
„ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შემსწავლელმა კომისიას მოქმედების ვადა კვლავ გაუხანგრძლივა და ახლა უკვე 5 ივლისამდე იმუშავებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კომისიის შექმნის მიზანი ერთის მხრივ ენმ-ის შეზღუდვა და მეორე მხრივ, ადგილობრივი არჩევნების წინ „ოცნების" პოზიციების გაძლიერებაა. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ კომისიის საქმიანობა ამომრჩევლებზე გავლენას ახდენს და „ოცნებას" მხარდამჭერები ემატება.
„ჩემი ვერსიით, „ოცნებას" უნდოდა გარკვეული შეზღუდვები დაეწესებინა ერთის მხრივ „ნაციონალისტურ" შემადგენლობაზე ოპოზიციაში ოპოზიციაში და მეორეს მხრივ, ამ წარსულის ამოტივტივება დასჭირდა დღეს", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი, კომისიის მუშაობა ამომრჩევლებზე „ოცნების" სასარგებლოდ ახდენს გავლენას:
„ამომრჩევლებზე კომისიის მუშაობა გარკვეულწილად გავლენას ახდენს და პრინციპში, მიზანიც ეგ არის, რადგან აცნობიერებენ, რომ ძალიან ბევრს ეს ხელისუფლება არ მოსწონს".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც წინა ხელისუფლების 2003-2012 წლამდე საქმიანობა უნდა გამოეძია. კომისია 3 თვით შეიქმნა, ანუ 5 მაისამდე ჰქონდა ვადა, თუმცა მოგვიანებით ვადა გაახანგრძლივეს და 5 ივნისამდე გადაიტანეს.
ამასთან, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მთავარი მიზეზი გახდა 2025 წლის პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი, რომელიც უკვე 2012-2024 წლების პერიოდსაც მოიცავს.
ახლა კი კომისიის მუშაობის ვადა 5 ივლისამდე გახანგრძლივდა. ასევე, თეა წულუკიანი სესიაზე შუალედურ ანგარიშს წარადგენს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასახულია.
სწორედ აღნიშნული საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იყო პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძე გამოკითხვაზე არ მივიდა, რის გამოც გირაო დაეკისრა. მან გირაოც არ გადაიხადა და შემდგომ დააკავეს. კომისიაზე არგამოცხადებისა და გირაოს გადახდაზე უარის თქმის ბრალდებით ასევე დაკავებულია ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
კომისიაზე ასევე დაბარებულები იყვნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერები - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე და ასევე „ოცნების" ხელისუფლების ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, ამჟამად კი ოპოზიციაში მყოფი გიორგი გახარია.
რა მიზანი ჰქონდა „ოცნებას"
რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ კომისიის მუშაობის მთავარი მიზანი იურიდიული საფუძვლების მომზადებაა ენმ-სა და მასთან დაკავშირებული ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების აკრძალვისთვის, რაც „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„ჩემი ვერსიით, „ოცნებას" უნდოდა გარკვეული შეზღუდვები დაეწესებინა ერთის მხრივ „ნაციონალისტურ" შემადგენლობაზე ოპოზიციაში და მეორეს მხრივ, ამ წარსულის ამოტივტივება დასჭირდა დღეს. კომისიის ფარგლებში ამ საკითხის წამოწევა ნიშნავს იმას, რომ მერე ეს პროკურატურას გადაეცემა და დაიდება იურიდიულად გამართული დოკუმენტები იმაზე, რა დანაშაულებებიც ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის" ხალხს.
„და რატომ დღეს? ეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ მივადექით იმ ეტაპს, როცა ძირითადად „ნაციონალურმა მოძრაობამ", განსხვავებით ადრინდელი პერიოდისგან, დაიწყო თანამშრომლობა დასავლეთის იმ ძალებთან, რომლებიც ხელისუფლების შეცვლით არიან დაინტერესებული. ასეთი კონტაქტების გაბმა „ნაცების" მხრიდან ლოგიკურია, ვინაიდან თუკი „ოცნება" ხელისუფლებიდან წავა, მათ შემდეგ ყველაზე რეიტინგული „ნაცმოძრაობაა". ფაქტობრივად, ამ შემთხვევაში უცხოელების და მათი ინტერესები საერთოა.
„ხელისუფლება კი, რომლის გაშვებაზეც არის ლაპარაკი, უცხოელებს ვერაფერს უზამს და ამიტომ „ნაცების" შეზღუდვას გეგმავს. ასევე, ალბათ მსოფლიოს პოლიტიკურ წრეებში გაასაჯაროებს ამ კომისიის მუშაობის შედეგებს, რათა გაიგონ ვისი მოყვანა უნდათ მთავრობაში. აი, ამ მიზანს ვხედავ იმ იდეაში, რომ ახლა შექმნილიყო კომისია", - აღნიშნა საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძის აზრით, ხელისუფლების მიზანია ხალხს ყურადღება გადაატანინონ და მუდმივად აფიქრებინონ, რომ წინა ხელისუფლებას „ოცნება" ჯობს.
„კომისიამ მუშაობა გაახანგრძლივა, რადგან დამატებით კიდევ დაიბარონ ხალხი და უფრო მეტ ადამიანზე მოახდინონ ზემოქმედება. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ადამიანები დააშინონ და პოლიტიკურად გაანეიტრალონ. მეორე მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად დრო მოიგონ და ყურადღება გადაიტანონ. ეს იმ ფონზე, როცა დასავლეთთან უფრო მეტი კრიტიკული შენიშნვა გაისმის „ქართული ოცნების" საქმიანობის მიმართ. თითქოს უნდათ, რომ ამას დაუპირისპირონ - აი, რა ცუდი ხელისუფლება იყო წინა და ჩვენ რა კარგები ვართ.
„მესამე ვერსიაა, თითქოს ფიქრობენ, რომ ოპოზიციის წევრები ბოლომდე ვერ დააშინეს. ჯაფარიძე კი ჩაჯდა ციხეში, მაგრამ ოპოზიცია თავის საქმიანობას მაინც აგრძელებს", - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
რა ეფექტი აქვს კომისიის მუშაობას
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, მიაღწია თუ არა „ოცნებას" მიზანს, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება მსოფლიო ამ კომისიის მუშაობის აუცილებლობაში დაარწმუნოს.
„სანამ საქართველოს გარშემო ეს ჭიდაობა არ დასრულდება, ძნელია იმის თქმა, მიაღწია თუ არა „ოცნებამ" მიზანს. ჩვენ მართლაც ვნახეთ რამდენიმე შეტევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბალტიის ქვეყნების მხრიდან, ასევე სანახევროდ შემტევი ინტონაცია „ვაიმარის საკუთხედის" ქვეყნების მხრიდან, რომელთა განცხადება ისეთი იყო, რომ ფაქტობრივად არჩევნების შედეგებს აღიარებენ. ასე რომ, რაღაც პროცესების ნიშნები არის, მაგრამ საბოლოო შედეგის თქმა რთულია, რადგან ვხედავთ, უცხოეთში „ოცნების" ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არიან, მომხრე და მასზე დიდად შეყვარებულები არავინაა.
„უცხოეთის პრობლემები „ოცნებისთვის" ისევ ძალაში რჩება. მგონი ამ პრობლემების არსებობის გამოა რომ გაახანგრძლივა ხელისუფლებამ კომისიის მუშაობა, რათა, ერთის მხრივ, მართლაც მოიძებნოს ის თემატიკა და საკითხები, რაც ოპოზიციაში ყოფნის დროს დაგროვდა „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო; მეორეს მხრივ კი, ეტყობა „ოცნების" პარტიაში აქვთ იმის განცდა, რომ თუკი ახლა ამოტივტივა ამ გამოძიების შედეგები, შეიძლება მწვავე რეაქციები მოჰყვეს დასავლეთისგან.
„თუმცა, ხომ ვხედავთ, რომ ნებისიმიერ სამართლებრივ ნაბიჯზე დასავლეთს პროტესტი აქვს. ამ კომისიამ რა შედეგიც არ უნდა დადოს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება, რომ მსოფლიო დაარწმუნოს კომისიის მუშაობის აუცილებლობაში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ „ოცნების" მთავარი მიზანი ოპოზიციის დაშინება იყო და ეს მიზანი მიღწეული არ არის.
„ჩემი აზრით, ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხეს - ოპოზიცია ვერ დააშინეს. საბოლოო ჯამში ამით საქართველო ზარალდება და მათი („ოცნების") საერთაშორისო რეპუტაცია ილახება. ეს უფრო მეტ საფუძველს ქმნის, რომ სანქციები მათ წინააღმდეგ ამოქმდდეს", - თქვა ჩიტაძემ.
როგორ მოქმედებს ამომრჩევნებზე
რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ კომისიის გამოძიება შეიძლება მერყევ ამომრჩევლებს დაეხმაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, „ოცნებას" გაეზრდება მხადამჭერები.
„საერთოდ ცნობილია, რომ ამ ტიპის ფაქტები თუ ვინმეზე იმოქმედებს, ეს იქნება შუალედურ ამომრჩევლებზე, ანუ შუაშისტებზე, ვისაც მკაფიო პოზიცია არ აქვს. ასეთი დამატებითი ფაქტები ასეთ მერყევ ამომრჩეველს შეიძლება დაეხმაროს. რადგან ასეთი ფაქტების გახსენების საშუალებას „ქართული ოცნება" იძლევა, ალბათ მისი ამომრჩევლების რიცხვი ამ მერყევი ელექტორატის ხარჯზე გაიზრდება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ნიკა ჩიტაძის თქმით, კომისიის საქმიანობა ამომრჩევლებზე გარკვეულწილად მუშაობს.
„ამომრჩევლებზე კომისიის მუშაობა გარკვეულწილად გავლენას ახდენს და პრინციპში, მიზანიც ეგ არის, რადგან აცნობიერებენ, რომ ძალიან ბევრს ეს ხელისუფლება არ მოსწონს. ხალხს სხვა საკითხებით რომ თავს ვერ აწონებენ, ცდილობენ წინა ხელისუფლებას შეედარონ. ვიღაცებს ამის მართლა სჯერათ, რაღაცნაირად მაინც მუშაობს. ეს დაახლოებით ისეთივეა, როგორც, მაგალითად, ცუდი ადამიანი - ის კარგს ვერაფერს აკეთებს, თუმცა ამის კომპენსირებას სხვაზე ჭორაობით ახდენს. ასეთი ადამიანი სხვაზე ცუდს ლაპარაკობს საჯაროდ, ან ჩუმად ჭორაობს, რომ აი, მე კი არ ვარ ცუდი, ის არის; ან კიდევ - ის ჩემზე უარესია. აქაც იგივე ვარიანტია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".