფიციალური კიევი ამას არ დათანხმდა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათთვის მისაღები ვარიანტი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა და ამ პერიოდის განმავლობაში სამშიდობო მოლაპარაკების დაწყება.

რაც შეეხება სტუმრებს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლებების წარმომადგენლების გარდა, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მოსკოვში 18 ქვეყნის ლიდერია მიწვეული, რომელთაც წინასწარ დაადასტურეს თავისი ვიზიტი. თუმცა, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მათგანი, შესაძლოა, მოსკოვში ვერ ჩავიდეს.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, წელს აღლუმში პირველად მიიღებენ მონაწილეობას ჩრდილოეთ კორეის არმიის ნაწილები. აღსანიშნავია, რომ ისინი უკრაინასთან ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან და განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც გააკეთა განცხადება.

სტუმრები

ფაშიზმზე გამარჯვების 80-ე წლისთავისთვის მიძღვნილ აღლუმზე მიწვეული არიან როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები.

აღლუმს დაესწრება შემდეგი ქვეყნის ლიდერები: სომხეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ვენესუელა, ბრაზილია, პალესტინა, ჩინეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, კუბა, მალაიზია, ვიეტნამი, მონღოლეთი და ბურკინა-ფასო. 

თავდაპირველად სტუმართა სიაში იყო ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი, თუმცა მან მან მოწვევაზე უარი განაცხადა. 30 აპრილს გაირკვა, რომ მის ნაცვლად მოსკოვში აღლუმზე ინდოეთის თავდაცვის მინისტრი რაჯნათ სინგჰი ჩავიდოდა, თუმცა, ბოლო დღეებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობების მკვეთრი ესკალაციის გამო, რუსეთში ვერც ის ჩავა. ბოლო ინფორმაციით, ინდოეთი აღლუმზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე სანჯაი სეთით იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 9 მაისის აღლუმზე თავის დასწრება მხოლოდ ორმა დასავლეთ ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა და ორივე მათგანი გასულ კვირას ავად გახდა.

1-ლ მაისს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ყველა ოფიციალური შეხვედრა გააუქმა ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო. მის პოლიტიკურ პარტია „სმერ“-ში გამორიცხავენ, რომ ამ მიზეზით ფიცო შეიძლება მოსკოვში ვერ ჩავიდეს. როგორც „სმერ“-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ან რიხტერმა განაცხადა, პრემიერი ფიცო არ აპირებს გეგმების შეცვლას, რადგან „მოსკოვში ვიზიტი უკავშირდება არა რუსეთსა და უკრაინას შორის ომს, არამედ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას“.

თუმცა, მისივე თქმით, ამ პერიოდში ფიცოს შესაძლოა ერთგვარი „ფსიქოლოგიური პრობლემები“ გაუჩნდეს, რადგანაც ახლოვდება მასზე განხორციელებული თავდასხმის წლისთავი, რომელიც გასული წლის 15 მაისს მოხდა.

3 მაისს კი აშშ-ში ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა სერბეთის პრემიერი ალექსანდრ ვუჩიჩი. ამის გამო მან ოფიციალური ვიზიტიც შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. იგი რამდენიმე დღით ბელგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის კლინიკაში მოათავსეს. ექიმების თქმით, სერბეთის პრემიერს გულსისძაღვთა სისტემასა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. დღეისთვის ვუჩიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი საავადმყოფოდანაც გაწერეს, თუმცა ექიმები ვერ იძლევიან გარანტიას, რომ ის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისთვის 9 მაისის აღლუმზე ევროპელი პოლიტიკოსების ჩასვლა კატეგორიულად მიუღებელია. გაერთიანების ლიდერები აცხადებენ, რომ მოსკოვში მათ ვიზიტს გარკვეული „შედეგები“ მოჰყვება. ამის საპასუხოდ ვუჩიჩი აცხადებდა, რომ არ აპირებდა თავისი გეგმების შეცვლას. ფიცომ კი განაცხადა, რომ არ მიიღებს მითითებებს ევროკომისარ კაია კალასისაგან, რომელიც ევროპელ პოლიტიკოსებს მოსკოვში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

კიდევ ერთი სიახლე ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს უკავშირდება. ზოგიერთი „ტელეგრამ“ არხის ცნობით, მან ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ შეიძლება აღლუმზე „დააგვიანდეს“, მაგრამ ეცდება დროულად ჩავიდეს მოსკოვში.

რუსეთის ხელისუფლება კი პირდაპირ აცხადებს, რომ 9 მაისს მთავარი სტუმარი ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი იქნება. ოფიციალური ინფორმაციით, იგი 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მოსკოსვ 7-დან 10 მაისამდე. აღლუმის გარდა იგეგმება მისი შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან და ასევე რამდენიმე მნიშნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა.

უკრაინის ომი და 9 მაისი

9 მაისს რუსეთში ტრადიციულად სამხედრო აღლუმით აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 2022 წლის 9 მაისი პირველი აღლუმი იყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და მაშინ ღონისძიება, წინა წლებთან შედარებით, უფრო მოკრძალებულად ჩატარდა. მოსკოვში აღლუმი შედარებით მოკრძალებული იყო. რუეთის რამდენიმე მსხვილ ქალაქში კი, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, საზეიმო აღლუმები საერთოდ გააუქმეს.

2023 წელს ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. 1-9 მაისის ჩათვლით რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დრონის აფეთქება მოხდა, მათ შორის მოსკოვის მახლობლად, თუმცა უკრაინა ხშირად უარყოფდა ამ თავდასხმებთან კავშირს. 3 მაისს კი ერთ-ერთმა დრონმა მოსკოვამდეც მიაღწია და კრემლის სახურავიც დააზიანა.

2025 წელს  კი უკრაინის პრეზიდენტი ყველა პასუხისმგებლობას იხსნის და ქვეყნებს, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავენ, აფრთხილებს, რომ „შესაძლოა რუსეთმა რაღაც მოიმოქმედოს და შემდეგ უკრაინას დააბრალოს“. კრემლში კი აცხადებენ, რომ ეს „ვერბალური პროვოკაციაა“.

კიევის გაფრთხილება და მოსკოვის პასუხი

„უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს, 3 მაისს განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 9 მაისს მიდის ან წასვლას აპირებს: არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ და ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან არ ვიცით, რას გააკეთებს რუსეთი ამ დღეებში.

„მე, როგორც პრეზიდენტს მჯერა და ეს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვუთხარი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან, ვუთხრათ: ჩვენ არ გირჩევთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს და თუ ასე მოიქცევით, ჩვენ რაიმეს ნუ მოგვთხოვთ, ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა. უკრაინას ნამდვილად არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება“, “, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მალევე ამ განცხადებას კრემლიდან პასუხი მოჰყვა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინას აფრთხილებს, თუ 9 მაისს უკრაინამ რუსეთში პროვოკაციას მოაწყობს, „შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგეს“.

„ზელენსკის უნდა ესმოდეს, რომ 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგეს, 

„მწვანე გაუპარსავმა არამზადამ თქვა, რომ სამდღიანი ზავის შესახებ პუტინის წინადადებას უარყოფს და მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. ვის სჭირდება მის გარანტიებს? ეს ვერბალური პროვოკაციაა და სხვა არაფერი. უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

რა შეიძლება მოხდეს

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია გვპასუხობს, რომ სავსებით შესაძლებელია 9 მაისს კრემლზე უკრაინული დრონების თავდასხმა ვიხილოთ.

„ბუნებრივია, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ განახორციელონ მასობრივი დრონების შეტევა და ჩაშალონ აღლუმი. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია სამხედრო დივერსიული ჯგუფების მიერ განხორციელებული დივერსიები. ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ, როდესაც რუსეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, გენშტაბის ოპერატიული დაგეგმარების უფროსი მოკლეს სწორედ მოსკოვის გარეუბანში. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სტრატეგიულ სამხედრო დაზვერვას ოპერაციის ჩატარება შეუძლია და მათთვის ეს პრობლემა არ წარმოადგენს.

„ამრიგად, 9 მაისს აბსოლუტურად შესაძლებელია დრონების თავდასხმა. მაღალი ალბათობა არსებობს, რომ ეს მოხდება, მით უმეტეს, რომ უკრაინელებმა ორჯერ მოახერხეს დრონების კრემლამდე მიყვანა და კრემლის სახურავიც კი დააზიანეს.

„რაც შეეხება პუტინის სამდღიან ზავს, ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ მანიპულაციაა: მას სურს მხოლოდ აღლუმის ჩატარება და დანარჩენი არ აინტერესებს“, - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×