
სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად იქნება თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენთვის, ყველასთვის 26 მაისი გაერთიანების დღე უნდა იყოს და არა - დაპირისპირების, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, ქართველი ხალხი არ გაიყოფა.
„სამწუხაროა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ 9 აპრილს რაც გააკეთა, როგორც ჩანს, იმავეს გაკეთებას აპირებს 26 მაისს. ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ერთად აღნიშნავს. უკვე დაგეგმილია ღონისძიებები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. გვინდა, რომ ეს თარიღი საზეიმოდ აღვნიშნოთ. სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად იქნება თუ არა, მისი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენთვის, ყველასთვის 26 მაისი გაერთიანების დღე უნდა იყოს და არა - დაპირისპირების. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, ეს დღე აღნიშნოს. სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ცალკე ღონისძიებას ჩაატარებს თუ ელისაშვილისგან ჩაიბარებს აღლუმს. ვადაგასული პრეზიდენტი 26 მაისს ისე უნდა აღნიშნავდეს, როგორც ნებისმიერი მოქალაქე. ყოფილი პრეზიდენტისა და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება მცდელობა, 26 მაისი იგივე თარიღად გადააქციოს, რაც 9 აპრილს ვიხილეთ, სამწუხარო იქნება და ამით საკუთარ თავს გამოაჩენენ", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
30 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია".