
გერმანიაში სამთავრობო ცვლილებები მიმდინარეობს- „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერებმა „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის" კონსერვატიულ ბლოკთან კოალიციური შეთანხმება გააფორმეს, რამაც გერმანიის ახალ მთავრობაში მინისტრების დანიშვნის გზა გახსნა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე" ავრცელებს. როგორი მოლოდინებია და რას უნდა ველოდოთ ახალი მთავრობისგან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ახალი მთავრობის მიმართ მსოფლიოში დიდი მოლოდინი არსებობს.
"პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ მთავრობის მიმართ არის ძალიან დიდი მოლოდინი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, გარკვეულ ვაკუუმს აჩენს ევროპაში - მათ შორის, უსაფრთხოების თუ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებითაც.
ასე რომ, ყველა ელოდება, რომ გერმანიას ეყოლება ძლიერი ხელისუფლება, ძლიერი პარტია ახალი კანცლერით, რომელიც ლიდერის როლს შეითავსებს - ევროპის ლიდერის, როგორც ეს იყო თავის დროზე მერკელის პერიოდში - და ლიდერის როლს შეითავსებს, დაეხმარება საფრანგეთის პრეზიდენტს და მასთან ერთად იტვირთებს ევროპის ახალი ლიდერის როლს. მითუმეტეს, რომ უამრავი საკითხია დაგროვებული: თუნდაც უკრაინის, თუნდაც ეკონომიკის, უსაფრთხოების, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ცვლილებები, რომელსაც სჭირდება მართვა. ასე რომ, მოლოდინი არის ძალიან დიდი.
მეორე საკითხია, თუ როგორ მოახერხებს ამას ახალი ხელისუფლება. ქვეყნის შიგნითაც არის დაგროვებული ბევრი რაღაც, და ყველაფერი ეს შეხვდება ახალ ხელისუფლებას და ახალ კანცლერს." - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
კითხვაზე, რა როლი ექნება გერმანიის ახალ მთავრობას რუსეთ-უკრაინის ომში, ანალიტიკოსი აღნიშნავს: გერმანია აქამდეც ეხმარებოდა უკრაინას, ახალმა მთავრობამ კი ევროპის გამაერთიანებლის როლი უნდა იტვირთოს.
რა თქმა უნდა, გერმანია იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან ის აქამდეც ეხმარებოდა უკრაინას. მაგრამ ახლა საჭირო არის არამარტო ცალკეული დახმარება, არამედ გერმანიამ უნდა იკისროს ევროპის გამაერთიანებლის როლი, მაკოორდინებლის როლი - იქიდან გამომდინარე, რომ უკვე თვითონ გერმანიაშიც, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, გრძნობენ რუსეთის საფრთხეს.
თუ რუსეთმა გაიმარჯვა უკრაინაში, როგორც სხვადასხვა მონაცემები ადასტურებს ამას, მან ომი შეიძლება წამოიწყოს ნატოს ან ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოზე, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული საკითხია. რამდენიმე წელიწადში, როგორც ვარაუდობენ, მას ეს შეეძლება. აქედან გამომდინარე, გერმანია ასევე დაინტერესებულია, რომ უკრაინას, რომელიც არის რუსეთსა და ევროკავშირს შორის, ყველანაირი შეიარაღება და ეკონომიკური დახმარება მისცეს, რათა რუსეთმა ვერ მოახერხოს თავისი სტრატეგიული მიზნების შესრულება."-განაცხადა კაკაჩიამ.
სამთავრობო ცვლილებები გერმანიაში
6 მაისს ბუნდესტაგი მერცს გერმანიის ახალ კანცლერად აირჩევს. 6 მაისსვე მისი მთავრობის წევრები ფიცს დადებენ. „სოციალ-დემოკრატიული პარტიის" თანათავმჯდომარე ლარს კლინგბეილი გერმანიის ვიცე-კანცლერი გახდება.
ამასთან ერთად, ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბორის პისტორიუსი თანამდებობას ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგაც შეინარჩუნებს, - ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
როცა „ქრისტისნ-დემოკრატიულმა" კავშირმა მინისტრების ვინაობები დაასახელა, პისტორიუსი პოზიციაზე უცვლელად დარჩა.
საყურადღებოა ის, რომ კოალიცია, რომელმაც სოციალ დემოკრატიული პარტიის ლიდერები კონსერვატიულ ბლოკთნ გააფორმა, ხელი მოაწერეს 144 გვერდიან შეთანხმებას, სახელწოდებით „პასუხისმგებლობა გერმანიისთვის", ხელმომწერმა მხარეებმა განსაზღვრეს, თუ რისი მიღწევა სურთ კოალიციური ფორმატის ფარგლებში.
„არჩევნების შედეგებს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველი განახლების მანდატად მივიჩნევთ. როგორც პოლიტიკური ცენტრის პარტიები, ჩვენ თავს ერთობლივად პასუხისმგებლად მივიჩნევთ ამას მივაღწიოთ", - აღნიშნულია ხელმოწერილ დოკუმენტში.
დოკუმენტის ხელმოწერით მთავრდება მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების პროცესი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი უხელმძღვანელებს.
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან" ერთად ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, მინისტრების ვინაობა გამოაცხადა. სიის მიხედვით, ბორის პისტორიუსი თავის პოზიციაზე რჩება.
აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბარბელ ბასი შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი იქნება, პარლამენტის წევრი, ვერენა ჰუბერცი საბინაო, ურბანული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, სტეფან ჰუბიგი იუსტიციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრი გახდება, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი რიმ ალაბალი-რადოვანი იქნება, გარემოს დაცვის, კლიმატის დაცვის, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობას კარსტენ შნაიდერი დაიკავებს, ელიზაბეტ კაიზერი მიგრაციის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრად და ფედერალური მთავრობის კომისრად დაინიშნება.