
ევროპის მოედნაზე 9 მაისს აქციამ ოპოზიციას ერთგვარად მინავლებული იმედები გაუცოცხლა. როგორც ყველა წინა აქციაზე, აქაც უმალ დაიწყო კამათი მონაწილეთა რაოდენობაზე, თუმცა დემონსტრაციამ აჩვენა, რომ საპროტესტო მუხტი, ამა თუ იმ მასშტაბით, კვლავ არსებობს და არსად წასულა. გახდება თუ არა ეს შეკრება რაიმე ახალი ეტაპის დასაწყისი, თუ უშედეგოდ ჩაივლის, როგორც ბევრი წინა პროტესტი, ამ კითხვებით „მთელმა კვირამ" ანალიტიკოსებს მიმართა.
გია აბაშიძე ფიქრობს, რომ უფრო მასშტაბური აქციებიც ყოფილა, თუმცა შედეგის გარეშე. „არ ჩავერთვები იმ საჯარო სპეკულაციებში, სადაც ამბობენ, რომ ამ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა 5000 იყო, ნაკლები იყო თუ უფრო მეტი. ჩვენ გვახსოვს საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური, თუმცა შედეგი რა დადგა? რადიკალურ ფრთას ოპოზიციაში სურს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, ვადამდელი არჩევნები. თუმცა, აი, რეალურად რა ხდება? შედეგი სად არის? ასევე იყო გუშინაც და იქნება 26 მაისსაც, როცა აანონსებენ კიდევ უფრო „მასშტაბურ" აქციას.
„ლონდონში, პარიზში კიდევ უფრო მრავალათასიანი მიტინგებია, თუმცა ეს არანაირად არ ეხება ხელისუფლების ლეგიტიმაციას, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები არის გადამწყვეტი ეტაპი. ასევე იქნება გადამწყვეტი ეტაპი 4 ოქტომბერს. და ვინც პრაგმატულად მოაზროვნე და კარგი გაგებით პოლიტიკური ცხოველია, უნდა იცოდეს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მაქსიმალურის მიღება ნიშნავს იმას, რომ წინ წაწეული საქმეა საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასე ხდება ევროპაში. თუმცა „პროევროპულ" ოპოზიციას ეს არ ესმის."-განაცხადა აბაშიძემ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ შარშან უფრო მეტი ხალხი იყო.
„ბევრი ადამიანი შეიკრიბა, მეც იქ გახლდით, თუმცა შარშან, ამავე დროს, როცა იყო აქცია, უფრო მეტი იყო. თან გვახსოვს, რომ მაშინ წვიმიანი ამინდი იყო, მაგრამ წელსაც ბევრი ადამიანი მოვიდა. საერთო ჯამში კარგია, თუმც უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. მარტო აქციებით არ უნდა გამოიხატებოდეს, ალბათ, საპროტესტო მოძრაობა. საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა, უნდა ავუხსნათ ხელისუფლების ცვლილების მნიშვნელობა, დემოკრატიის მნიშვნელობა, რა მოხდება, ვთქვათ, თუ ხელისუფლება შეიცვლება და ახალი ძალა მოვა. იმის თქმა მინდა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს გაძლიერებული. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვან დღეებზე აქციები არის ძალიან დიდი მოვლენა," - განაცხადა ჩიტაძემ
„ასეთი აქციები არის მხარდამჭერების შენარჩუნება, დასავლელი პარტნიორებისგან ყურადღების მიქცევა და შესაბამისი გრანტების გამოყოფის გამართლება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია," ამბობს გია აბაშიძე.
„მაგრამ ვინ არის ამის შემსრულებელი? ის ურეიტინგო, ვადაგასული პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ აქვთ მხარდაჭერა? რეალური მხარდაჭერა სულ სხვაგანაა. ეს აქციები, რომლებიც შოუს სახეს ატარებს, არაფერს ნიშნავს საზოგადოებისთვის. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ თუ საზოგადოება ოპოზიციურად არის განწყობილი, ეს მარტო ტელეეკრანიდან არ იგრძნობა - ეს იგრძნობა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც, სოფელშიც, დაბაშიც, ყველგან. მე პირადად და ჩემი არაერთი კოლეგა, რომლებიც სოციოლოგიაში უფრო პროფესიონალები არიან, ამ პრობლემას ვერ ვხედავთ."
ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ასეთი აქციები ოპოზიცისთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ხალხისთვის, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილნი.
„რაც შეეხება ასეთ აქციებს - ამ დროს ბევრი ადამიანი, ვინც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი, რწმენას არ კარგავს. ასეთი აქციები კი მათ ეხმარება, ნახონ, რომ ბრძოლა გრძელდება.ისინი მიესალმებიან ამ აქციებს. მე ველოდები უფრო ახალს - თუნდაც, აი, წინააღმდეგობის პლატფორმა რომ შეიქმნა. ახლაც მიმდინარეობს მზადება 26 მაისისთვის, თუმცა, ხომ ვამბობ, არაა საკმარისი. უნდა იყოს ყოველდღიური მუშაობა, ყოველდღიური კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის. უნდა შეინარჩუნო შენი მომხრე და იმუშაო ნეიტრალურად განწყობილ მოსახლეობასთან."
თუ აქციაზე დაკავებულები განთავისუფლდებიან?
ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ თუ პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნა დაკმაყოფილდება ოპოზიციასა და „ოცნებას" შორის „ლაპარაკი" დაიწყოს.
„რაც შეეხება ამ საკითხს - ყველაფერი შესაძლებელია. სხვათა შორის, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება დავიწყოთ ლაპარაკი. არ გამორიცხავენ. ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ გაგრძელდეს აქციები - დასავლეთიც ამას ყველაფერს ხედავს, რადგან თვითონ ქართველი ხალხი იბრძვის, მათ დახმარება სჭირდებათ. და მეორე მხრივ, დასავლეთის მხრიდან ზეწოლა „ოცნებაზე" უნდა გაძლიერდეს, გაგრძელდეს - ვგულისხმობ სანქციებს, რომელიც აიძულებს „ოცნებას", რომ წავიდეს დათმობებზე."-განაცხადა ჩიტაძემ.
გია აბაშიძე, კი იმავე კითხვაზე ასე გვპასუხობს::
„აქ გვაქვს დიდი პრობლემა, რასაც ჰქვია „კანონის უზენაესობის პატივისცემა". ნაცმოძრაობის დროს სააკაშვილს შეეძლო, რომ ნებისმიერი მოსამართლის გადაწყვეტილება ერთი ზარით შეეცვალა. „ოცნების" პირობებში ეს - ვისაც უნდა, დაიჯეროს და ვისაც არა - ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია დაურეკოს მოსამართლეს და უთხრას: „გამოუშვით პატიმრები". ყველაფერს აქვს თავისი წესი, პროცედურები და კანონით დადგენილი ჩარჩოები."
მთავარი გზავნილები 9 მაისის აქციიდან
ერთ-ერთ მთავარ გზავნილად დარჩა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების განთავისუფლება.
„„თითქოს ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი ითქვა, მაგრამ არის დღეები, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის იდეალები, ის ღირებულებები, რისთვისაც ვიბრძვით. არის ყველაფერი ნათქვამი და ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე," - ასე მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოეტმა რატი ამაღლობელმა.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა დაკავებული ზურაბ ცეცხლაძის მამაც: „მოეშვან არაადეკვატური, სულელური კანონების მიღებას, თორემ არ არის გამორიცხული, რევოლუცია მიიღონ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის."
აქციაზე გაჟღერდა დაკავებულების მიმართვები, სცენის მიღმა კი ხალხი სკანდირებდა: „თავისუფლება, სინდისის პატიმრებს".
მმართველ პარტიაში ეხმაურებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას,რომ „დემოკრატია, საქართველოში საფრთხეშია" - პაველ ჰერჩინსკი გუშინ აქციაზე იმყოფებოდა.
„ჩვენ ჩვენის მხრივ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ. დემოკრატია საფრთხეში არ არის. ჩვენ პრობლემა გვაქვს არა ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რაც უკრაინის ომს და ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა," - განცხადა ჟურნალისტებთან ქართული ოცნების დეპტატმა, ლადო ბოჟაძემ.