
ბადრის სიკვდილის შემდეგ როცა გვეგონა, რომ შეგვეშვებიან ახლა და მარტო „იმედი“ უნდათ, სულ გააფთრდნენ და ჩვენი აქტივებიც წაგვართვეს. მე გიგი უგულავამ მთხოვა შეხვედრა და რომ მივედი დამხვდა დავით კეზერაშვილი, ეს იყო 2008 წლის ზაფხული, რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო ბადრი პატარკაციშვილი. შეხვედრაზე კეზერაშვილმა მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ ქალბატონმა ინამ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარადო, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
„მე ვუპასუხე, რომ "იმედზე" ინას დაველაპარაკები და მისი გადასაწყვეტია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უარს გეტყვით და „ბორჯომზე“ მე გეუბნები უარს-თქო. მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა, ჩემი ოფისის წინ. ისე აფეთქდა, რომ არ დაზიანებულიყო არავინ. ჩვენ მოვასწარით ოფისის კამერიდან კასეტების ამოღება. ჩანაწერში ჩანს, რომ ელოდებოდნენ, რომ ხალხი არ ყოფილიყო და ისე აეფეთქებინათ მანქანა. ეს იყო ჩემი გაფრთხილება. მე ძალიან კარგად ვიცი იმ დღეებში ვინ გამაფრთხილა, რადგან წინა დღეებში უარი ვუთხარი თავდაცვის მინისტრს „ბორჯომის“ გადაფორმებაზე“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.