
წითელი ცირკულარით ძებნილი „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია. ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სუს-ის ინფორმაციით, ბაჩიაშვილი 26 მაისს წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე აიყვანეს შსს შესაბამისი ჯგუფების დახმარებით. თავად ბაჩიაშვილის უფლებამდამცველი იურიდიული გუნდი აცხადებს, რომ ეს იყო „იძულებითი დაბრუნება" სამშობლოში.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სულ 3 ბრალდებით იყო საქმე აღძრული და ერთ-ერთზე დაუსწრებლად 11 წელი აქვს მისჯილი. კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც „მტკვარი ჰეს-თანაა" დაკავშირებული, სასამართლოს სხდომა 29 მაისს გაიმართება და ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ამ სხდომაზე დაკავების დეტალებზე ისაუბრებს.
როგორ და რატომ აღმოჩნდა ძებნილი ბიზნესმენი საქართველოს ტერიტორიაზე, გაურკვეველია.
ამ დაკავებას უცნაურად დაემთხვევა 26 მაისს ბრიტანულ „გარდიანში" გიორგი ბაჩიაშვილის ვრცელი ინტერვიუს გამოქვეყნება, სადაც ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა აცნობეს, რომ მისი „მკვლელობის გეგმა არსებობს, სავარაუდოდ ჩეჩნების მიერ". ინტერვიუში ბაჩიაშვილს არ სჯერა, რომ ეს ბრძანება ივანიშვილმა გასცა.
ამავე სტატიიდან ცნობილი ხდება ის დეტალებიც, თუ როგორ შეძლო ორმაგი - ქართული და რუსული მოქალაქეობის მქონე ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა იმ პირობებში, რიდესაც ორივე, ქართული და რუსული პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის თხოვნით „გარდიანი" არ აკონკრეტებს ინტერვიუს ჩაწერის ადგილს.
აღსანიშნავია, რომ „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და ამ ბრალდებით მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ბაჩიაშვილს კიდევ ერთი ბრალი აქვს წარდგენილი „მტკვარი ჰეს-ის" საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-ის განცხადება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შსს ბაჩიაშვილის დაკავებაში გაწეული დახმარებისთვის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
„გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.
„გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
რას აცხადებს ბაჩიაშვილის ადვოკატი
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ბოლო ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ამ წუთას გაირკვა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჰყავთ შესახლებული. მიზეზს რაც შეეხება, ცხადია, უცნობია. ზოგადად, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე თავად წყვეტს რომელ დაწესებულებაში შეასახლონ ესა თუ ის პირი. შესაბამისად, მივდივარ რუსთავში, რომ შევხვდე და დაველაპარაკო. ამ წუთისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ადვოკატმა განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია და მისი დაკავების შესახებაც 27 მაისის გამთენიისას გაიგო ოჯახის წევრებისაგან.
„არანაირი ინფორმაცია არ მქონია და არც მერეალურება. დანარჩენ დეტალებს როდესაც მასთან მექნება კომუნიკაცია და დაველაპარაკები, მერე გავარკვევ", - განაცხადა ადვოკატმა.
ბაჩიაშვილის უფლებადამცველი იურიდიული გუნდის განცხადება
საერთაშორისო იურიდიული ფირმის Amsterdam & Partners-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გიორგი ბაჩიაშვილს 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების რისკი ემუქრება". ამასთან აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილი გამუდმებით პოლიტიკური დევნის კამპანიის სამიზნეა, რომელსაც „საქართველოს დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს".
„ბატონი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ბატონი ბაჩიაშვილის საქმეში ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის, გააპროტესტოს საქართველოში მართლმსაჯულების მიმდინარე დამახინჯება და მოითხოვოს კომპენსაცია ბატონი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის.
„ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის უაზრო და ხანდაზმული ბრალდებები, რომლებიც ათწლეულზე მეტი ხნის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბატონი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
Amsterdam & Partners-ში აცხადებენ, რომ საფრთხე რეალურია.
„საფრთხე რეალურია. გაერო-ს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა მიუთითა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების „მრავალი და თანმიმდევრული ბრალდების" შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო. ხოლო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2018 წლის საჯარო ანგარიშში საუბარია საქართველოში ცემის, იძულებითი დაკითხვისა და დაკავების დროს არასაკმარისი დაცვის მექანიზმების მუდმივი შემთხვევების შესახებ. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში, როგორიცაა ბატონი ბაჩიაშვილის საქმე, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მთლიანად კომპრომეტირებულია", - აღნიშნულია განცხადებაში.
Amsterdam & Partners-ის მტკიცებით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად წარმოადგენს სათანადო სასამართლო პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას და ის არის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილი, „რომლის მიხედვითაც პოლიტიკურად დაკავშირებული პროკურორები და მოსამართლეები რეჟიმის ოპონენტების გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების დასაშლელად გამოიყენებიან".
„საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონი ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ბატონი ბაჩიაშვილის და სხვა იმ პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე იმყოფებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.
ინტერვიუ „გარდიანთან"
26 მაისს „გარდიანის" ჟურნალისტი დენიელ ბოფი ბაჩიაშვილზე სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „როგორ აღმოჩნდა საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი მიმალვაში".
როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, „ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა აცნობეს, რომ მისი მკვლელობის გეგმა არსებობს ჩრდილო კავკასიური ჯგუფების, სავარაუდოდ ჩეჩნების მიერ". ამასთან, ინტერვიუში გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო.
„ყველაზე ახლო ადამიანი. მარჯვენა ხელი. ვიტყოდი, რომ კონსილიორი (მრჩეველი) ვიყავი. კონსილიორებიც ბევრ ბნელ საქმეებს აკეთებენ", - აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
მისივე ცნობით, მიმალვაში ყოფნისას სხვადასხვა მთავრობებს მისი მომავლის შესახებ ესაუბრებოდა და სწორედ მაშინ უთხრეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, ბაჩიაშვილს არ სჯერა იმის, რომ მისი მკვლელობის ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა.
„მითხრეს, რომ არა მხოლოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ (მკვლელობის) ბრძანება გაცემულია. ვშიშობ, რომ ეს შეიძლება მოხდეს რომელიმე ქვეყნის საიდუმლო სამსახურების ან სამხედრო ძალების მიერ, რომლებსაც სურთ, რომ ივანიშვილი უფრო დაუცველი გახდეს. თუ მკვლელობასთან მას დააკავშირებენ, მაშინ ნაკლები შანსია იმისა, რომ აშშ-თან ნორმალური დიალოგის წარმოება შეძლოს და კიდევ უფრო მეტი კონტროლის ქვეშ იქნება", - აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზეც და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მის წინააღმდეგ მას შემდეგ წავიდა, რაც ჩათვალა, რომ მას (ბაჩიაშვილს) მისი დავალებების შესრულება აღარ შეეძლო და შესაძლოა, დასავლეთის ჯაშუშიც ყოფილიყო.
„ივანიშვილისთვის ძალაუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ის მისი სიცოცხლისთვის იბრძვის. ის მანქანას ჰგავს, რომელიც მხოლოდ მისი რეპტილიური სურვილების დასაკმაყოფილებლად მუშაობს. მისი სურვილი კი სიცოცხლის შენარჩუნებაა", - ამბობს ბაჩიაშვილი.
„გარდიანი" ამავე სტატიაში წერს, რომ "ბაჩიაშვილი იძულებული გახდა, ჩაებარებინა თავისი ქართული და რუსული პასპორტები. თუმცა, რუსული დოკუმენტის მოქმედების ვადა ამოწურული იყო და რამდენიმე კვირით ადრე, მან ფარულად შეიტანა განაცხადი მის განახლებაზე" და „სწორედ ეს გამოიყენა მან სომხეთის სასაზღვრო პუნქტში, შემდეგ კი აეროპორტში და დილის 5 საათზე კატარში გაემგზავრა. მან მშობლებს, დას და მის ოჯახს ურჩია, რომ იმ დროს ქვეყნიდან წასულიყვნენ, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ".
წინაისტორია
გიორგი ბაჩიაშვილი ქვეყნიდან 2 მარტს გაიქცა, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტი ამისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა. 6 მარტს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებისთვის ინტერპოლს მიმართა.
ბაჩიაშვილი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა და მას გაქცევამდე ორივე პასპორტი ჰქონდა ჩამორთმეული, თუმცა როგორც პროკურატურის მასალებით ირკვევა, ბაჩიაშვილმა საქართველოდან გადავიდა სომხეთში იქიდან კი მესამე ქვეყანაში წავიდა სხვა პასპორტით.
უფრო კონკრეტულად კი, შსს-ს განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, მანქანაში სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა. უწყების ცნობით, აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
შსს-მ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილი სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდა, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.
4 მარტს ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოდან იძულებით წავიდა. იმავე საღამოს გიორგი ბაჩიაშვილმა „ტვ პირველის" გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.
რას ედავებიან გიორგი ბაჩიაშვილს
ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის გარდა ედავებიან ბიტკოინებისა და „მტკვარი ჰეს-ის" საქმეში. მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია. ბიტკოინების საქმეზე მას 2.5 მილიონი ლარის გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო ჰეს-თან დაკავშირებულ ბრალდებაზე - 50 000 ლარი. აკრძალვის მიუხედავად, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის მესამე საქმეც აღიძრა.
10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. აღნიშნულს თავად ბაჩიაშვილი სოც ქსელში ერთი სიტყვით გამოეხმაურა - რომ ეს გადაწყვეტილება იყო „სამარცხვინო".
თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
„ბიტკოინების საქმეში" პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან დიდი ოდენობით, კერძოდ, თითქმის 40 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. „მტკვარი ჰეს-ის საქმეში" ბაჩიაშვილს ასევე ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰეს-ის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰეს-ი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული.
მესამე საქმე საზღვრის უკანონო კვეთაა, რაზეც, როგორც სუს-ი აცხადებს, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.