
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება და მისი სისხლის სამართლის საქმეები, პრკურატურის საგამოძიებო დაქვემდებარებაში გადადის. ფაქტს ოპოზიციაში ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებენ, "ოცნებაში" აცხადებენ, რომ "პროკურატურას საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული". ანალიტიკოსებს კი, "რეზონანსთან" განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა, მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა, მისი ხელმძღვანელი კოკა კაციტაძეა.
უწყების სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა, თუმცა, ოპოზიციას კოკა კაციტაძესთან კითხვები აქვს, რადგან მათი შეფასებით, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის საქმეები დარჩა გამოუძიებელი.
სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
"ოცნების" დეპუტატების მომზადებული ცვლილებების პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.
აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება. კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.
ცვლილება 20 კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი და ალუდა ღუდუშაური.
რას ნიშნავს სპეციალური საგამოძიები სამსახურის გაუქმება
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი დამოუკიდებელი ორგანოების გაუქმების მხრივ მართლაც საგანგაშოა, თუმცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ახლა დამოუკიდებელი არ იყო.
"ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი მართლაც საგანგაშოა დამოუკიდებელი ორგანოების თანდათან გაუქმების მხრივ. თავის დროზე, ეს სამსახური სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ პირველ რიგში შეესწავლა, მაგალითად, სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, არასათანადო მოპყრობის საკითხები.
"ახლა თუ ეს სამსახური უქმდება, სამწუხაროდ ვიცით, რომ პროკურატურა ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და აქედან გამომდინარე, ეს შეიძლება მივიჩნიოთ კიდევ ერთ დამოუკიდებელ სამხსახურზე შეტევად. ეს, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ჩვენი ვადლებულებების შესრულების ამოცანებში არ ჯდება, მაგრამ იმ მოცემულობაში არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ისეთი პირობები ექმნებათ, ფაქტიურად ფუნქციონირებას წყვეტენ.
"ეს დემოკრატიის მხრივ კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია, თუმცა აქ რეალობა ის იყო, რომ ეს საგამოძიებო სამსახურიც დამოუკიდებელი არ იყო",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პროკურატურასთან დაქვემდებარება უფრო ნორმალური იყოს, ვიდრე "დაფანტულად ყოფნა".
"ანტიეროვნული ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ამაზე საუბარი, რომლებიც სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დროს მოქმედებდნენ, არის ცინიზმი, რადგან მაშინ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის რეჟიმის განაჩენი გამოაქვეყნა. ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი შტოები ყოფილიყვნენ, როგორც ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა იყოს, ამის მაგივრად ჩვენ ვნახეთ ერთმუშტად შეკრული ეს სამი სფერო, რომელიც ყველაფერს აკეთებდა დაეფარა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები.
"ამიტომ ვინმე თუ იწყებს ლაპარაკს, რომ აი დამოუკიდებელი იყო და ახლა რა გვეშველებაო. ფორმალური დამოუკიდებლობა რამდენიც გინდა გაწელე, თუ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმია, ახლა ეს ასე არაა. ამასთანავე, კარგი იქნება საქმეში ჩახედულმა სპეციალისტებმა შეაფასონ, რამდენად ოპტიმალურია და რამდენად არა.
"პოლიტიკური შეფასების მხრივ კი ვიტყვი, რომ დღეს ქვეყანაში ნამდვილად არაა არავითარი ნიშნები ავტორიტარიზმისა და დიქტატურისა, რაც არ არის, არ არის და ეს შეფასებები საქართველოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან აქვს მიღებული. საგამოძიებო სტრუქტურის პროკურატურის დაქვემდებარებაში ყოფნა, შესაძლოა ეს უფრო სრულიად ნორმალური იყოს, ვიდრე ესე დაფანტულად ყოფნა, ჩვენს არცთუ ისე დიდ ქვეყანაში.
"ძალიან კარგად მესმის ის, რომ რეალური დამოუკიდებლობა არ არის უზრუნველყოფილი იმით, რომ რაღაც სტრუქტურა არ შედის პროკურატურის დაქვემდებარებაში და ამიტომ დამოუკიდებელია, ეს ასე არაა, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში",- განაცხადა პეტრე მამრაძემ "რეზონანსთან".
პოლიტიკური შეფასებები
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ უწყების გაუქმების დასაბუთებას იურიდიული კომიტეტი წარმოადგენს, პოლიტიკური შეასებით კი, მისი თქმით, "მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია".
„ვალდებულება შესრულებული იქნება ევროკავშირთანაც და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებასთან თუკი სახელმწიფო კონსტიტუციური იქნება და სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან. სტრუქტურის შექმნა ერთი საკითხია, ფორმალობა და ორგანიზაციული ნაწილია. ამასთან დაკავშირებით დასაბუთებას, ალბათ, იურიდიული კომიტეტი წარმოადგენს, მაგრამ თუ პოლიტიკურად შევხედავთ, მთავარია ხარისხი იყოს და საქმის გაკეთება იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებები ჰქვია. ამ ვალდებულებების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საკმაოდ კარგ პოზიციაზე გვაყენებს", - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, პროკურატურას საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული.
„დამოუკიდებელი სტრუქტურა არის პროკურატურა. მას საკმარისი დამოუკიდებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული. ამათთან დაკავშირებით, არა მგონია, ოდესმე რაიმე შეკითხვა წარმოიშვას და თუ რაიმე კონკრეტული საკითხია, ამაზე შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ. რაც შეეხება ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, უნდა გადავხედოთ იმ ვალდებულებების უშველებელ სიას, რომელსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მთავარი არის საქმე, შედეგი და ამ შედეგზე აუცილებლად უნდა გავიდეთ. მათ შორისაა ეკონომიკური მაჩვენებელი და არამარტო გარკვეული შეთანხმებები", - განაცხადა ვოლსკიმ.
"ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ერთადერთი მიზანია, არანაირი საქმე არ იყოს გამოძიებული.
"სპეციალური საგმოძებოს ამსახურის დაქვემდებარება გენერალურ პროკურატურაზე არის წარმოუდგენელი ნონსენსი, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს, რომ თურმე, საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს პროკურატურის დანაშაულებები, როცა ის მისი დაქვემდებარების ქვეს იმყოფება, ეს არის წარმოუდგენელი სამართლებრივი და პოლიტიკური სისულელე, რომელსაც აკეთებენ კონკრეტულად ერთი მიზნობრიობით, არანაირი საქმე არ იყოს გამოძიებული. კოკა კაციტაძის უწყებამ არც აქამდე გამოიძია არცერთი საქმე, ეს იყო ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმა დარჩა გამოუძიებელი, რადგან ყველა ეს უწყება იმართება ერთი ოთახიდან და ეს არის ივანიშვილის კაბინეტი",- თქვა ირაკლი კუპრაძემ.
რას აცხადებენ საია-ში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცისს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას გულისხმობს "საგანგაშოა". მისი თქმით, ეს მიანიშნებს, რომ არ არის ინტერესი, "არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო, თუნდაც ფორმალურად". მეორე მხრივ, როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფუნქციო იყო.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ მიზნით შეიქმნა, რომ მას დამოუკიდებლად უნდა გამოეძია ის დანაშაულები, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ეს სამსახური უფუნქციო იყო, ვერ ასრულებდა საკუთარ მისიას და მანდატს. ამ დრომდე არცერთი საქმე არ არის გამოძიებული.
"ის გადაწყვეტილება, რომელიც ინსტიტუციურადაც ამ სამსახურის გაუქმებას გულისხმობს, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ეს მიანიშნებს, რომ არც ფორმალურად არის ინტერესი, არსებობდეს ცალკე, დამოუკიდებელი ორგანო, თუნდაც ფორმალურად, რომელიც სპეციალური მანდატით გამოიძიებდა იმ დანაშაულს, რომელიც ამ სამსახურს ექვემდებარებოდა", - აღნიშნავს ქურდოვანიძე.