ნატალია ჯვარიძე
19.05.2025

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა. გამოცემა „როიტერის" ინფორმაციით, თითქმის ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, დენმა ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 54% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონმა - 46%.

მსოფლიო ლიდერებმა ნიკუსორ დენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუმინელებმა აირჩიეს დაპირება ძლიერ ევროპაში ღია, აყვავებული რუმინეთის შესახებ.

ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 11.6 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან" აღნიშნა, რომ რუმინეთში ყველა რისკი განეიტრალებულია და ის გააგრძელებს ძველ კურსს.

„რუმინეთის საგარეო კურსი როგორიც აქამდე იყო, ისეთი გაგრძელდება. პრინციპში, ეს იმას ნიშნავს, რომ პრორუსულმა, პოპულისტურმა და ანტიევროპულმა ძალამ ვერ გაიმარჯვა. ასე რომ, რუმინეთი შეინარჩუნებს ძლიერ ატლანტიკურ კურსს და უკრაინის მხადამჭერად დარჩება.

ძალიან დიდი რისკი იყო იმისა, რომ უკრაინა ამ ქვეყნის მხადაჭერის გარეშე დარჩენილიყო. ასევე, დიდი რისკი იყო იმისა, რომ ვიქტორ ორბანს კიდევ ერთი მოკავშირე გასჩენოდა რუმინეთის სახით. რა თქმა უნდა, ახლა ეს რისკები განეიტრალებულია", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისიას შეფასებით, რუსებს საინფორმაციო ომის მოდელი ჩაუვარდათ.

„მგონი რუმინეთის საგარეო კურსი იქნება ისეთი, როგორიც მანამდე ჰქონდა. დასავლეთთან, ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობები გაგრძელდება. მოკლედ, საგარეო და გეოპოლიტიკური მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იქნება და ყველაფერი ძველებურად დარჩება.

ფაქტობრივად, რუსებს ჩაუვარდათ საინფორმაციო ომის მოდელი, რომლითაც ისინი აპირებდნენ, რომ რუმინეთში გავლენა მოეხდინათ", - განაცხადა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".

საგარეო ანალიტიკოსი, კორნელი კაკაჩიაც ადასტურებს, რომ რუმინეთი ძველ საგარეო კურსს გაჰყვება და აღნიშნავს: „როგორც მოსალოდნელია რუმინეთი გააგრძელებს თავის ევროატლანტიკურ კურსს, რისი მთავარი ქვაკუთხედიც უნდა იყოს ნატოსთან და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ის უკრაინის დამოუკიდებლობას მხარს დაუჭერს. ასე რომ, რუმინეთის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×