
28 ნოემბრიდან მოყოლებული რუსთაველზე მომიტინგეები ყოველ დღე იკრიბებიან, თუმცა, მათ თავდაპირველ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას ჩაატაროს ხელისუფლებამ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები, "ქართული ოცნება" კვლავ უგულებელყოფს.
რამდენიმე დღის წინ შეიცვალა პროტესტის მთავარი ლოზუნგი და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ, თუმცა ხელისუფლებას არც ამაზე აქვს რეაქცია.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, პარიტეტული სიტუაციაა, რადგან ვერც ხელისუფლება ახერხებს პროტესტის ჩაქრობას და ვერც ოპოზიციური ფლანგი ახერხებს იმას, რომ მოთხოვნების შესრულება აიძულოს "ქართულ ოცნებას".
ანალიტიკოსების ნაწილი კი დღეის მოცემულობას ხელისუფლების გამარჯვებად აფასებს, რადგან დათმობაზე არ წავიდა და ოპოზიციას კი არ ჰყავს ისეთი ძალა, რომ ალტერნატივა შექმნას.
უნდა აღინიშნოს, რომ 9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია" იგეგმება.
„9 მაისი ევროპის დღეა და ჩვენი ერთიანობის დღე.75 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირს, კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფოების ყველაზე ძლიერ გაერთიანებას, რომელშიც ყველა ქვეყანა, და ყველა მოქალაქე თავისუფალია და დაცულია საგარეო საფრთხეებისგან, სახელმწიფოს ძალადობისგან, უსამართლობისგან და სიღარიბისგან.
"საუკუნეებში ქართველობის არ დათმობით, მტრისთვის არ დანებებით, ევროკავშირის კართან ბრძოლით მოვედით.ევროპის დღე ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის ხალხის ნების ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმია",- წერია განცხადებაში.
ამასთან, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაიწყო. 5 მაისს სოც ქსელში დაწერა, რომ საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის მიზნით საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
„საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეიქმნება 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს, ბიზნესსექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და „წინაღმდეგობის პლატფორმის" წარმომადგენლები", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
"პარიტეტული ვითარება შექმნეს"
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცახდებს, რომ დღეს მხარეებს შორის გარკვეული ბალანსია.
"დღეს გარკვეული ბალანსია, ვერც ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ რაღაც გარდატეხა შეიტანოს არა მხოლოდ მათში, ვინც რუსთაველზე გამოდის, არამედ მთლიანად საზოგადებაში და ვერც ოპოზიცია ახერხებს იმას, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება აიძულოს, რომ რიგგარეშე არჩევნებზე დაითანხმოს. აი, ასეთი გარკვეული პარიტეტია ამ მიმართულებით.
"ვითარება დაახლოებით ასეთია - თითქოს ეს დაპირისპირება (ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის) სადღაც სხვაგან ხდება და საზოგადოება დაპირისპირებისგან დამოუკიდებლად აგრძელებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებას, რაღაც მოლოდინი არსებობს, მაგრამ არც ისეთი მძაფრი, რომ ამას რაიმე სერიოზული გარდატეხა მოჰყვეს.
"არის ერთი გარემოება, რაც ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებს ეხება, რომ "ქართულ ოცნებაზე" თანდათანობით ზეწოლა გრძელდება და ეს დროთა განმავლობაში გარკვეულ შედეგს აუცილებლად მოიტანს. "ქართული ოცნება" ან იძულებული გახდება, რომ ღია რეპრესიებზე წავიდეს, ან იძულებული გახდება, რომ არჩევნები დანიშნოს",- განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი იმ მთავარ პრობლემებზე საუბრობს, რის გამოც ერთი და მეორე მხარე სიტუაციის სათავისოდ გარდატეხვას ვერ ახერხებს.
"დღეს რუსთაველზე საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი გამოდის, ესენი ფაქტობრივად დღევანდელი მოძრაობის აქტივისტები არიან. ამ აქტივისტებს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი თანაუგრძნობს, მაგრამ არც ისეთი ვითარებაა, რომ ეს საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არაა, რომ დღეს ქუჩაში გამოვიდეს და პროცესების წარმართვაში მიეხმაროს ოპოზიციას.
"რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი მხარდამჭერები მოლოდინისა და გაურკვევლობის რეჟიმში არიან, ისინი ხედავენ, რომ საგარეო ფაქტორი ძლიერდება, არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლებას შეინარჩუნებს და რაღაც უბედურება არ მოხდება და ამიტომაც ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან.
"ეს კი წარმოშობს იმას, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების იმედზეა, ხოლო ოპოზიცია ამ აქტივისტების იმედზე. ამით კი მათ ერთმანეთი დააბალანსეს და პარიტეტული ვითარება შექმნეს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
"ხელისუფლებამ ოპოზიციას ასით ნული მოუგო"
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ პროცესში ოპოზიციას დიდი ანგარიშით მოუგო.
"ჩემი შეფასებით, ხელისუფლებამ ე.წ. ოპოზიციას, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონას ასით ნული მოუგო. ამის შედეგი კი ისაა, რომ ყოველ საღამოს რუსთაველზე 70-100 უსაქმური დადის.
აბა რა დათმობაზე წავიდა ხელისუფლება? არ წავიდა და არც არანაირ დათმობაზე უნდა წავიდეს მოღალატეების წინაშე. ეს ოპოზიცია დასრულებულია, თუნდაც ლიდერებიდან გამომდინარე, ხაბეიშვილი, ზურაბიშვილი და ნანულა ჟირჟოლიანი ჰყავთ და ამით მემგონი ყველაფერი ნათქვამია.
"საბედნიეროდ, არსებობენ ძალები, რომლებიც ნამდვილი ოპოზიციის ადგილს დაიკავებენ და ისინი იქნებიან კონსტრუქციულებიც და დაუნდობლებიც, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ იმას, რაც ნამდვილად საკრიტიკოა. ქვეყანას არავითარ შემთხვევაში არ უღალატებენ",-განაცხადა გვენეტაძემ.
გვენეტაძემ 9-26 მაისის დაგეგმილ აქციებზეც ისაუბრა.
"საბედნიეროდ, საქართველოში თარიღები უხვად გვაქვს, მაგრამ 9 მაისისგან რა უნდათ, როცა 9 მაისის მომპოვებელ გმირებს აგინებენ? ისინი იძახიან, რომ გამარჯვების დღე 8 მაისი უნდა იყოსო და ამ ხალხისგან რა შეიძლება ითქვას? ეს დავალება მათმა გარე პატრონებმა მისცეს და აქციას აქციებისთვის აწყობენ, იგივე ითქმის 26 მაისის აქციაზე, რა უნდა გააკეთონ და რას წარმოადგენენ?
"28 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე ასე იქცევიან და როგორც იტყვიან, "შეიკრიბნენ, დაადგინეს, კრება დარჩა მხიარიულიო", ამ სიტუაციაში არიან ის პოლიტიკოსები და ის ადამიანები, ვინც ამ აქციებს ატარებენ",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".