
ბალტიის ზღვაზე ხუთშაბათს რუსული ტანკერის შეჩერების მცდელობას მოსკოვის მძაფრი რეაგირება მოჰყვა - რუსებმა გემის დასაცავად ავიაგამანადგურებლები ააფრინეს და ესტონეთის საზღვაო კატერები აიძულეს უკან დაეხიათ. ამ ინციდენტმა ნათლად გამოაჩინა, რომ ბალტია მალე შეიძლება ძალიან „ცხელ წერტილად" იქცეს. ბალტიის ქვეყნები, განსაკუთრებით ესტონეთი, დაჟინებით აცხადებენ, რომ მზადა არიან ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სანქციები აღასრულონ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, პუტინი კი არაორაზროვნად აჩვენებს, რომ გემების დასაცავად პრიდაპირ სამხედრო კონფლიქტს არ მოერიდება.
ესტონეთის ცნობით, რუსეთის გამანადგურებელმა ნატოს საჰაერო სივრცე დროებით დაარღვია. რუსეთი, რომელიც სანქციებს მისი ეკონომიკის განადგურების ბოროტ მცდელობად მიიჩნევს, აცხადებს, რომ მის გემებს ბალტიის ზღვაში თავისუფალი გადაადგილება შეუძლიათ, ხოლო მათი შეჩერების ნებისმიერი მცდელობა საშიშია და მზადაა უპასუხოს.
ნატოს ალიანსის წევრმა - ესტონეთის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ გემი „იაგუარი", რომელიც გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში შევიდა, ესტონეთსა და ფინეთს შორის საერთაშორისო აკვატორიაზე დაცურავდა და გაჩერების თხოვნისას თანამშრომლობაზე უარი თქვა.
საბოლოოდ, ესტონეთის საზღვაო ძალებმა ის რუსეთის წყლებში გადაიყვანეს.
„რუსეთის ფედერაციამ სიტუაციის შესამოწმებლად გამანადგურებელი გაგზავნა და ამ გამანადგურებელმა ნატოს ტერიტორია თითქმის ერთი წუთის განმავლობაში დაარღვია", - განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაკნამ ჟურნალისტებს თურქეთში.
„რუსეთის ფედერაცია მზადაა დაიცვას „ჩრდილოვანი ფლოტი"... სიტუაცია მართლაც სერიოზულია".
დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვი ასობით მოძველებულ ნავთობტანკერს იყენებს, რათა თავიდან აიცილოს სანქციების სიმრავლე, რომლებიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის დასასჯელად არის განკუთვნილი.
მოსკოვი ყოველდღიურად მილიონობით ბარელ ნავთობსა და საწვავს ჩინეთსა და ინდოეთში მყიდველებს უგზავნის.
მის გემებს ხშირად აქვთ გაუმჭვირვალე სტრუქტურები და ცურავენ დასავლური უმაღლესი დონის დაზღვევისა და უსაფრთხოების სერტიფიკატის გარეშე.
ნატომ ბალტიის ზღვაზე მომხდარს "ინციდენტი" უწოდა.
„რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები ხელს არ შეგვიშლის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოქმედებაში საზღვაო უსაფრთხოების, დაცულობისა და ნავიგაციის თავისუფლების შესანარჩუნებლად", - განაცხადა მარტინ ო დონელმა, ნატოს სამხედრო შტაბის, SHAPE-ის პრესმდივანმა.
რუსული Su-35 გამანადგურებელი მიუახლოვდა ტანკერს და მას გარს შემოუფრინა, დაფრინავდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, გარდა ამისა, მან ტანკერზე მიახლოებისას ესტონეთის საჰაერო სივრცე დროებით დაარღვია, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა.
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალების RT-ის ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი გემის დაკავების თავიდან ასაცილებლად გაიგზავნა.
ფინეთმა რუსული გემები რეგიონში უგუნურ ქცევაში დაადანაშაულა, ლიეტუვა კი ინციდენტის გამო აღშფოთებულია.
„რუსეთი ნათლად აჩვენებს, რომ მზადაა დაიცვას თავისი ნავთობის მარშრუტი. ჩვენ ფრთხილად და რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ესკალაცია სამხედრო შეტაკებაში არ გადაიზარდოს", - განაცხადა ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუკასმა.
„მიჰყევით ჩემს ინსტრუქციებს."
ესტონეთის განცხადებით, გაბონის სიაში შემავალი „იაგუარის" შესამოწმებლად ნატოს სამხედრო თვითმფრინავებიც აფრინდნენ.
ესტონეთის საზღვაო ძალების მეთაურმა ივო ვარკმა „როიტერს" განუცხადა, რომ „იაგუარი" ესტონეთის დედაქალაქ ტალინთან, ნაისაარის კუნძულთან ახლოს იმყოფებოდა, როცა მისი სტატუსის შესამოწმებლად სამშაბათს შუადღისას რადიოთი დაუკავშირდნენ, რადგან კონკრეტული „ეროვნების მითითების გარეშე" მიცურავდა.
ხოლო როცა გემმა უარი თქვა თანამშრომლობაზე, საზღვაო ფლოტმა რუსეთის საზღვაო აკვატორიაზე მისი საპატრულო გემით ესკორტირება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა მე-17 სანქციების პაკეტი მიიღო, რომელიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, რაც გულისხმობს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" - ასობით ნავთობტანკერის - წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
ასევე, სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ქიმიური იარაღის გავრცელებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებს ითვალისწინებს.