თამთა ჩაჩანიძე
16.05.2025

გახარიას პარტიას სხდომების ნახევარზე მეტი უკვე გაცდენილი აქვს და პროცედურულად ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს მისი 12 მანდატის ბედი. ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ ძალას ცესკო-ში სია არ ჩაუხსნია და შესაბამისად, პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნოს.

სადეპუტატო მანდატები აქვთ: გიორგი გახარიას, ბექა ლილუაშვილს, თეონა აქუბარდიას, ზვიად ძიძიგურს, დიმიტრი ცქიტიშვილს, როინ ქოჩორაშვილს, კახაბერ ქემოკლიძეს, ბერდია სიჭინავას, ნათია მეზვრიშვილს, ანა ბუჩუკურს, ზაზა თავაძეს და ლევან გოგიჩაიშვილს.

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიას პარლამენტიდან მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ მიუღია. მისი თქმით, პარტიისთვის მნიშვნელოვანია ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი და მანდატების შეწყვეტის შემდეგ, გარკვეული პერიოდი დაფინანსება წყდება.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიებისთვის, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. პარტია პირველი 50 000 ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარს იღებს, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის 5 ლარს.

თუმცა, 2021 წელს"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში მიღებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამასთანავე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" 161 521 ხმა, ანუ ამომრჩეველთა ხმების 7,78% მიიღო.

"გახარია საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხი წესით კენჭისყრისთვის სესიაზე უნდა დადგეს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ცნობები ჩვენ არ მიგვიღია, ეს პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია და მათ შეუძლიათ საკითხი პროცედურის შესაბამისად გადაწყვიტონ, წესით და რიგით, ეს საკითხი სესიაზე უნდა დადგეს კენჭის საყრელად",- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, მანდატების შეწყვეტის შემდეგ, ბიუჯეტიდან პარტიის დაფინანსება როგორ გაგრძელდება, ლილუაშვილმა გვითხრა:

"ამ საკითხზე ჩვენი მიდგომა ყველასთვის ცნობილია, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიუჯეტი და გამჭვირვალე დაფინანსება, ჩვენ არ გვყავს ბანკირები და ოლიგარქები ჩვენი პარტიის დაფინანსების საკითხში, ამიტომ ცხადია მნიშვნელოვანია ამ დაფინანსების მიღება.

"მანდატების შეწყვეტის შემდეგ, თუ არ ვცდები, რაღაც პერიოდი ჩერდება დაფინანსების საკითხი მანამ, სანამ სიით შემდგომი ადამიანების უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი. ჩვენ სია არ ჩაგვიხსნია და შესაბამისად, რაც გაწერილია, "ოცნება" ამ პროცედურას გაჰყვება, თუმცა მათგან არც ის არაა გამორიცხული, რომ სხვანაირი რამე მოიფიქრონ",- განაცხადა ლილუაშვილმა.

დამატებით კითხვაზე, ანუ შესაძლოა თუ არა ადგილმონაცვლეები შეიყვანონ სადეპუტატო სიაში, ლილუაშვილმა განგვიცხადა, რომ "წესით და რიგით ასე არის, დიახ, შემდგომი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება უნდა იქნას ცნობილი".

ლილუაშვილი გამოეხმაურა განცხადებებს, სადაც საუბარია, რომ გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მისი თქმით, პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს.

"ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრული პოზიცია გვქონდა, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, რომ პარტია მზად უნდა იყოს ნებისმიერი არჩევნებისთვის, ეს იქნება საპარლამენტო, თვითმმართველობის, თუ სხვა. როდესაც პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, შინაარსობრივად ეს ნიშნავს, რომ ამ პარტიის რადიკალიზაცია უნდა მოხდეს, ან ამომრჩეველს საკუთარი საქმიანობის სხვა გზა უნდა აჩვენონ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ, დიახ, ვემზადებით არჩევნებისთვის, ყველანაირი არჩევნებისთვის ვემზადებით, ეს ჩვენი ფუნქცია და მოვალეობაა. თუ ბოიკოტს გადავწყვეტთ, ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ და ძალიან მკაფიო პოზიციონირება და ახსნა გვექნება",- განაცხადა პოლიტოკოსმა.

26 მაისის აქციაზე საუბრისას, ლილუაშვილმა გვითხრა, რომ ყველა აქციას შეუერთდებიან, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გაიმართება.

"ყველა აქციას მხარს ვუჭერთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესის დაცვისთვის იმართება. ყველას მოვუწოდებთ და პირველ რიგში ორგანიზატორებს ორივე მხრიდან - თავი შეიკავონ რაიმე ტიპის დაპირისპირებისგან, ძალადობისგან, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნება" ეცდება ამ აქციაზე დაპირისპირების კერები შექმნას მიზანმიმართულად და ყველას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინება. საზოგადოების ზუსტად ამ მოთმინებამ, უწყვეტი პროტესტის პირობებში მიგვიყვანა იმ მნიშვნელოვან შედეგებამდე, რა შედეგებიც გვაქვს არაღიარებისა და სანქციების ნაწილში",- განაცხადა ლილუაშვილმა.

მან პრემიერ ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციას მისწერა.

"ძალიან პრიმიტიული აქტია, სინამდვილეში ამ წერილით "ოცნება" აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას კი არ მიმართავს, როგორც წერილშივე აღნიშნეს, მათ ეს მცდელობები ძალიან ბევრჯერ ჰქონდათ და არაფერი არ გამოუვიდათ. ამ წერილით უბრალოდ ქართველ ხალხს მიმართავენ. "ქართულმა ოცნებამ"დემოკრატიული დასავლეთი გადაგვკიდა, ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ, ესაა ამ წერილის შინაარსი.

"არავის არ სჯერა წერილის გამოქვეყნების მოტივი იყო ის, რომ ტრამპს ენახა მისი შინაარსი, ესაა საუბარი "ქართული ოცნების" ამომრჩეველთან, რომელმაც რამდენიმეჯერ მოატყუა, როდესც 20 იანვარს ჰპირდებდა, შემდეგ შეხვედრების გამართვას ლეგიტიმაციად ასაღებდა, როდესაც ივანიშვილი არჩევნების შემდეგ ორ კვირაში ელჩთან შეხვედრებს და ურთიერთობების გადატვირთვას ჰპირდებოდა. მოატყუა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხის ინტერპრეტირება სხვაგვარად მოახდინა. ასევე მაშინ, როდესაც თქვა, რომ ამერიკა შეატრიალებდა ჩვენთან ურთიერთობებს და მერე წამოიწყეს ახალი ნარატივი "დიფ სტეიტის" დაუმარცხებლობის შესახებ, ამ ყველაფრისგან მოტყუებული ამომრჩევლის მოსატრიალებლად ეს წერილი გამოაქვეყნა, რომ თურმე ეს ყველაფერი მათი ბრალი კი არაა, რომ დღემდე საქართველო იზოლაციისკენ და ავტოკრატიული რეჟიმისკენ მიექანება, არამედ ეს გამოგინილი, ეფემერული რაღაც გლობალური ძალების ბრალია.

"თუ აქამდე ეს ქვეყანა ბალანსის პოლიტიკას ახერხებდა, თუ აქამდე ახერხებდა იმას, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა პიკში ყოფილიყო და ამავდროულად, აშშ-სთან ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზე, როგორც 2019-20 და 2021 წლის დასაწყისში იყო, მაშინ ქვეყნიდან ჩინეთში ექსპორტი 700 მილიონი იყო, ახლა განახევრებულია, სამაგიეროდ, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა გააფორმეს, მაგრამ ამრიკასთან შეჩერებულია.

"ახლა ის შეიცვალა, რომ მოტივი აქვთ უფრო მეტი ფული იშოვონ, მეორეს მხრივ ფაქტია მათ ვერ შეძლეს ამ ქვეყნის დაცვა, პარტნიორების მხარდაჭერის მიღება, ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ახლა იმის გამო, რომ თავიანთი ცხოვრება გაიუმჯობესონ, არალეგიტიმურად ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობენ",- განაცხადა ლილუაშვილმა "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×