
„როგორც ჩანს, ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა მოსწყურდათ", - ასე შეაფასა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მისი ყოფნა ალბანეთის დედაქალაქში ევროპული გაერთიანების სამიტზე და იქ გამართული შეხვედრები. მას ოფიციალური შეხვედრების გარდა, ევროპელ ლიდერებთან არაფორმალურად გასაუბრების საშუალებაც ჰქონდა. რა დასკვნის საშალებას იძლევა ეს ყველაფერი, იწყება თუ არა საქართველოს-ევროპის ურთიერთობის ერთგვარი დათბობდა და რას უნდა ველოდოთ სამომავლო პერსპექტივებში?
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობაზე საუბარი ნაადრევია და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობენ. ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა „რეალურ რელსებზე" გადავა, მეორე ნაწილი კი საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს ხედავს.
შეგახსენებთ, 16 მაისს ალბანეთში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში ირაკლი კობახიძის მონაწილეობა იყო მისი პირველი საერთაშორისო გამოსვლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრები ტირანაში
მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო. სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტზე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
კობახიძე კონფერენციის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდ ვუჩიჩს, ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას და სხვა ლიდერებს შეხვდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება. თუმცა, ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასა და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან", - განაცხადა პრემიერმა.
საინტერესო იყო კობახიძის პირველი კომენტარი სამიტის დასრულების შემდეგ,
„იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში. როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან.
„სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლისა და ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების საშუალება", - განაცხადა პრემიერმა.
ვიზიტის მნიშვნელობა
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ სამიტში კობახიძის მონაწილეობა „საერთოდ არაფერია" და ეს არ ნიშნავს არც ლეგიტიმაციის მინიჭებას ევროპელი პარტნიორების მხრიდან.
„კობახიძის სამიტზე მონაწილეობა საერთოდ არაფერია. „ოცნება" ცდილობს ამის გავრცელებას, რომ „აი, გვაღიარებენ", თითქოს არ გვაქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. 15-წამიან ხელის ჩამორთმევას რომ ამხელა მნიშვნელობა ენიჭება და მთელი პროპაგანდა ამას აკეთებს...
„გარდა ამისა, ეს ეხება მაკრონსაც, რომელიც ცოტა ხნის წინ კოკაინის მომხმარებლად გამოაცხადეს ამ ტელევიზიებმა. ასე რომ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს.
„ეს არ ყოფილა ლეგიტიმაციის მინიჭება ევროპელების მხრიდან. კობახიძე და ივანიშვილი კი არა, კაციჭამიები ჰყავდა ცენტრალურ აფრიკას - ჭამდნენ ოპოზიციონერებს პირდაპირი მნიშვნელობით და იმათაც კი ელაპარაკებოდნენ. საერთაშორისო ურთიერთობებში „ხმა არ გასცე" არასდროს ხდება და არც მოხდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ლეგიტიმაცია „ოცნებას" ხალხისგან უკვე მიღებული აქვს.
„ამ ვიზიტს უაღრესად დადებითად შევაფასებ. კარგია, რომ პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობა, თავის მხრივ, ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობას არ წყვეტს - სტრუქტურებთან, საიდანაც ბევრი ცილისწამება წამოვიდა. ეს კარგია. ჩვენ დავინახეთ კონტაქტის, კომუნიკაციის ინიციატივა, რაც დასავლეთიდან მოდის.
„იმასაც მოვუწონებდი ხელისუფლებას, რომ - „აგერ, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმაცია" - ამას არ აპიარებენ. „ვაიმე, ხელი ჩამოართვა", „ვაიმე, მიესალმა" - ეს არის პროვინციალიზმის კულმინაცია, რასაც აკეთებენ ანტიეროვნული ძალები. ასეთ ვიზიტებს მივესალმები.
„რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, ლეგიტიმაცია „ოცნებამ" მიიღო მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ამომრჩევლისგან, ქართველი ხალხისგან. იქიდან კი მიიღო მასშტაბური ცილისწამება და რაღაცები დაბრალდა. თუმცა, ბოდიშს არ მოიხდიან - დღევანდელი დასავლეთი არ არის იმ დონეზე. თუმცა თანდათან გადიან კონტაქტზე, სამუშაო შეხვედრებზე და ა.შ.", - განაცხადა მამრაძემ.
დაიწყო თუ არა ურთიერთობის დათბობა
დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა დღის წესრიგში არ დგას.
„ეს არის პრელუდია და ამას მალე მოჰყვება სანქციები - თუ ასე გაგრძელდა, თუ ცვლილებები არ მოხდა. ეს არის ამათთვის პრობლემა და ცდილობენ, ამ გაგებით მოიპოვონ ლეგიტიმაცია, სრულფასოვანი კონტაქტები აშშ-სა და ევროპასთან. თუმცა არ გამოდის, რადგან კონტაქტის აღდგენას ცდილობენ და პარალელურად აგინებენ. მათივე ექსპერტები, მედიები და პოლიტიკოსები ასე საუბრობენ.
„დასავლეთის ქვეყნებისთვის ესეც ცნობილია და არ რჩება რეაგირების გარეშე. ასე რომ, ეს მცდელობები უფრო მიმართულია შიდა მომხმარებლისთვის, რომ თითქოს „პრობლემა არ გვაქვს" და თითქოს ქვეყნები რიგში დგანან - როდის ჩამოართმევენ ხელს კობახიძეს და მერე სახლში იძახიან - „რამხელა პატივი გვერგოო". ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად მსგავსი არაფერია.
„ასე რომ, ევროკავშირთან დათბობის საკითხი არა მხოლოდ ნაადრევია, არამედ საერთოდ არ დგას დღის წესრიგში, სერიოზულად ასეა", - განაცხადა ზურაბიშილმა.
პეტრე მამაძეც ფიქრობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათმობაზე საუბარი ნაადრევია.
„ნაადრევია ევროკავშირთან ურთიერთობის დათბობაზე საუბარი. ჩვენ ვიცით, რას მოითხოვენ ისინი. პრემიერის განცხადება, რომ „ჩვენ არ ვწყვეტთ არავითარ შემთხვევაში ურთიერთობას" და რომ „შემოგვთავაზოს ევროკავშირმა დღესვე გაწევრიანება, დღესვე მზად ვართ", ამას დიდი ხანი ვერ გადახარშავენ და ვერ აპატიებენ საქართველოს მთავრობას. ვგულისხმობ კობახიძის ამ სიტყვებს - „იმისთვის, რომ ევროპარლამენტარების ნაწილს აღარ ჰქონდეს შანტაჟის ბერკეტი, ჩვენ ამას არ დავაყენებთ დღის წესრიგში; და მეორე - საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირიდან საბიუჯეტო დაფინანსებაზე.
„ასე რომ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნაადრევია საუბარი პოლიტიკის დათბობაზე", -განაცხადა მამრაძემ.
სამომავლო პერსპექტივა - კომპრომისები, თუ ხისტი პოლტიკა
დავით ზურაბშვილი აღნიშნავს,, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან „ოცნების" მხრიდან კომპრომისებს არ ელოდება:
„სამომავლო პერსპექტივები „ოცნებაზეა" დამოკიდებული. გააჩნია, რას გააკეთებს. თუ ასე გააგრძელებს, ცვლილებები მოხდება, ოღონდ გაცილებით მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი სანქციები წამოვა. ფაქტობრივად, დღეს სახელმწიფო დგას საერთაშორისო იზოლაციის წინაშე. ასე რომ, თუ გაჯიუტდა და ახირებული პოლიტიკა გაგრძელდა, საბოლოო ჯამში ეს ძალიან მძიმედ აისახება ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„ეს დღეს უშუალოდ არ იგრძნობა, თუმცა, ასე გაგრძელების შემთხვევაში, ამას ვიგრძნობთ მომავალში. თუ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს, ან იფიქრებს რიგგარეშე არჩევნებზე, მოხდება სიტუაციის ცვლილება - იგივე ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდანაც."
პეტრე მამრაძე კი აღნიშნავს, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა „რეალიზმის რელსებზე" გადავა.
„რეალიზმის რელსებზე გადავა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა. იქიდან წარამარა იყო განცხადებები, თუმცა კოშმარულ სიზმარშიც კი არ ფიქრობდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. კი, სტატუსები იყო, მაგრამ სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დანარჩენი ბლეფია. ეს ბლეფი შეწყდება - სტაფილოს დაკიდება: ქართველო ხალხო, იარეთ, იარეთ, კარები ღიაა, თქვენ იარეთ კარებისკენ... მიდიხარ და სტაფილო ყოველთვის ცხვირწინაა და ვერ უახლოვდებუ - ეს შეწყდება. დაიწყება რეალური, პრაგმატული ურთიერთობა. შანტაჟი კი გამოირიცხება", - განაცხადა მამრაძემ „რეზონანსთან".
ისიც ასევე გამორიცხავს ამ ეტაპზე კონკრეტულ კომპრიმისებს „ოცნების" მხირდან.
რაც შეეხება „ოცნების" კომპრომისებს, რა უნდა გააუქმოს - მიღებული კანონები? ორი კანონი, რომლებსაც ანტიევროპულად შერაცხეს, მაშინ, როცა თვითონ იღებენ და უფრო მკაცრებსაც... და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა - ამაზე ყვიროდა ჰერჩინსკი: „აგერ, ეს ორი კანონი გააუქმეთ და მობრძანდით ევროკავშირში", რაც არის სრული ტყუილი. მე ვკითხე ჰერჩინსკის - რუსულ ტანკებთან ერთად მიგვიღებთ? ეს იყო ტყუილი.
„ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები? გამოაშვონ ისინი, ვინც არის საქართველოს კანონმდებლობით გასამართლებული? არც ერთი მათგანი არ არის ცნობილი პოლიტპატიმრებად მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. ასე რომ, კომპრომისები გამორიცხულია. რისთვის? იმისთვის, რომ ისევ თავს მოგვახვიონ შანტაჟი, ბლეფი და დემაგოგია?
„მე, ჩემი თანამდებობის გამო, ევროკავშირთან მჭიდროდ ვმუშაობდი. სულ სხვა ეპოქა იყო. სწორად თქვა კობახიძემ - ჩვენ ვიცნობდით სულ სხვა ევროპას. ამაზე კი ევროპელი მეცნიერები ძალიან ბევრს წერენ", - განაცხადა მამრაძემ.