
თურქეთში ომის დამთავრების მიმართულებით მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა, ვინაიდან კრემლმა წარადგინა პირობები, რაც უკრაინულმა დელეგაციამ კატეგორიულად უარყო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება სტამბულში, პრეზიდენტის დოლმაბაჰჩეს სასახლეში შედგა, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
ერთადერთი, როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, მხარეები ტყვეების გაცლაზე შეთანხმდნენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ დელეგაციებმა ომის ტყვეების „ათასი ათასზე" გაცვლა განიხილეს.
„ჩვენ ვიცით თარიღი, მაგრამ ჯერ არ დავასახელებთ", - თქვა უმეროვმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს განხილული იყო ცეცხლის შეწყვეტის „ყველა მოდალობა". ამის გარდა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის საკითხსა ზელენსკი-პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხს შეეხნენ.
„ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, და ასევე პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას. ვილაპარაკეთ „ათასი ათასზე" გაცვლაზე, ასევე ვმუშაობთ ამ გაცვლის სხვა დეტალებზეც", - განაცხადა უმეროვმა.
მისი თქმით, ახლა „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ომის ტყვეების გაცვლა", ხოლო სხვა ნაბიჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უკრაინული რადას დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, რუსეთმა მოითხოვა უკრაინული ჯარების სრულად გამოყვანა ყველა იმ ოლქიდან, რომლებიც საკუთარ კონსტიტუციაში შეიტანეს - საუბარია ლუგანსკზე, დონეცკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე, 30-დღიან ზავზე კი უარი თქვეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მოთხოვნა უკრაინულმა დელეგაციამ კატეგორიულად უარყო, ამის საპასუხოდ კი რუსები ადგნენ და თქვეს, რომ შემდეგ ჯერზე უკვე 5 ოლქს მოითხოვენ.
შეხვედრამდე უცხოური წყაროები წერდნენ, რომ რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნები, რომლებიც „არარეალისტურია" და „გაცილებით აღემატება ოდესმე განხილულ ნებისმიერ რამეს".
„სქაი ნიუსის" ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსასრულებლად, რუსეთის ზოგიერთ მოთხოვნაში შედიოდა უკრაინის ჯარის გაყვანა საკუთარი ტერიტორიიდან.
კიდევ ერთმა წყარომ „ბიბისის" განუცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს „დროის მოსაგებად და სპექტაკლის მოსაწყობად" იყენებს.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის შეწყვეტის განსახილველად შესაძლოა ვლადიმერ პუტინს დაურეკოს.
„ჩვენ უნდა შევხვდეთ. მე და ის შევხვდებით. ვფიქრობ, მოვაგვარებთ. ან იქნებ - ვერა, ყოველ შემთხვევაში, გავიგებთ. თუ ვერ მოვაგვარებთ, ძალიან საინტერესო იქნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, როგორც კი ამის ორგანიზების შესაძლებლობა იქნება.
შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. ფიდანმა უკრაინაში დარეგულირების ამჟამინდელ ეტაპს კრიტიკული უწოდა. ეს რუსეთ-უკრაინის პირველი შეხვედრაა ბოლო სამ წელიწადში. უკრაინული მხარე რუსებთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობდა.
უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს - კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.
რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრამდე, პირველი ცალმხრივი შეხვედრა გაიმართა უკრაინას, თურქეთსა და ამერიკას შორის, რომელიც დაახლოებით 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ : აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის - საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია - „მკვლელობები უნდა შეწყდეს".
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ „ანკარა იმედოვნებს, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობის მიღწევა მოხდება".
„მშვიდობისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება, თუ მხარეებს შორის უთანხმოება შემცირდება. პირადად მე მჯერა, რომ საკმარისი საფუძველი გვაქვს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იმედისთვის. ღვთის ნებით, მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობას მივაღწევთ", - განაცხადა ფიდანმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს რეაგირებისკენ მოუწოდებს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს.