
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ახალ ელჩს აგზავნის და თან ქვეყანებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბრობს. სამი წლის წინ ის სოხუმში იმყოფებოდა, თუმცა, სეპარატისტთა მოლოდინის მიუხედავად, ამას ბელარუსის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება არ მოჰყოლია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ბელარუსს ყველაზე მარტივად შეუძლია ამ ნაბიჯის გადადმა და შესაბამისად, მასთან ფრთხილი პოლიტიკის გატარებაა საჭირო.
„ფაქტია, ლუკაშენკო ამბობს იმას, რაც პუტინის პოლიტიკას შეესაბამება. ლუკაშენკოს მიერ შექებული საქართველო ავტომატურად ითვლება პუტინის მიერ შექებულ საქართველოდ", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ლუკაშენკო სოხუმში იმყოფებოდა. რუსებს თუ არ ჩავთვლით, ეს იყო უცხოელი ლიდერის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის პირველი შემთხვევა. ამის შემდეგ რამდენიმე კვირაში ლუკაშენკომ უკვე მინსკში უმსაპინძლა მაშინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას. საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე საკმაოდ მოზომილი იყო.
ორიოდე დღის წინ, 23 მაისს საქართველოში ბელარუსის ახალი ელჩის წარდგენისას კი ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა.
„ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან. ისინი ძალიან აფასებენ ჩვენს ხალხს. ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულება კი მეტ-ნაკლებად ნორმალურია. დიახ, მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და თითქმის მტრები ვართ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგეები. ჩვენ მომხრე ვართ, რომ როგორც ოსებმა, ასევე აფხაზებმა მშვიდობიანად იცხოვრონ ქართველებთან. როგორ გაერკვევიან, ეს მათი საკითხია. არ ვერევით. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესოა ადამიანებისთვის. ეს ჩვენი პოზიციაა", - ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ნიკოლაი როგაშჩუკს, რომელიც საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ბელარუსთან საჭიროა ფრთხილი პოლიტიკის გატარება. როგორც მან აღნიშნა, ლუკაშენკო პუტინის პოზიციებს აფიქსირებს, როცა საქართველოზე საუბრობს.
„ლუკაშენკო ფარისეველი ადიამიანია და მასზე პოლიტიკის აგება არ შეიძლება. ამავე დროს, საკმაოდ ფრთხილი პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რადგან, პირობითად, ჩვენ რომ უარი გვეთქვა ელჩის გამოგზავნაზე, მაშინ მას ხელ-ფეხს გავუხსნიდით, რომ ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩვენ გარკვეულწილად ანგარიშს ვუწევთ ბელურსსთან ასეთ ურთიერთობებს იმიტომ, რომ მას ყველაზე იოლად შეუძლია ასეთი ნაბიჯი გადადგას.
„ამიტომ ელჩის მიღება ტრაგედია არა არის. ტრაგედია არის ის, რომ „ქართული ოცნება" საერთოდ ხმას არ იღებს ლუკაშენკოს თავხედობებზე, თუნდაც იმაზე, როცა ის აფხაზეთში ჩავიდა. ჩემი აზრით, ვინაიდან „ქართულ ოცნებამ" ლუკაშენკოს ამ ქმედებაზე ხმა არ ამოიღო, ეს შეთანხმებული იყო ქართულ მხარესთან. სწორედ ამიტომ არ გააკეთეს საპროტესტო განცხადება, ლუკაშენკოს სიმართლე რომ არ ეთქვა. აშკარად ეს უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე ის, რომ ლუკაშენკო მხოლოდ პუტინის დავალებით ჩასულიყო და „ქართული ოცნება" გაფრთხილებული არ ყოფილიყო.
„დღეს რაც ხდება - ელჩის გამოგზავნა - ნორმალურია, რადგან ჩვენ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. ბელარუსს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია და ვინაიდან ასეა, ფორმალურად ასეთ სახელმწიფოსთან დადებითი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, რათა უარესი არ მივიიღოთ. ეს იმიტომ, რომ თუ ბელარუსი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კარგი პრეცედენტი ნამდვილად არ იქნება.
„ასე რომ, პრობლემა არის არა ლუკაშენკოში, არამედ „ქართულ ოცნებაშია", რომელიც რაღაცებს მალავს და ბოლომდე არ ააშკარავებს. რაც კეთდება ბელარუსსა და საქართელოს დონეზე, ყველაფერი წინასწარ შეთანხმებულია. ამიტომაც არის, რომ „ოცნება" დადუმებულია.
„რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყვიტა ლუკაშენკომ მაინცდამაინც ახლა საქართველოს მისამართით ასეთი დადებითი განცხადების გაკეთება, პირველ რიგში, მან ელჩი დანიშნა და გამოიყენა შანსი ეთქვა რაღაც საქართველოზე. მან კარგად იცის, რომ საქართველოში მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება არ არის სხვადასხვა მიზეზის გამო. ამიტომ მგონი ეს მომენტი გამოიყენა, რათა მერყევი ქართველების გული მოეგო და გაეძლიერებინა „ქართული ოცნება", რომ ბელარუსის მიმართულებით ყველაფერი კარგადაა.
„მეორე, მათთან დიპლომატიური ურთიერთობა მაინც გვაქვს, ბელარუსს უფრო მეტი შეუძლია ჩვენზე თქვას, ვიდრე რუსეთს. საქართველოში რუსეთი ოკუპანტ ქვეყანად ითვლება, ბელარუსი კი არა და ამ ფონზე, ჩემი აზრით, ლუკაშენკო რუსეთის ნარატივებს აჟღერებს. პუტინი ვერ იტყვის, რომ საქართველო გვიბრუნდება და ყველაფერი კარგად მიდისო, რადგან ეს გაღიაზიანებას გამოიწვევს. ლუკაშენკოს განცხადება დიდ ვერაფერს შეცვლის, თუმცა, ვისაც საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა, მათ გულებს მოიგებს.
„თან არ დაგვავიწყდეს, რომ ადგილობრივი არჩევნები მოდის და „ოცნებას" მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ამომრჩეველი სჭირდება. ლუკაშენკოს მიერ შექებული საქართველო ავტომატურად ითვლება პუტინის მიერ შექებულ საქართველოდ. ეს ვიღაცისთვის შეიძლება დადებითი მომენტია, ვიღაცისთვის უარყოფითი, მაგრამ ფაქტია - ლუკაშენკო ამბობს იმას, რაც პუტინის პოლიტიკას შეესაბამება. ამიტომ მგონია, რომ ახლა ეს განცხადება გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გააძლიეროს არჩევნების წინ. დარწმუნებული ვარ კიდევ იქნება ასეთი განცხადებები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".