ნატალია ჯვარიძე
11.05.2025

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოსკოვში ჩასულ სოხუმის რეჟიმის ლიდერ ბადრა გუნბას პრეზიდენტი პუტინი შეხვდა და ტურისტული ნაკადის განვითარებას შეჰპირდა. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „მთელ კვირასთან" კრემლის გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აფხაზები ამაზე არ გაჩუმდებიან, თუმცა ახლა ისინი ჩიხში არიან მოქცეულები.

„კრემლის მიდგომა ასეთია: ის პროექტები, რომლებიც ჩაფიქრებულია აფხაზეთში, უნდა განხორციელდეს - „აპარტ-ოტელების", ბიჭვინთვის და სხვა საკითხები. ასევე, არსებობს მეორე გემა - აფხაზეთის მიწის მეშვეობით ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნა. ამაზე აფხაზები არ გაჩუმდებიან, თუმცა მოსკოვმა მათ აჩვენა, თუ ჭკუით არ იქნებით, ტყავს გაგაძრობთო ".

სააგენტო „ტასის" ინფორმაციით, „რუსეთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს აფხაზეთთან ტურისტული ნაკადის განვითარებას" და ამ კუთხით წელს მინიმუმ 7%-იან ზრდას ელოდება.

„რუსეთი მზადაა, გააგრძელოს თანამშრომლობა აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროებში", - თქვა პუტინმა.

ამასთან, ბადრა გუნბამ პუტინი აფხაზეთში დაპატიჟა. პუტინი შეჰპირდა , რომ უახლოეს პერიოდში სოხუმს ეწვეოდა.

მამუკა არეშიძის თქმით, მოსკოვმა აფხაზეთის არჩევნებში თავისიანი გაიყვანა, რომლის მეშვეობითაც ეცდებიან იმ პროექტების განხორციელებას, რასაც ბევრი აფხაზი ეწინააღმდეგება.

„კრემლის მიდგომა ასეთია: ის პროექტები, რომლებიც ჩაფიქრებულია აფხაზეთში, უნდა განხორციელდეს. აქ იგულისხმება რამდენიმე მსხვილი პროექტი, რის გამოც გასული წლის გაზაფხულიდან მთელი ექსცესები დაიწყო. ეს არის „აპარტ-ოტელების" საკითხი, ბიჭვინთის თემა და ა.შ. მოსკოვი არ არის ჩვეული ასეთ პატარა მოთამაშებისთვის ანგარიშის გაწევაზე. ამიტომ ახლა მოუწია ისეთი ტაქტიკური სვლების გაკეთება, რამაც საშუალება მისცა პაუზა აეღოთ. თანაც ე.წ. არჩევნებში თავისიანი გაიყვანეს, ანუ იმ ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაზე თანახმა იყო.

„თვითონ ამ პროცესში მოსკოვმა დაინახა და მისთვის აშკარა გახდა, რომ თურქეთი აქტიურად ჩართული იყო აფხაზურ პოლიტიკაში. თუ გახსოვთ, მერე ძალიან დიდი პიარ-სამუშაო აგორდა იმაზე, რომ ოპოზიციას თურქები იყენებდნენ. სიტყვა „იყენებდნენ" სწორია, რადგან ოპოზიციას პროთურქულობას ვერ დავწამებ, მაგრამ ის, რომ თურქეთი თავისი ინტერესების გატარებას ცდილობდა, გარკვეულწილად გამოჩნდა. ამიტომ მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თურქული გავლენა იქნებოდა, ქართული თუ სხვა, შეეზღუდა და მარტივად რომ ვთქვათ, „ხელისუფლებაში" თავისიანები მიეყვანა. ამ თავისიანებს კატეგორიული მოთხოვნა აქვთ, რომ ის ძველი პროექტები განხორციელდეს, თუმცა ეს უპრობლემოდ ვერ მოხდება, თუ არ მოხდა თავის მოქონვა, ანუ ფრენების აღდგენა, თავისი ვიზიტის დაპირება, ანუ პუტინი, რომ დაჰპირდა გუნბას ამ დღეებში ჩამოვალ აფხაზეთშიო და ყველაფერი დანარჩენი. ეს არის პრობლემის ერთი სეგმენტი", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

ის კრემლის მეორე გეგმაზეც საუბრობს, რომლის მოგვარებითაც რამდენიმე კურდღელს ერთად დაიჭერს - ეს არის სატრასპორტო კორიდორის შექმნა.

„ასევე, არის მეორე გეგმა, რომელიც გულისხმობს, აფხაზეთის გავლით ახალი სატრასპორტო კორიდორის შექმნას. ეს არის ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის განშტოება. მე თურქეთი ვახსენე, მისი მეგობარი და მთავარი მოკავშირე სამხერთ კავკასიაში აზერბაიჯანია, რომლის ტერიტორიაზეც გადის ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო გზა, რომლის სახელია პეტერბურგიდან-ინდოეთამდე. ამის მთავარი მაგისტრალი რუსეთის ტერიტორიის გავლითაა, მერე გადის აზერბაიჯანზე, შემდეგ ირანზე და ირანის პორტიდან პირდაპირ ინდოეთში.

„რუსეთს არ უნდა ზემოქმედების მექანიზმი აზერბაიჯანს მისცეს, ანუ ირიბად თურქეთს. ამიტომ საჭიროა, აფხაზეთის ტრასაც ამუშავდეს, ანუ დივერსიფიკაცია მოხდეს. აფხაზეთის ტრასა და შემდგომში დანარჩენი საქართველო, მერე სომხეთი და შემდეგ უკვე ირანი. ერთდროულად რამდენიმე კურდღელზე ნადირობა ხდება - ერთი არის ის, რომ საქართველო გახდება რუსეთის ტვირთების გამტარი, შემდეგ სომხეთი, რომლის რკინიგზა ისედაც რუსეთის ხელშია, თავის დროზე ნაყიდია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გზა ჭრის ზანგეზურის კორიდორს და ისე შედის ირანში. რუსეთისთვის აუცილებელმა რკინიგზამ თუ ეს კორიდორი გადაკვეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება ალტერნატივა ერთის მხრივ, პირობითად, თურქულ და პროთუქრულ ტერიტოირებზე გამავალი სატრასპორტო გზა და მეორეც ერთი, თურქთესა და აზერბაიჯანს სამუდამოდ გაუქრობს ზანგეზურის კორიდორის მიტაცების სურვილს. ეს რკინიგზა არ არსებობს, თუმცა რუსეთს უნდა რომ გაკეთდეს."

მამუკა არეშიძის აზრით, აფხაზებს რუსეთის გეგმებზე რეაქცია ექნებათ, თუმცა მოსკოვმა ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ.

„ამ ყველაფრისთვის მოსკოვს აფხაზეთში ძალიან ლოიალური მთავრობა სჭირდება და ჰყავს კიდეც. მეორე, საჭიროა ხალხის გაჩუმება. ხალხი ხმას მაინც ამოიღებს. თუმცა ახლა მათ დაანახეს, თუ ჭკუით არ იქნებით, ტყავს გაგაძრობთო. ამის მაგალითია აფხაზეთში სომხური მოსახლეობის ქმედება ე.წ. არჩევნების დროს. საერთოდ აფხაზეთში წესად იყო-ხოლმე, იყოფობდნენ და ნაწილი ერთ კანდიდატს აძლევდა ხმას, ნაწილი მეორე. ბოლო 30 წელია ეს მიღებული ფორმა იყო. ახლა კი მოხდა ისე, რომ ყველამ რუსეთის კანდიდატ ბადრა გუნბას მისცა ხმა. ამით აფხაზებს აგრძნობინეს, რომ სომხები, რომლებიც დღეს რიცხობრივად აფხაზებზე ბევრით არა, მაგრამ მაინც მეტნი არიან, შესაძლოა ხვალ უკვე დომინანტური ერი გახდეს და თქვენ საერთოდ აღარ იყოთო. ანუ რუსეთმა აფხაზებს აიძულა, რომ ამ საკითხზე ფიქრი დაიწყონ, სიფრთხილით დაიწყონ მოქმედება და არა ისე, როგორც წლების განმავლობაში ემოციურად იქცეოდნენ. თუ ასე არ გააკეთებენ, მერე უფრო უარეს დღეში ჩააგდებენ. როგორც გააკეთეს - შეუწყვიტეს დაფინანსება, დენის მიწოდება და ა.შ. ასეთი რთული ვითარებაა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×