
აფხაზური ტელეგრამ არხ „აიაშარას" ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტის მშენებლობაზე დაქირავებული რვა სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა მასშტაბური გაფიცვა დაიწყეს, მიზეზად კი ხელფასების არგაცემას ასახელებენ. ამავე წყაროს ცნობით, აეროპორტის მუშაობაში ტექნიკური პრემლემებია და პერიოდულად ითიშება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის განათება. აეროპორტის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ყველა მუშა ადგილზეა და მშენებლობაც გეგმის მიხედვით გრძელდება.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მუშები გაფიცვას აპირებდნენ თანხის არჩარიცხვის გამო, თუმცა დღეს რა ხდება, ეს მისთვის უცნობია. ამასთან ამბობს, რომ აეროპორტის ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარებულია - გაკეთებულია ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და კოშკურა, საიდანაც ფრენები იმართება. მუშების გაფიცვა კი აეროპორტის მუშაობას ვერ შეაფერხებს, თუ გაფიცულებმა საფრენი ბილიკი არ გადაკეტეს.
30-წლიანი პაუზის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტი 1-ლ მაისს გახსნა და ფრენებიც დაიწყო. საერთაშორისო ლიცენზიის არქონის გამო, ავიამიმოსვლა სოხუმიდან მხოლოდ რუსეთში - მოსკოვსა და ნიჟნი ნოვგოროდში აქვს.
რა ინფორმაცია გავრცელდა და რა უპასუხა აეროპორტის „ხელმძღვანელობამ"
„15 მაისიდან არც ერთი თანამშრომელი - დაახლოებით რვა კომპანიის წარმომადგენელი - არ გასულა სამუშაოზე. მიზეზი ხელფასების არმიღებაა", - წერს აფხაზური ტელეგრამ არხი „აიაშარა". ამავე ინფორმაციას ავრცელებს „ეხო კავკაზაც".
„აიშარას" ინფორმაციით, გენერალური კონტრაქტორი უარს ამბობს ხელფასების გადახდაზე, რადგან აეროპორტის მფლობელმა თავად არ გადარიცხა თანხა და სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებიან მანამ, სანამ მთელი დავალიანება არ დაიფარება.
„სამწუხაროდ, ამ პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ობიექტის შემდგომ ექსპლუატაციას, ბადრა გუნბა (აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი) დუმს, რათა არ შეექმნას პრობლემები არენდატორებსა და მმართველ კომპანიასთან. შედეგად, გუნბამ საფრთხის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში მომუშავე აფხაზეთის ხელისუფლებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებიც ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობენ. როგორც ჩანს, პრეზიდენტის პოტენციალი მხოლოდ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობით შემოიფარგლება, ხოლო ქვეყნისა და ხალხის ბედი მისთვის დიდად შესამჩნევი არ არის", - წერს „აიაშარა".
ამის საპასუხოდ, აეროპორტის „ხელმძვანელობამ" ყველაფერი უარყო და აფხახურ მედიას მოუწოდა „სანდო ინფორმაციისთვის" პირდაპირ აეროპორტის პრესსამსაურს დაუკავშირდნენ.
„სამგზავრო ტერმინალების მშენებლობა გეგმის მიხედვით გრძელდება. ყველა მუშა თავის ადგილზეა და აეროპორტი სრულად ასრულებს გენერალური კონტრაქტორის წინაშე დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებებს. ფუნქციონირებისთვის საჭირო მხარდაჭერა, მათ შორის ელექტროენერგია, სტაბილურად და ხარვეზების გარეშე მიეწოდება. სოხუმის აეროპორტი მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, სანდო ინფორმაციის მისაღებად პირდაპირ დაუკავშირდნენ პრესსამსახურს", - ციტირებს რუსული მედია სოხუმის აეროპორტის ე.წ. ხელმძღვანელობის განცხადებას.
შეაფერხებს თუ არა მუშების გაფიცვა აეროპორტის ფუქნციონირებას
ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აეროპორტში მთავარი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე ჩატარებულია და მუშების გაფიცვა აეროპოტრის ფუნქციონირებაზე არ იმოქმედებს, თუ მათ პროტესტის ნიშნად საფრენი ბილიკი არ გადაკეტეს.
„გაფიცვას რომ აპირებდნენ, ვიცოდი, მაგრამ გაიფიცნენ თუ არა, მართალი გითხრათ ამ წუთში არ ვიცი. მიზეზი ის იყო, რომ თანხაა გადასახდელი იმ სამუშაოებისთვის, რომელიც მათ გასწიეს აეროპორტის კეთილმოწყობის თვალსაზრისით. იქ ძალიან სერიოზული სამუშაო იყო გასაკეთებელი და ბევრი რამ გაკეთებულია.
„ესენი იმ ფულზე, რომელიც მოსკოვიდან უნდა ჩარიცხულიყო, ორ ვერსიას ყვებიან. ერთი, რომ ჩაერიცხათ, მაგრამ ჩვენთვის არ გადმოირიცხა და ვიღაცამ მოიპარაო; და მეორე, რომ არ ჩარიცხულა საერთოდ და ამის გამო უნდა ყოფილიყო გაფიცვა. ახლა არ ვიცი გაიფიცნენ თუ არა.
„გაფიცვა აბსოლუტურად არაფერზე არ მოქმედებს, რადგან ეს აეროპორტი სტრატეგიული ობიექტია და გაფიცულები არიან მშენებლები - სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები. ვინც აეროპორტის ფუნქციონირებაზე მუშაობს, ისინი ჩვეულებრივად მუშაობდნენ და მათ პრეტენზია არ ჰქონდათ. ასე რომ, თვითონ აეროპორტის ფუქნციონირებას ეს ხელს არ შეუშლის, თუ იმათმა, როგორც ამბობდნენ, არ გადაკეტეს საფრენი ბილიკი, თორემ სხვა შემთხვევაში ვერ შეუშლის ეს ხელს", - განაცხადა არეშიძემ.