
კიევის მოკავშირეებმა, რუსეთის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვის საპასუხოდ, მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები უნდა დააწესონ, - „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
„პუტინს მშვიდობა არ აინტერესებს, მას ამ ომის გაგრძელება სურს და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს, ამიტომ ევროკავშირი დამატებით სანქციებზე შეთანხმდება", - განაცხადა ვადეფულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინონ რუსეთის მიერ კვირას განხორციელებულ უკრაინის მასშტაბურ დაბომბვაზე.
„ჩვენ ამას ვერ შევეგუებით", - განაცხადა იოჰან ვადეფულმა და დასძინა, რომ პუტინის პოლიტიკა „ასევე შეურაცხყოფაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც ასე ძალიან სცადა პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა".
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 60 დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.
საგარეო ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ არსებობს გარკვეული სანქციები, რაც ჯერჯერობით ევროკავშირს რუსეთისთვის არ დაუწესებია. მისივე თქმით, მაგალითად ასეთია „სვიფტიდან" რუსეთის საბანკო სისტემის მოხსნა, რაც ძალიან მძიმე იქნება.
„რა თქმა უნდა, არის ისეთი რაღაცები, რაც ჯერ ევროპას რუსეთის წინააღმდეგ სასანქციოდ არ გამოუყენებია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საუბრობენ „სვიფტიდან" რუსეთის საბანკო სისტემის მოხსნაზე, რაც რუსული ბანკებისთვის საკმაოდ მტკივნეული იქნება და რაზეც აქამდე თავს იკავებდნენ.
ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ არის კიდევ სხვა ეკონომიკური საშუალებები, რომელიც რუსულ ეკონომიკურ სპექტრს დაარტყამს. თუკი ამ მოლაპარაკებებიდან შედეგი არ იქნება, თან მითუმეტეს აშკარად ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებიდან გამოვიდა და ცდილობს ორმხრივ მოლაპარაკებაზე გადაიყვანოს უკრაინა და რუსეთი, შუამავლის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ შეთანხმება, რაც დიდია ალბათობა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს.
ვინაიდან პუტინს ჰგონია ომს იგებს. ბუნებრივია, თუ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდა, სანქციებთან დაკავშირებული საკითხები კვლავ დაბრუნდება.
ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან, რადგან ტრამპმა არაერთხელ თქვა, მისგანაც იქნება გარკვეული სანქციები, თუკი დაინახა, პუტინის მხრიდანაც არ იდგემვა შესაბამისი ნაბიჯები",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".