ეროვნული ბანკი დოლარს ლამის ყოველ დღე ყიდულობს, მაგრამ ლარი მაინც მყარდება
ქეთო გოგოხია
19.05.2025

ლარის გამყარების ტენდენცია ზაფხულის განმავლობაშიც გაგრძელდება. ამ მხრივ სავალუტო შემოდინებებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს, რაც ეროვნულ ბანკს ინტერვენციების შესაძლებლობას აძლევს და ინტენსიურად ახდენს უცხოური ვალუტის შესყიდვებს. გარდა ამისა, ეკონომიკაში მეტი გამოცოცხლება შეიმჩნევა და დედოლარიზაციის პროცესიც  გააქტიურებულია, ყველაფერი ეს ქმნის წინაპირობას, რომ ლარის გამყარების ტრენდი ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნდეს.

2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.  მარტში კი რეზერვების შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი იყო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მაისის დასაწყისში აღნიშნა კიდეც, რომ ლარი ტრადიციულად გამყარდება ზაფხულშიც. მით უმეტეს, რომ მის პროგნოზს არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც ამყარებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას ექსპერტულ წრეებშიც იზიარებენ. ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" იმ ფაქტორებზე  განმარტა, რაც მისი შეფასებით,  განაპირობებს კურსის გამყარებას.

,,ლარის გამყარებაზე ბევრი გარემოება მოქმედებს. ერთ-ერთია სავალუტო ბალანსი, რომელიც არის დადებითი, ანუ უფრო შიდა  ბაზარზე უფრო მეტი დოლარია, ვიდრე გადის, ეს ბუნებრივია, ლარის გამყარებას განაპირობებს. ყურადსაღებია ექსპორტიც,  რომელიც 41%-ითაა გაზრდილი, ლარის კურსზე ესეც პირდაპირ აისახება. 

აღსანიშნავია, რომ  ეროვნული ბანკი  საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მეთოდურად ზრდის. გარკვეული  ეჭვი იყო, რომ სებ-ი გასული წლის ბოლოს დახარჯული უცხოური ვალუტის შევსებას  ვერ შეძლებდა. აქ საუბარია იმაზე, როცა დაახლოებით 650 მილიონი დოლარის ინტერვენცია მოახდინა. როგორც აღმოჩნდა,  ეროვნული ბანკი სავსებით სწორად მოიქცა. იყო კრიტიკა, რომ ეს რეზერვების კატასტროფულ შემცირებას გამოიწვევდა, მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება. 

ეროვნულმა ბანკმა მარტო წელს, (თებერვალ-მარტის მონაცემებს გეუბნებით), 208 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა. ვხედავთ, რომ კურსი მყარდება, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკი უცხოურ ვალუტას დღესაც ყიდულობს. ერთი რამ ფაქტია - ეროვნული ბანკი ვალუტას ვერ იყიდის, ანუ მიმოქცევიდან ვერ ამოიღებს, თუ უცხოური ვალუტის სიჭარბე თუ არ იქნება. დღეს კი ეს აშკარაა", - განაცხადა ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ლარის კურსზე გარკვეული დადებითი გავლენა მოლოდინის ეფექტმაც მოახდინა.

,,ლარის კურსთან მიმართებით დიდ როლს ასრულებს  მოლოდინის ეფექტი, როცა უარყოფითი ფონია, მოსახლეობა სავალუტო რისკის დაზღვევას იწყებს და დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადააქვს. აქამდე ეს ფაქტორი ზემოქმედებდა სწორედ - გაურკვევლობა! ახლა მოლოდინი დადებითია, რომ ეკონომიკა არ შენელდება, კრიზისის არანაირი ნიშნები არ ჩანს. ყველა საერთაშორისო შეფასებით, ეკონომიკური ზრდა დასტურდება, რაც სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმაც აჩვენეს თავიანთ პროგნოზებში.  

ამდენად, ყველა პირობაა, რომ ლარის კურსი სტაბილური იქნება. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, ზაფხულის თვეებში საერთაშორისო ტურიზმიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოდინებაა. პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი სარეკორდო იყო. ტურიზმი მომსახურების ექსპორტია. როგორც საქონლის ექსპორტს შემოაქვს ვალუტა, ასევე საერთაშორისო ტურიზმიც, მომსახურების ექსპორტი,  ქვეყანაში ვალუტას ტოვებს. ამ კუთხითაც მოლოდინი უფრო პოზიტიური გვაქვს, რომ  საერთაშორისო ვიზიტებიდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება,   ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა შემოვა", - დასძინა გიორგი ცუცქირიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ეკონომიკაში დიდი გამოცოცხლების ნიშნებს ვერ ხედავს, თუმცა დადებით ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე, რომლის ვარაუდითაც, ინვესტიციების ზრდა მოსალოდნელია და ლარის კურსზე ეს ფაქტორიც დადებითად იმუშავებს.

,,ეკონომიკაში განსაკუთრებული გააქტიურება ჯერჯერობით არ იგრძნობა.  ტურისტული სეზონი ახლოვდება და სავარაუდოდ, ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, რაც  უცხოური ვალუტის შემოდინებას გაზრდის და გამყარების მიმართულებით იმუშავებს. ასევე ტრანსფერებიც ამ თვალსაზრისით სტაბილურად გამოიყურება და ესეც ლარის გამყარებაზე დადებით გავლენას ახდენს. ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია და თავისთავად ცხადია, ლარის გამყარებაზე ესეც ხელს უწყობს. 

რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სავარაუდოდ, გაიზრდება, განსაკუთრებით, თუკი დაიწყება ანაკლიის პორტის პროექტი. ასეთ შემთხვევაში მეტი შემოდინება იქნება. საყურადღებოა როგორი იქნება ფისკალური პოლიტიკა და ინვესტიციების კუთხით რა  შეიცვლება ქვეყანაში.  

თავიდან, განსაკუთრების სანქციების შიშით და სხვა გარემოებების გავლენითაც, პოლიტიკურმა ფაქტორებმა გარკვეული არასტაბილურობა შექმნა. მცირედი ცვლილებები განიცადა დოლარიზაციამაც, ახლა უკუპროცესებია. სებ-მა შეძლო კურსის სტაბილიზაცია, რამაც ბაზრის მონაწილეებზე დადებითად იმოქმედა. 

უცხოურ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები ძალიან დაბალია და შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს დოლარში გადაყვანილი დეპოზიტების ლარიზაცია. ესეც თავისთავად ლარის გამყარებაზე დადებითად მოქმედებს", - განუცხადა თუთბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მარტში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 101.7 მლნ აშშ დოლარით შეივსო. იანვარ-თებერვალში Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა, ხოლო მარტში Bmatch პლატფორმით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი დოლარი იყო. როგორც სებ-ში აღნიშნავენ, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობენ.

აპრილში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდა, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით 150-160 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ დეტალური სტატისტიკა 27 მაისს გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×