ვახტანგ იობაშვილი: "იმპორტზე დამოკიდებულება რაღაც დოზით საკუთარი წარმოების ხარჯზე უნდა შევამციროთ"
ქეთო გოგოხია
26.05.2025

ნავთობის გაიაფების ტენდენცია გრძელდება. გლობალურ ბაზრებზე ამის მიზეზი მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია, განსაკუთრებით ტრამპის საგარეო პოლიტიკა, რამაც ფასებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. საერთაშორისო ტრენდს ქართული ბაზარიც ადეკვატურად პასუხობს და ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელდება ფასების კლების დინამიკა. 

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავი 15-20 თეთრის ფარგლებშია გაიაფებული და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. გარდა ამისა, ნავთობის გაიაფებას დიდწილად განსაზღვრავს ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან მისი სატარიფო  პოლიტიკა, რომელიც დაუწესდა რამდენიმე ქვეყანას, განსაკუთრებით ჩინეთსა და ევროკავშირს, მსოფლიო დიდ გაუგებრობაში ჩააგდო. 

,,მართლაცდა ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო - სტაბილურობას, მშვიდობას, რასაც მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების ხელმძღვანელები ქადაგებენ - სხვადასხვა ბაზრებზე სტაბილურობა მოაქვს. მხედველობაში მაქვს ტრამპის განცხადებები, მშვიდობიან კურსს ყოველთვის მოაქვს ბალანსი ბაზრებზე. ტენდენცია შენარჩუნდება და ნავთობი, სავარაუდოდ, კიდევ გაიაფდება. 

მსოფლიო ეკონომიკაში ცვლილებებია. მხედველობაში მაქვს ის, რომ სანავთობო ბაზრების სტაბილიზაცია დაიწყო. ფასების კორექტირება ხდება და ჩვენც შეგვეხო -  15-20  თეთრით გაიაფდა ქართულ ბაზარზე საწვავი  და ეს ტენდენცია გაგრძელდება. 

მთლიანობაში მხარს ვუჭერ, თუკი ვინმე იქნება მშვიდობის მედროშე, მთავარია, შედეგი დაგვანახოს მსოფლიო სანავთობო ბაზრებს. ადრე ასეთი საკითხებით არ ინტერესედებოპდნენ. მაგალითად, შეიკრიბებოდნენ ,,ოპეკის" ქვეყნების წარმომადგენლები, იღებდნენ გადაწყვეტილებას მოპოვებისა და მიწოდების კლების ან ზრდის შესახებ. ეს იყო უკონტროლო, ხშირად მთელი მსოფლიოსთვის მიუღებელი. როცა ბალანსი ირღვევა, მას კარგი შედეგი არავისთვის მოაქვს. 

საყურადღებოა პოლიტიკური აშლილობები, რეგიონული ვითარება, ფიუჩერსული გარიგებები, ყველაფერ ამას თავისი შედეგი მოაქვს, რაც ხშირად რყევას იწვევს. ზოგიერთი ქვეყანა ამას შეგნებულად აკეთებს. ამიტომ, როცა მცდელობაა ეკონომიკური ურთიერთობები დალაგდეს, ეს ბიზნესზეც აისახება. ვფიქრობ, დადებითი ტენდეცია გაგრძელდება. თუ მშვიდობა იქნება, აუცილებლად დასტაბილურდება ნავთობროდუქტების ფასი, რაც მერე საცალო ირებულებაზეც შესაბამისად აისახება. ნავთობი არის ისეთი პროდუქტი, რომლის ფასის პროგნოზი ჭირს, თუმცა ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი ხაზი შენარჩუნდება", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილმა.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, საქართველოში ევროპული საწვავის წილის ზრდაა, რამაც რუსული საწვავი, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა. ბულგარეთიდან მოწოდებულმა პროდუქტმა უკვე 80%-ს მიაღწია, როცა  ადრე რუსეთის შემთხვევაში  ეს მაჩვენებელი 86% იყო.

,,ამ ეტაპზე  რუსეთიდან ჩვენ არ ვიღებთ პროდუქტს, სხვადასხვა ქვეყნებიდან გვაქვს მოწოდება, მათ შორის, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და რუმინეთიდან. ბულგარეთიდან მოწოდებულმა პროდუქტმა უკვე 80%-ს მიაღწია. ადრე 86% იყო რუსეთიდან მოწოდებული, ამდენად, მან რუსული საწვავი სრულად ჩაანაცვლა.

რაც მთავარია, რომ მოწოდების კუთხით ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და ფასებიც სტაბილურია. ამდენი წლის განმავლობაში შეგვეძლო, რაღაც დონეზე ნავთობპროდუქტების ადგილობრივი წარმოება გვქონოდა. 

საქართველოს პრაქტიკულად სრულად არის დამოკიდებული მესამე ქვეყანებზე, საიდანაც ვყიდულობთ ნავთობპროდუქტების. ჩვენი მიზანია, იმპორტზე დამოკიდებულება საკუთარი წარმოების ხარჯზე შევამციროთ. თუნდაც მცირე რაოდენობით რომ აგვემუშავებინა საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ეს ხელს შეუწყობდა სტაბილურობას და და ფასის სტაბილურობის საშუალებასაც მოგვცემდა“, - განაცხადა იობაშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას. "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 64 დოლარის ფარგლებშია, ამერიკული 

"ლაითი" დაახლოებით 61 დოლარად ღირს, რაც ერთ კვირაში 1.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი "ურალსის" ფასი 58 დოლარის ფარგლებშია.

ამ რამდენიმე დღის წინ კი, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოპეკი პლუსის" წევრები ნავთობის მოპოვების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ზრდას განიხილავენ, 

მოლაპარაკებები მოიცავს ივნისში ნავთობის წარმოების შესაძლო ზრდას დღეში 411 000 ბარელით. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებმა ჯერ ვერ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას, წარმოების გაზრდის პერსპექტივა ბაზრის განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს.

"ოპეკი პლუსს" ნამდვილად შეუძლია დააჩქაროს ნავთობის წარმოების ზრდა, რაც პოტენციურად ნოემბრისთვის ბაზარზე დღეში დამატებით 2.2 მილიონი ბარელს დააბრუნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×