
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის აქტიურად ემზადება როგორც ოპოზიციური ფლანგი, ისე ხელისუფლება. მოლოდინი საკმაოდ დაძაბულია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააფრთხილა „ფეხი არ დაუცდეთ!", რასაც მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც ოპოზიციური ღონისძიების მთავარი ინიციატორია, საკმაოდ ხისტი პასუხი მოჰყვა.
„26 მაისის საორგანოზაციო კომიტეტის" ფარგლებში „წინააღმდეგობის პლატფორმამ" მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფისში ბოლო შეხვედრა 24 მაისს გამართა, რის შემდეგაც მათი გეგმის კონკრეტული დეტალები გახდა ცნობილი. ხელისუფლების ოპონენტების მთავარი შეკრება 15:00 საათიდან დაიწყება რუსთაველის მოედანზე და ღონისძიებას 6 მარშით შეუერთდებიან.
კულმინაცია იქნება 19:00 საათზე, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილი შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.
დამოუკიდებლობის აღდგენის 107-ე წლისთავისთვის ემზადება ხელისუფლებაც. ოფიციალურად გაწერილი გეგმის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ დღის ტრადიციადაა ქცეული, მათ შორის თავდაცვის ელემენტებით და გასართობ-შემეცნებითი პროგრამებით. თბილისში გასამართ ოფიციალური ღონისძიებების ლოკაციათა ჩამოათვალში რუსთაველი არ მოიაზრება და აქცენტი ძირითადად ათონელის ქუჩისა და ალექსანდრეს ბაღის მიმართულებითაა გადატანილი.
გარდა ამისა, წელს სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება. მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად 1918 წლის 26 მაისს 17:10-ზე გამოცხადდა. ამ დროისათვის ორივე მხარეს თავისი სიმბოლური ღონისძიებებია აქვთ დაგეგმილი, ოღონდ სხვადასხვა ლოკაციაზე. ოფიციალური საზეიმო ცერემონიალი 17:00-ზე ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართება, სადაც გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ხელისუფლების ოპონენტები კი ამ დროს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბებიან (დამოუკიდებლობა 107 წლის წინ სწორედ ამ შენობაშ გამოცხადდა) და დამოუკიდებლობის აქტს წაიკითხავენ.
კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხია უცხოელი ელჩების დასწრება ზეიმზე. 26 მაისის ოფიციალურ ღონისძიებას ტრადიციულად თავისუფლების მოედანზე ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები. თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ზოგიერთი დასავლელი ელჩის მწვავე კრიტიკის ფონზე, ძნელი სათქმელია გაუგზავნის თუ არა ხელისუფლება მათ მოსაწვევებს საზეიმო ღონისძიებაზე და მიიღებენ თუ არა ისინი მოწვევას.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვან სახელმწიფო ღონისძიებაზე ელჩების არმიწვევის პრეცედენტი უკვე იყო, როდესაც ხელისუფლებამ ისინი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე არ დაპატიჟა.
გარდა ამისა ისიც საინტერესოა, რომ ზეიმამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების ოპონენტებსაც ჰქონდათ შეხვედრები სხვადასხვა საელჩოებშ და საუბრის ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, 26 მაისიც იქნებოდა.
ამასთან, როგორც ცნობილია, 26 მაისს თბილისში თბილისს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის წევრები ეწვევიან. სტუმართა სიაში არიან ადრიან ვასკეს ლაზარა, რასა იუკნევიჩიენე, კატარინა ვიერია, ნაჩო სანჩეს ამორი და მატიუ ვალეტი. ჯერჯერობით უცნობია როგორც გადაწყვდება უცხოელი სტუმრებისა და თბილისში აკრედიტებული ელჩების ღონისძიებებზე დასწრების საკითხი, თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ტრადიციულად მთავრობის ღონისძიებას ელჩები დაესწრონ და ორივე ღონისძიებას შეუერთდნენ ევროდეპუტატები.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ორი ღინისძიების აქტივობის პიკი სხვადასხვა დროს იქნება და ამით თითქოს ექსცესების შანსი დაბალია, თუმცა მთლად არ გამოირიცხება.
მოსალოდნელი შესაძლო დაპირისპირებების ეჭვი იმითაც უფრო მძაფრდება, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის „დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება", რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა".„მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყონ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მშვიდობიან გარემოში აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, რაც თავის მხრივ, ამ დიდი მონაპოვრის დაცვა და ეროვნული ღირსების საკითხია. საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება", რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელისუფლების გეგმა
საქართველოს მთავრობამ 26 მაისის ღონისძიებების გეგმა ჯერ კიდევ 15 აპრილს დაამტკიცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა, ოფიციალურ გეგმაში და საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში რუსთაველის გამზირი ნახსენები არ არის. დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.
ასევე აღსანიშნავია, რომ 26 მაისს 17:00 საათისთვის პრეზიდენტის სასახლის ეზოში დაგეგმილია შეკრება, სადაც საქართველოს ჰიმნი გაიჟღერებს.
25 მაისს, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.
26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.
თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.
ოპოზიციის გეგმა
კვირას, 25 მაისს, ოპოზიციური ღონისძიების ორგანიზატირებმა - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - პარლამენტთან ბრიფინგი გამართეს, სადაც უფრო კონკრეტულად გაწერილ გეგმაზე ისაუბრეს. „საფარის" ხელმზღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ „15:00 საათიდან ელოდებიან ყველას".
„ნახავთ მრავალფეროვან ღონისძიებებს. მაგალითად, პირველი სკოლის წინ ადგილს დაიკავებენ ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები და გამომცემლობები. უშუალოდ გზაზე სტუდენტები წარმოგვიდგენენ გამოფენას და დისკუსიებს. ცისფერი გალერეის წინ ძალიან ბევრი გამოფენა იქნება, რომელიც პირველ რესპუბლიკას მიეძღვნება. მთელი ეს ტერიტორია იქნება ათვისებული შინაარსობრივი განხილვებით, რომელიც მიეძღვნება როგორც უახლესი წარსულის, ასევე სამომავლო გეგმების განხილვას. გელით ყველას!", - განაცხადა პატარაიამ.
ღონისძიების კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაციის „პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ, ტატო ქელბაქიანმა განაცხადა, რომ ღონისძიებას ეტაპობრივად 6 მსვლელობა შემოუერთდება.
„ღონისძიებას შემოუერთდება 6 მსვლელობა - იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში, პროფკავშირების საჯარო მოხელეთა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, იქნება აღლუმი დაორგანიზებული, ასევე იქნება ხელოვანების მარში ფილარმონიიდან, „ძლიერი საქართველოს" მარში მარჯანიშვილიდან და „ფედერალისტების" მარში რუსთაველის გამზირიდან. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ როგორც ამ მსვლელობით შემოუერთდნენ ღონისძიებას, ან პირდაპირ შეუძლიათ მოვიდნენ, რუსთაველის გამზირზე, სადაც საინტერესო, შემეცნებითი ღონისძიებები ელოდებათ საპროტესტო ელემენტებით", - განაცხადა ქელბაქიანმა.
„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან 26 მაისთან დაკავშირებით ბოლო სამუშაო შეხვედრა 24 მაისს გაიმართა. ღონისძიების კულმინაცია 19:00 საათზე იქნება, როცა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.
„დაახლოებით, 15:00-16:00 საათიდან იწყება სხვადასხვა მარში, ძალიან დეცენტრალიზებული პროტესტია, მომწონს ძალიან, რომ ყველა ჯგუფი თავის პროგრამას აკეთებს და მთელ რუსთაველზე იქნება გაშლილი, რუსთაველის თეატრიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე. კულმინაცია იქნება 19:00 საათზე, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი ცნობით, ზურაბიშვილთან იმაზეც ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აიცილონ მოსალოდნელი პროვოკაციები.
„ეს იყო ბოლო სამუშაო შეხვედრა და ვისაუბრეთ როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ, გეგმა „ბე" რა შეიძლება იყოს, ეს ყველაფერი დავალაგეთ. „პლატფორმამ" კი დააანონსა ეს აქცია, მაგრამ უფრო ფართო მოვლენაა - ბევრი პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო ორგანიზაცია სულ არ სწყალობს ამ „პლატფორმას" და გააფართოვა უბრალოდ, კომიტეტი შეიქმნა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები, პროტესტის მონაწილეები არიან, ბევრი ხალხია, ჩემი სკეპტიციზმის მიუხედავად რაღაცებზე შეთანხმება მაინც გამოვიდა, რაც მიხარია", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
რამდენად მაღალია ექსცესების შანსი
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციურ ღონისძიებაზე ბევრ ხალხს ელოდება და არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ექსეცესები იქნება.
„არაფერს არ ველოდები. ველოდები ბევრ ხალხს, რომელიც მივა და აღნიშნავს რუსთაველზე. ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. აქეთა მხრიდან, ანუ იმ ხალხისგან, რომელიც ამდენი ხანი პროტესტს აცხადებს, მათგან ნამდვილად არაა არაფერი მოსალოდნელი ხელისუფლება თუ ეცდება ვიღაცეების შემოგზავნას, არ ვიცი, მემგონი ესეც არ იქნება. არ მაქვს დიდი განცდა, რომ რაღაც ისეთი მოხდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორივე მხარეს აქტივობების პიკი სხვადასხვა დროსაა და ორი პროცესის ერთმანეთთან შეჯახება მოსლაოდნელი არაა, თუმცა ეს მცირე პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
„ოპოზიციის აქტივობა 15:00 საათის მერე იწყება, ხელისუფლების - დილის 10:00 საათიდანაა. სავარაუდოა, რომ ეს ორი პროცესი ერთმანეთს არ შეეჯახება, მათი აქტივობის პიკი სხვადასხვა დროს იქნება. ეს რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს იმას, რომ ქუჩაში ოპოზიციაც იყოს იმ დროს, როცა ხელისუფლება იაქტიურებს და ხელისუფლებაც იყოს ოპოზიციის აქტივობების დროს, მაგრამ თვითონ ღონისძიებების პიკი ალბათ ერთდროულად არ იქნება, რაც ამ პროცესების კონფლიქტის პროვოცირებას გამორიცხავს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მოსახლეობის რეაქცია სწრედ ოპოზიციის მიერ პროვოცირებულ ნაბიჯებზე იყოს. რადგან ვხედავთ, რომ ღამის მიტინგებზე მოსახლოების რაოდენობა იკლებს, ე.ი. მოსახლეობის ფართო ფენებში პროტესტის ამ სტილს მხარდაჭერა არ აქვს და თუ 26 მაისს იგივე სტილის პროტესტი გადმოიშლება, შესაძლოა რეაქცია იყოს იმ მხრივ, რომ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ დამოუკიდებლობის დღეს უნდა იყოს ჩართული ისეთი პოროცესები, რომლითაც ყოველ ღამე შევსებულია რუსთაველი.
„ამ სიტყვით ზუსტი გაგებით ექსცესები მემგონი მოსალოდნელი არაა, მაგრამ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება და ამას შეიძლება ექსცესი არ დავარქვათ, ეგეც ჩანაფიქრს გულისხმობს. შესაძლოა დაპირისპირება იყოს მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ ალბათ ხელისუფლება ეცდება, რომ პოლიცია ჩააყენოს და სერიოზული ფიზიკური კონფლიქტისგან დაიცვას 26 მაისი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
უცხოელი სტუმრების საკითხი
დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტისას შეუერთდებუან თუ არა ოპოზიციის აქციას.
„არ ვიცი რა როგორ იქნება. მე, მართალი გითხრათ, არ ვარ ჩართული. არ ვიცი ვინ ჩამოდის, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ვაპირებ მივიდე და მონაწილოება მივიღო. თუ ჩამოვლენ, ძალიან კარგი, რა პრობლემაა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება საქართველოში მოქმედ ელჩებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვერაფერს იტყვის იმაზე, დაპატიჟებს თუ არა „ოცნება" მათ, ან მიღებენ თუ არა ამ დაპატიჟებას თავად ელჩები, ან ზოგადად რომელ ღონისძიებას დაესწრებიან.
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, მოლოდინი აქვს, რომ ელჩები ტრადიციულად დაესწრებიან მთავრობის ღონისძიებას, ევროპარლამენტარები კი შესაძლოა ორივე ზეიმს შეუერთდნენ.
„ცალსახად მიჭირს იმის თქმა, რომ ევროპარლამენტარები შეიძლება მხოლოდ ოპოზიციის აქციას შეუერთდნენ. შეიძლება ერთგანაც იყვნენ და მეორეგანაც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნელ-ნელა სავარაუდო ხდება, რომ ევროპას დროთა განმავლობაში შესაძლოა აღარ მოუნდეს საქართველოს ხელისუფლებასთან ისეთი მკვეთრი დაპირისპირება, როგორიც ადრე ჰქონდა. ვიხსენებ ცნობილ შეხვედრებს კობახიძესთან, მაკრონიდან დაწყებული, სხვებით დამთავრებული და ევროპარლამენტის დელეგაცია რომ ჩამოვიდეს და მარტო ოპოზიციის მხარეს დადგეს, ეს ისევ და ისევ პროტესტი იქნება ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლებასაც ანალოგიური საპროტესტო განწყობილება მოუმწიფდება ევროპის მიმართ.
„რაც შეეხება ელჩებს, მემგონი ისევ ისე იქნება, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მოლოდინი, რომ ელჩები მათთან იქნებიან წარმოდგენილი, რადგან ელჩი არის სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელისუფლებასთან, ოპოზიციაში ელჩი არ არსებობს. ელჩებთან დაკავშირებით ინციდენტები კი მოხდა, მაგრამ ეს ინციდენტები იყო გამონათქვამების, კერძო შეტაკებების და ა.შ. მაგრამ დამოუკიდებლობის დღე ყველა სახელმწიფოში ცენტრალური დღესასწაულია, ეს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის არაა, ესაა ხალხის დღესასწაული და მასში მონაწილოებაზე, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ დაორგანიზებულ ზეიმზე უარის თქმა, ეს გარკვეული სახის დაპირისპირებაა მთლიანად სახელმწიფოსთანაც და ქვეყანასთანაც.
„წესით ელჩები უნდა მივიდნენ. თუ არა და მაშინ საქართველოს ხელისუფლებას ექნება უფლება პრეტენზიები წაუყენოს იმ ქვეყანას, რომლის წარმომადგენელიც კონკრეტული ელჩია", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, რამდენად შესაძლოა, რომ ხელისუფლებამ საერთოდაც არ მიიწვიოს ელჩები, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„მეეჭვება, რადგან, მაგალითად, ყაველაშვილის შემთხვევაში, პროცედურულად იყო თავისებური ინაუგურაცია და როგორც თავად ამბობდნენ, ამით იყო განპირობებულიო ის, რომ რაღაც ნაწილი ტრადიციული სტუმრებისა არ დაპატიჟეს. ინაუგურაციაზე ტრადიციული სტუმარია ელჩი, მაგრამ ეროვნული დღესასწაული სულ სხვა მასშტაბია, პრეზიდენტის ინაუგურაცუაზე უფრი ფართო მოვლენაა და იქ თუ ელჩისთვის ადგილი არ მოიძებნება, მერე უკვე პრეტენზიები იმ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ, რომელთა ელჩების არმიწვევაზეც იქნება საუბარი", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".