„ინსინუაციები რომ არ წავიდეს, თითქოს ეს არჩევნებში გასვლას ემსახურება, კამერასთან პოზირება აუცილებელი არაა“
თამთა ჩაჩანიძე
12.05.2025

ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ჩაბმა არის „ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება და 6-თვიანი პროტესტის წყალში გადაყრა". პარტია „გახარია საქართველოსთვის" მონაწილოებას არ გამორიცხავს, ამასთან, „ლელოს" კოალიციაც რეგიონებში შეხვედრებს მართავს, თუმცა, როგორც პარტიაში ამბობენ, „ეს არ ნიშნავს რომ თვითმმართველობის არჩვენებსთვის ემზადებიან".

მანამდე „ოცნებაში" განაცხადეს, რომ „ლელო" და გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოებას აპირებს. არსებული პირობებით მონაწილოებაზე კატეგორიულ უარს ამბობს ენმ და „კოალიცია ცვლილებებისთვის".

ამასთან „ოცნებაში" წინასწარ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებს 64-ივე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის წყალში გადაყრას ნიშნავს.

„უდავოდ მართებულია ის, რომ ეს პროტესტი წყალში გადაიყრება, რომელიც იმ ნიშნით ეწყობოდა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან არ უნდა ითანამშრომლოს და ამით თავის მხრიდან არ აღიაროს მისი კანონიერება. მომავალ არჩევნებს ამას თუ დავუკავშირებთ, ეგ ლოგიკურია, რომ წარსულს უნდა გადაუსვა ხაზი, თუ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ იქნებ ეს წარსული ისედაც ხაზგადასასმელია?

„თუ ამ საკითხვს დააყენებენ - სწორი იყო თუ არა ბოიკოტი, ალბათ იძულებულები იქნებიან გასცენ პასუხი, რომ არ იყო სწორი. უნდა შეხვიდე პროცესში, უნდა მიიღო თამაშის წესები. ეს არაა ხელისუფლების თამაშის წესები, ეს საერთაშორისო წესებია - დაამარცხო მეტოქე უკვე პოლიტიკურ არენაზე, მაგრამ, მეორეს მხრივ, მე მგონი ოპოზიციას უცხოეთიდან აქვს დაკვეთა, რომ ჯერ-ჯერობით დესტაბილიზაცია გაგრძელდეს. ჯერ-ჯერობით იმიტომ ვამბობ, რომ, ვფიქრობ, ბოლოში მაინც გადაწყვეტენ მონაწილეობას.

„იქამდე კი ის პოზა უკავიათ, რაც მათ დასავლელ პარტნიორებს აწყობთ. მათ პარტნიორებს დღეს აწყობთ, ჰქონდეთ სათქმელი, რომ საქართველოში არასტაბილურობა და კრიზისია. აგერ მაკრონმა თქვა, საქართველოს კრიზისი მარტო ახალი არჩევნებით განიმუხტებაო, ესე იგი ასეთი მსჯელობების გამოსახატად სჭირდებათ ითქვას, რომ კრიზისია. თუ გამოსვლები არ იქნება, მაშინ ეს კრიზისად ვერ ჩაითვლება, რადგან ეს დემოკრატიის სტანდარტში ჯდება, თუ დემოკრატიული სტანდარტიდან ამოვარდნილი სურათი იქნება, მაშინ ევროპელებს საშუალება ექნებათ, რომ განგაშის ზარი დასცენ და განგაშის მიზეზად „ოცნების" ხელისუფლება გამოაცხადონ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ დღევანდელი ცესკო-ს პირობებში მონაწილეობა „ოცნების" აღიარებას და მის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს.

„დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პირობებში, არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. მით უმეტეს, საარჩევნო კანონი მკაცრდება. ადგილობრივ არჩევნებს ნიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიცია არალეგიტიმურად თვლის, ამიტომ ნამდვილმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

„ის განცხადებაც, რომ 64-ივე მუნიციპალიტეტში მოგებას აპირებენ, ნიშნავს, დე ფაქტო ხელისუფლება არანაირად არაა დაინტერესებული, საქართველოში დემოკრატიის ოდნავი შუქურაც რომ არსებობდეს. შეიძლება გაყალბება არც დასჭირდეთ, თუ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. ფორმალურად ხელისუფლების სატელიტი პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, რომ ჩაეთვალოთ მრავალპარტიულ არჩევნებად. სოციალური სამართლიანობის რაღაც მოძრაობა შეიქმნა, რომლებმაც გუშინწინ მიხეილ სააკაშვილის ბანერები დახიეს, აი, ასეთი პარტიები, რომლებიც თითქოს ივანიშვილს აკრიტიკებენ.

„გახარიას პარტიაც იძახის, რომ მონაწილეობას აპირებს და ამ ფონზე „ქართულ ოცნებას" ხელ-ფეხი ეხსნება. ვნახოთ, დრო გამოაჩენს, რას იზამს, შესაძლოა ხელისუფლებასთან გარიგება იყოს, რომ მიიღებენ მონაწილეობას იმის სანაცვლოდ, რომ პარტია არ გაუუქმონ. ყოველ შემთხვევაში კარგი ვითარება არაა და საქართველოში საპარლამენტოც და ადგილობრივი არჩევნებიც დემოკრატიის პირობებში უნდა გაიმართოს.

„არჩევნები არ ჩაითვლება დემოკრატიულად და შეიძლება არც ეუთომ და არც ევროპის საბჭომ დამკვირვებლები არ მოავლინოს, წინასწარ გამოაცხადონ, რომ არ სცნობენ არჩევნებს ლეგიტიმურად. მთავარი ცვლილება შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ სანქციები ამოქმედება „ქართული ოცნებისა" და მათთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, რომ ამით დაასუსტონ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

„კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოება არის ხელისუფლების ლეგიტიმაცია და 6-თვიანი პროტესტის ღალატი.

„ნებისმიერი ნაბიჯი ხელისუფლების ლეგიტიმაციისკენ იქნება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების ღალატი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება არის ლეგიტიმური, მისი დანიშნული არჩევნები არის ლეგიტიმური და ვიღებთ მასში მონაწილეობას, მაშინ ვფიქრობ, რომ წყალში ვყრით 6 -თვიან ბრძოლას, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიარა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა გამოიარეს. წყალში ვყრით იმას, რასაც ვხედავდით, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ამ ადამიანების ინტერესების ღალატს არ ვაპირებ! ჩვენც გვაქვს შეხვედრები, მაგრამ ამ შეხვედრებზე ვეუბნებით ადამიანებს, რომ რაც არ უნდა გვიჭირდეს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა, ღალატი ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესების არის შეუძლებელი", - განაცხადა წიკლაურმა "პალიტრანიუსთან".

„თუ არსებული სტატუს-ვო არ შეიცვალა, ეს არის მხოლოდ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და თუკი გახარიას პარტია აპირებს მორიგჯერ, როგორც „გავრილოვის ღამის" შემოქმედები, ისევ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, კი ბატონო, მიიღონ მონაწილეობა, ხელს არავინ უშლის", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან სანიკიძემ. იქვე დაამატა, რომ თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, არცერთი პარტია არ უცხადებს ბოიკოტს თვითმმართველობის არჩევნებს.

სანიკიძის მოსაზრებით, „ლელო-ძლიერი საქართველოს" მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ გახარიას პარტიის მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა, ამიტომ ბევრად უფრო ნაკლები პრეტენზიის საფუძველი შეიძლება იყოს „ლელო - ძლიერი საქართველოს" მიმართ. ამასთან, სანიკიძემ ისაუბრა, თუ რას აკეთებს მათი პარტია, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა".

„ჩვენ ძალიან აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სხვადასხვა კამპანიის თვალსაზრისით რეგიონებში. არ არის აუცილებელი ყოველთვის კამერების წინ მუშაობა. საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის შემთხვევაში ვიქნებით ყველაზე მეტად მომზადებული. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. ინსინუაციები რომ არ წავიდეს, თითქოს ეს გასვლები ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, არ არის აუცილებელი ყოველთვის კამერასთან პოზირება, სხვადასხვა რეგიონში საკუთარ გუნდს შეგვიძლია კამერის გარეშეც შევხვდეთ.

„ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ჩაინიშნება სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები და არჩევნებს ადმინისტრირებას ირაკლი კობახიძე არ გაუწევს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×