მარიამ ვეკუა
06.05.2025

7 მაისს „ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ, ოფიციალური ინფორმაცია კანდიდატის შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ, დიდი ალბათობით, პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდება, მმართველი გუნდის წევრები ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. შეითავსებს თუ არა პრემიერი პარტიის თავმჯდომარეობას და მოცემულ პოლიტიკური სიტუაციაში, ეს რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს?

ჟურნალისტების კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, რომ „ოცნების" ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდეს, „ოცნების" წარმომადგენლები პასუხობენ, რომ „ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მიესალმებიან" და აღნიშნავენ, რომ ახალი თავმჯდომარე იქნება ის პიროვნება, ვისაც მთელი გუნდი ერთხმად დაუჭერს მხარს.

ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს ძალაუფლების ახალ ბერკეტებს აძლევს და პასუხისმგებლობასაც აკისრებს. მეორე ნაწილი კი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ხაზგასმით ამბობს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია კობახიძის ხელში ვერ და არ მოხდება.

მმართველი პარტიის წინა თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი 25 აპრილს გადადგა. ამას წინ უძღოდა საკადრო ცვლილებები მთავრობაში. ყრილობის წინა დღეს, 6 მაისს კი პრემიერმა კობახიძემ ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

შეითავსებს თუ არა პრემიერი პარტიის თავმჯდომარეობას

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაფერია, კობახიძის კანდიდატურა კი ყველაზე რეალურად მიაჩნია.

„ყველაზე რეალური ვარიანტია, რომ კობახიძე გახდეს პარტიის თავმჯდომარე, რადგან ასეთი ტრადიცია არსებობს - მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, პარტიის თავმჯდომარეც ხდება. ასე იყო ივანიშვილის დროს, ღარიბაშვილის დროსაც და ალბათ ასე იქნება ახლაც. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძეც ასევე არ გამორიცხავს ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის არჩევას, თუმცა საუბრობს გამოწვევებზე, რომელიც პრემიერს შესაძლოა ამ თანამდებობის შეთავსებით გაუჩნდეს.

„ოფიციალურად არაფერი თქმულა, თუმცა ხდება, რომ კოლეგებთან მაქვს კონტაქტი და ამ საკითხზე მსჯელობისას ჯერ-ჯერობით კანდიდატებზე კონკრეტული ინფორმაცია არ გაჟღერებულა. თუმცა ვიცი, რომ იქნება ნორმალური კანდიდატი და ამ მხრივ გუნდს „გრძელი სკამი" აქვს. რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილი რჩება საპატიო თავმჯდომარედ თავისი უფლებით, წარადგინოს პრემიერ-მინისტრი.

„რატომაც არა, შესაძლებელია კობახიძე იყოს (ახალი თავმჯდომარე). მეორე მხრივ, საუბარია იმაზეც, რომ პარტიის თავმჯდომარემ უნდა დაუთმოს ძალიან დიდი დრო შიდა პარტიულ საქმიანობას, მით უმეტეს, რეგიონებში. წინ გვაქვს ადგილობრივი არჩევნები. ასე რომ, ნამდვილი თავმჯდომარეობა - არა სიმბოლური ან საპატიო - ითხოვს, რომ ადამიანი ყოველდღიურად იყოს ოფისში, იმუშაოს საკითხებზე, პრობლემებზე, შეხვდეს ბევრ ადამიანს, ხშირად წავიდეს რეგიონებში. ამასთან ერთად იყო პრემიერ-მინისტრი, რაც გვიან საღამომდე და შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას მოითხოვს, საკმაოდ რთულა, თუმცა დაველოდოთ პროცესების განვითარებას", - განაცხადა მამრაძემ,

რა პროცესები მიდის „ოცნებაში"

დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო თვეებში მმართველ გუნდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალაუფლების გადაბარება.

„ფაქტია, რომ მიმდინარეობს ეს პროცესი, თუმცა არ ვიტყოდი სიტყვა „კონცენტრაციას", მე ვიტყოდი „ძალაუფლების გადაცემას". ბიძინა ივანიშვილისგან ხდება კობახიძისთვის მეტი და მეტი ძალაუფლების ბერკეტის გადაცემა.

„ამის მიზეზი თეორიულად ორი რამ შეიძლება იყოს: პირველი - ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მემკვიდრეობა გადააბაროს კობახიძეს; მეორე და უფრო რეალური ვარიანტი - ის მას აძლევს სრულ უფლებამოსილებას და პლუს პასუხისმგებლობას შედეგებზე. თუ სიტუაცია გაუარესდა, სანქციები წამოვიდა და ამის საფრთხე რეალურია, არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს კობახიძის „შეწირვა" და ყველაფერი მას გადააბრალოს", - განაცხადა ზურაბიშილმა.

კითვაზე, როგორ იმოქმედებს ეს პროცესი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სიტუაციასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე, ზურაბიშვილი გვპასუხობს: „არ ვფიქრობ, რომ რამე არსებითი ცვლილებები იქნება როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში. დიდ გარდატეხებს არ ველოდები".

განსხვავებული მოსაზრება აქვს პეტრე მამრაძეს. ის ხაზგასმით ამბობს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია „ოცნებაში" ვერ და არ მოხდება, რადგან ამას აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი.

„არ ვფიქრობ და არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ კონცენტრაცია ხდება კობახიძის ხელში. თუ დავეყრდნობით კობახიძის პიროვნებას, მისი მოქმედება არასდროს იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ადამიანი ცდილობს დამატებითი ძალაუფლება მოიპოვოს, ვიდრე მას კონსტიტუციით ეკუთვნის.

„გარდა ამისა, მე ხშირად მითქვამს, არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არა მხოლოდ საპატიო თავმჯდომარის პოსტს იკავებს, არამედ რეალურად კონსტრუქციული ოპოზიციის როლიც აქვს. მას თვითონაც უთქვამს: „მე კი არ ვმართავ, ვცდილობ, პარტია გავაკონტროლო". კი, ეს კონტროლი არსებობს. მაგრამ, ვიღაცამ რომ მოინდომოს (არ მინდა კონკრეტულად კობახიძეზე ვისაუბრო) ეს ვერ მოხდება, არ იქნება რეალისტური", - განაცხადა მამრაძემ.

რას აბობენ „ოცნებაში"

მმართველ პარტიაში კონკრეტულ კანდიდატებს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რო ახალი თავმჯდომარე ღირსეულად გაუძღვება პარტიას.

„პარტიის თავმჯდომარე ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ თუ პარტიის ხელმძღვანელის პოზიციაზე (ირაკლი კობახიძე) იქნება წარდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და ეს მისთვის ახალი არ იქნება, რადგან აქამდეც იყო. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც პარტიულ საკითხებში აქტიურად იყო ჩართული", - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანიც: „ქართული ოცნების" თავმჯდომარე იქნება ის ადამიანი, ვისაც მთელი პარტია დიდი სიამაყით დაუჭერს მხარს".

მაჭავარიანის თქმით, პარტიის ახალი თავმჯდომარე დღეისთვის არსებულ კურსს გააგრძელებს.

„რა თქმა უნდა, ახალი თავმჯდომარე „ქართულ ოცნებას" იმ კურსით გაუძღვება, რასაც მივყვებით. ჩვენი მთავარი საყრდენია ის, რომ ჩვენს იდენტობას ვინარჩუნებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ვამტკიცებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ამოსავალი, რა გზითაც გააგრძელებს სვლას პარტიის ახალი თავმჯდომარე", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×