ნატალია ჯვარიძე
11.05.2025

სამოქალაქო აქტივისტები ენმ-ს უპირისპირდებიან და მწვავე განცხადებებს აკეთებენ. ისინი მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 9 მაისის აქციაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ნახეს, რაც შემდგომ დაწვეს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ნაცმოძრაობისა" და აქტივისტების დაპირისპირებას აფასებს და ამბობს, რომ აქციაზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოების აფრიალება არასწორია, რადგან საბოლოო შედეგს ვერ დადებს.

„ნაცმოძრაობის" სისხლიანი 9 წელიწადი არავის დავიწყებია. უმჯობესია დაწყნარდნენ და სხვის სუფრაზე ფოტოებს ნუ აფრიალებენ, რადგან შედეგზე უარყოფითად იმოქმედებს. „ქართული ოცნება" ამას ძალიან კარგად იყენებს".

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჟღენტი ფეისბუკზე წერს, რომ საერთო პროტესტის გამო ხმას არ იღებდა, „ნაცებმა" კი იფიქრეს ხალხს დაავიწყდა ყველაფერი და თავი წამოყეს, „ტალახის ზელის მეტი არაფერი შეუძლიათ".

„ნაცობა იქამდე იქნება სირცხვილი, სანამ ნაცები ადამიანების გატაცებას, წამებას, უკანონო დაპატიმრებებს, ბიზნესის რეკეტს, სპეცრაზმის მედიაში შეჭრას, აქციების დარბევას და წაქცეული ადამიანების დასისხლიანებას - „სამაგალითო დემოკრატიად" მოიხსენიებენ. ცოტა უფრო „დავარცხნილი" ნაცები კი აღიარებენ, რომ ეს შეცდომა იყო (რეალურად კი - უმძიმესი დანაშაული, რომლის შედეგებსაც დღემდე „ქოცების" სახით ვიმკით), მაგრამ ესეც აფერისტობაა. თუმცა, ეს კატეგორია მაინც ჯობია გიჟ მიშისტებს, რომლებსაც ამის აღიარების ჭკუაც კი არ ჰყოფნით. სექტა აქციაზე გამოსულ ათასობით ადამიანს, რომელსაც წინა რეჟიმმა ცხოვრება გაუმწარა, მიშას ბანერებს უფრიალებს - თანაც იმ ფონზე, როცა ათობით ახალგაზრდა დაკავებულია. არც მორიდება აქვთ, არც სიტუაციის აღქმის უნარი, ვერავინ და ვერაფერი აჩერებთ, მათ შორის თავად მიშაც, რომელმაც რამდენჯერმე სთხოვა ციხიდან სახელს მუ მიტეხავთ და გაჩერდით ზოგჯერ მაინცო, მაგრამ ესენი ხო მიშაზე უფრო მიშისტები არიან, ოჯახს უღალატებენ მიშას გამო.

„მერე იგივე ხალხი დადგება და ქოცებს აკრიტიკებენ არადემოკრატიული კანონების მიღების, ხალხის დაჯარიმების, აქციის დარბევის და ბიძინას ბრმა რწმენის გამო. რატომ ღმერთი არ გაიცინებს ამათ უტიფრობაზე.

„ვინ დათვლის, რამდენჯერ დაარღვიეს ნაცებმა აღებული პირობა, ჩაშალეს ერთობა, დაშალეს აქცია და გააშავეს პროცესი - მხოლოდ იმიტომ, რომ მის სათავეში ვერ აღმოჩნდნენ. დღეს აბსოლუტურად ყველა პირობა არსებობს ხელისუფლების ცვლილებისთვის, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ ვეღარც იმ ხმების ნახევარს იღებენ, რამდენსაც რამდენიმე წლის წინ იღებდნენ. რა გასაკვირია ეს შედეგი, როცა პარტია დატოვა ყველამ, ვისაც წერა-კითხვა, ინგლისური და კომპიუტერის გამოყენება მაინც იცოდა. დღეს პარტიაში სულ რამდენიმე ადამიანიღა დარჩა, ისინიც კლანებად არიან დაყოფილნი და ერთმანეთს ებრძვიან - სანამ მიშა „ვივამედიდან" წერილს არ მოიწერება და გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„თუ ნაცების ფასადურ პროდასავლურობას არ ჩავთვლით, ქოცსა და ნაცს შორის ვერც ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას ვერ ვხედავ - გარდა იმისა, რომ ბიძინა გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის ლუქს-პალატაში, პლაზმური ტელევიზორის წინ, სავარძელში მჯდომ მიშას აიქოსით ხელში თავის სასარგებლო იდიოტად იყენებს.

„და მაინც, არავინ უვარდება გიჟ მიშისტს - ბანერი რატომ გიკავიაო, თუ წინ არ გადაუხტები მარშს, სცენაზე არ ავარდები და ჩვენი ბიჭების ბანერებს არ გადაფარავ. და თუ ამდენი ხართ, უკეთესი გზა იცით რეჟიმის დამარცხების და სამოქალაქო საზოგადოება არასწორად იქცევა, მაშინ გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი, ჩვენ რატომ დაგვსდევთ მიშას ბანერებით, „ვივამედშია" მიშა და კანცელარიაში მთავრობა. ხომ მაგრები ხართ, მიდით!

„ხომ გვიწუნებთ ბრძოლას, მასშტაბს, ფორმას, სტრატეგიას, შინაარსს და ყველაფერ სხვას. ჰოდა, ადექით და დაანონსეთ აქცია. პარტია ხართ თუ კომენტატორები, რას ელოდებით?! ხომ უმრავლესობა ხართ, ხომ ჩვენზე მეტად გიყვართ სამშობლო (ანუ, მიშა) და ჩვენზე მეტად თამამებიც ხართ, საქმე და შედეგი გვაჩვენეთ. რუსთაველზე თქვენი პარტაქტივი რომ უბღაოდა სალომეს გეგმა, გეგმაო, თქვენ გვაჩვენეთ ეგ გეგმა და შესრულება დაიწყეთ. აგერ ბურთი და მოედანი. მაგრამ არაფერს იზამთ, რადგან ეთერებიდან და სოციალური ქსელიდან ტალახის ზელის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ" - დაწერა გიორგი ჟღენტმა.

„შეიძლება მიშისტებს ჰგონიათ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ხალხი მხოლოდ ერთი ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმის მოსაშორებლადაა ჩართული, მაგრამ ისინი ცდებიან. ჩვენ ახალი საქართველო გვინდა, სადაც ავტორიტარის ადგილი არ არის პოლიტიკაში.სააკაშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის ისევე იყო თავსმოხვეული, როგორც ქართული ოცნების. ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი ჰქონდა დამყარებული. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მაშინ ვუპირისპირდებოდით ამ ძალადობრივ სისტემას, დღესაც ქუჩაში ვდგავართ და ახლა ამათ ვებრძვით. იმიტომ კი არა, რომ ეს ორი ერთი და იგივე გვგონია (არა ისინი სხვადასხვანაირი ბოროტება არიან), არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობაა ჩვენთვის ღირებულება და არა პირადი სარგებელი. ნაცები კი დღეს მხოლოდ ტექნიკურად არიან სიმართლის მხარეს. ასე აწყობთ. მათ ვერც ერთი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, არცერთი ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებიათ. ჩემი აზრით, ამ პროცესში ყოფნით მას უფრო აზიანებენ და მხოლოდ "ოცნებას" ასაზრდოებენ (თუმცა ვერავინ ვერ აუკრძალავს მონაწილეობას). ეს უნდა გავაცნობიეროთ და დავსვათ კითხვა, რამდენად ადეკვატური იქნებოდა ბიძინას ან თენგიზ კიტოვანის პლაკატით ვინმეს ამ აქციაზე დადგომა? ალბათ არავის და არ გამოხატავდით ამ უკმაყოფილებას?" - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას „ნაცმოძრაობის" 9 წელი კარგად ახსოვს და მიუღებელია მიშას ფოტოების აქციაზე გატანა. მისივე თქმით, პროტესტზე ეს დადებათად ვერ იმოქმდებს.

„ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობა" უნდა დაწყნარდეს და დანარჩენ საქართველოს თავიანთ სისხლიან 9 წელიწადს არ უნდა გვახსნებდნენ. მათთვის და საქართველოსთვის ასე უკეთესია. რისი მიღწევა უნდათ, როცა ჯერ კიდევ არაა ჩამოქცეული „ქართული ოცნება"? ფაქტია, ამას „ოცნება" გამოიყენებს, ანუ „ნაცები" ასეთი ქმედებები ხელს შეუწყობს „ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში. ვფიქრობ, ზოგიერთი მათგანის წარმომადგენლის ქცევები სრულიად გაუგონარია. არ მესმის, რისი გაკეთება უნდათ, როცა ერთობას არღვევენ. იქნებ თქვან, რადგან მათი ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ სააკაშვილიც ხომ პოლიტიპატიმარია და რატომ არ შეიძლება მისი სურათის აფრიალებაო. კი ბატონო, მაგრამ შედეგი რა არის? შედეგი არის ფოტოს აფრიალება, თუ „ოცნების" ჩამოშლა? თუ ხელისუფლების ჩამოშლა არის შედეგი, მაშინ ფოტოს აფრიალება ამ პროცესს აფეხებს. თუმცა თუ სურათის აფრიალებაა მნიშვნელოვანი, მაშინ ვიყოთ ასე, „ოცნების" რეჟიმში. ვერ ვხვდები, რა არის მათი მთავარი ამოცანა და რას ემსახურება ასეთი უცნაური გაჭედვა, რომელიც მათივე ინტერსებს ანგრევს.

„ცალკე გააკეთონ აქციები და აფრიალონ მიშას ფოტოები, ვინ უკრძალავს? მაგრამ სხვის სუფრაზე რატომ მოდიან და იკვებებიან? ძალიან გაუგებარია. ესეიგი ხალხი არ ჰყავთ და ამიტომ ვერ აკეთებენ, და თუ ასეა მაშინ დაწყნარდნენ. უნდა მიხვდნენ, რომ იმდენი მომხრეები არ ჰყავთ, რომ დიდი აქცია მოაწყონ. იმ დღეს იყო და სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და უკან მიშას ფოტოები აუფრიალეს, ევროპის დღე იყო და ისევ ისე. სხვის სუფრაზე მოდიან, რადგან თვითონ ვერ აწყობენ. რისი მიღწევა უნდათ იქნებ ჩამოყალიბდნენ და თქვან, მე და სხვებიც მზად ვართ მოვუსმინოთ. სხვის საქმეში რატომ ეჩრებიან, როცა მათ საქმეთში არავინ ერევა?

„სწორედ ეს იწვევს აქტივისტების და აქციის მონაწილეების გაღიზიანებას, რადგან ესენი გეგმავენ აქციებს და „ნაცები" მოდიან, ვინაიდან მათ დაგეგმილ გამოსვლებზე არავინ მიდის. ამიტომ ჯობს იყვნენ თავიანთვის. ახლა „ნაცების" გარჩევის დრო არა, 2012 წელს დასრულდნენ. მათ მხოლოდ „ქართული ოცნება" ასულდგმულებს. მათი დრო აღარაა და ისინი ამას გრძნობენ. ასეთი მუდმივი შეხსენებები, რომ ისინი წარმოადგენენ დღევანელი რეალობის სურათს, სინამდვილეს არ შეესაბამება. როცა არაფერს იძახიან, არავინ არაფერს ერჩის, მაგრამ როგორც კი თავიანთ პატიოსნებაზე და სისუფთავეზე დაიწყებენ ლაპარაკს, ეგრევე ყველას ის სისხლიანი 9 წელი ახსენდება. არავის ავიწყდება, უბრალოდ არ ახსენებენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „მთელ კვირასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×