რეზონანსი
25.05.2025

მკვლელობა ბათუმში - გავრცელებულ ინფორმაციით, მოკლულია გურამ ბერიძე. დანაშაული გუშინ, 24 მაისს საღამოს საათებში მოხდა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ბერიძეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. მკვლელობა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. 

შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია: 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.დ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს." აცხადებს უწყება

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცლებული ინფორმაციით კონფლიქტი პირად უთანხმოებას უკავშირდებოდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×