მარიამ ვეკუა
15.05.2025

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები წლების შემდეგ პირველად პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხუთშაბათს ერთსა და იმავე ქვეყანაში, თუმცა სხვადასხვა ქალაქში იმყოფებიან. როგორც უკრაინის პრეზიდნეტი ამბობს, „დიდი მოლოდინები არ აქვს". მსგავს პესიმისტურ პროგნოზს რუსი და დასავლელი მიმომხილველებიც აკეთებენ.

ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სტამბოლში რუსული დელეგაციის შემადგენლობა მოლაპარაკებებისადმი მოსკოვის „არასერიოზულ დამოკიდებულებაზე" მეტყველებს, ვინაიდან, მასში არავინ არაა, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს.

„ამის მიუხედავად, პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე - და მაინც, დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტის მხრივ თუნდაც პირველის ნაბიჯების მიღწევის სურვილით - გადავწყვიტე სტამბოლში ჩვენი დელეგაცია გავგზავნო", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი გაემგზავრება, რომელთაც თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრაზე არ იქნებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი.

„დღის წესრიგს რაც შეეხება, ნომერ პირველი მანდატი მათ ექნებათ - ცეცხლის შეწყვეტა", - თქვა ზელენსკიმ.

სტამბოლში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკი კი აცხადებს, რომ მზად არიან კომპრომისებისთვისაც.

უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდში იყვნენ ზელენსკის უახლოესი მრჩეველი ანდრეი იერმაკი, პრეზიდენტის თანაშემწე იგორ ჟოვკვა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა. თუმცა, პუტინის მიერ დაბალი რანგის დელეგაციის გამოცხადების შემდეგ, გუნდი სტამბოლში ჩამოსვლას არ აპირებს - მათი უმეტესობა ანკარაშია.

კრემლის მიერ ოთხშაბათს გვიან ღამით გამოქვეყნებული რუსი დელეგატების სია თითქმის იდენტური იყო იმ ჯგუფისა, რომელიც მოსკოვმა ბელორუსსა და თურქეთში მოლაპარაკებებზე გაგზავნა - 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი ვლადიმერ მედინსკი. მის შემადგენლობაში ასევე არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი.

ვარაუდობდნენ, რომ პუტინის მიერ მოწვეულ და ზელენსკის მიერ შეთანხმებულ მოლაპარაკებებში ორივე ლიდერს და შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტსაც კი მიეღო მონაწილეობა. ამის ნაცვლად, რუსეთმა მინისტრის მოადგილეებისა და ექსპერტების დელეგაცია გაგზავნა.

საინტერესო იყო პრეზიდენტ დონლად ტრამპის კომენტარიც კითხვაზე, არის თუ არა პუტინის გადაწყვეტილებაზე იმედგაცრუებული

„მისმინეთ, არაფერი მოხდება მანამ, სანამ პუტინი და მე არ შევხვდებით", - უთხრა მან ჟურნალისტებს. „იმედგაცრუებული არ ვარ".

თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა წარმოადგენს."

საინტერესო იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, მან თქვა რომ უკრაინამ პირობა შეასრულა, ხოლო პუტინის სკამი კი ცარიელია.

„დღეს ჩვენ თურქეთში ვართ. უკრაინამ თავისი დაპირებები შეასრულა. პრეზიდენტი ზელენსკი აქ იმყოფება თავის მრჩევლებთან და მინისტრთან ერთად. თუმცა, უკრაინის წინ ცარიელი ადგილია, ადგილი, რომელიც ვლადიმერ პუტინს ელოდება," - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.

ბარო ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინმა რუსეთის წარმომადგენლები თურქეთში მხოლოდ იმიტომ გაგზავნა, რომ დასავლეთის მიერ დაანონსებული სანქციები თავიდან აირიდოს.

„პუტინის მიერ გამოგზავნილი ტექნიკური ჯგუფი თურქეთში იმყოფება, სადაც ისინი შეხვედრებს გამართავენ, თუმცა ეს რუსეთისთვის იმ მასშტაბური სანქციების თავიდან აცილების საშუალებაა, რომელთა დაწესებასაც შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები გეგმავდნენ," - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×