ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილი დასანქცირებულ ჩინოსნებს იშორებს
თამთა ჩაჩანიძე
28.05.2025

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის აწ უკვე ყოფილი მოადგილე გელა გელაძე უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება სპეციალირად გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 28 მაისს გამოაცხადა, რასაც წინ უძღვოდა ვახტანგ გომელაურის გადადგომა. გომელაურმა შს მინისტრის თანამდებობის დატოვება იმით ახსნა, რომ "ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა" და თავს უფლება მისცა, რომ ოჯახს "მეტი დრო დაუთმოს".

ამის პარალელურად, ვრცელდებოდა ცნობები საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება") მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ, თუმცა შსს-ში არ ადასტურებენ ამას და აცხადებენ, რომ სირაძეც და ხარაზიშვილიც მუშაობას აგრძელებენ.

"ოცნებაში" გომელაურის გადადგომას "გულდასაწყვეტს" უწოდებენ, თუმცა ახალ მინისტრზე აცხადებენ, რომ მას მაღალი კვალიფიკაცია აქვს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ "ეს უბრალოდ საკადრო ცვლილებები არაა, ესაა რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანი".

ვინ არის ახალი შს მინისტრი

ახალი შს მინისტრი პროფესიით იურისტია. როგორც ირაკლი კობახიძემ მის წარდგენისას განაცხადა, მას "გამორჩეული კვალიფიკაცია" და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს. გარდა ამისა, ის მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფოს დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. ასევე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, გელა გელაძე იკავებდა ჯერ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის, ბოლოს კი სუს-ის უფროსის მოადგილე იყო.

„ბატონ გელას მინდა ვუსურვო დიდი წარმატება ამ თანამდებობაზე და თავის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება წინსვლა და განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაგრძელდება ზრუნვა თითოეული პოლიციელის ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა. კიდევ ერთხელ, მინდა, მას ამ ყველაფერში წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ ახლადდანიშნულმა შს მინისტრმა „ქართული ოცნების" გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მივმართო ვახტანგ გომელაურს, მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ხალხს", - აღნიშნა გელა გელაძემ.

სად მიდის გომელაური

შსს-ს აწ უკვე ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ, თანამდებობის დატოვების მიუხედავად, რჩება „ქვეყნისა და გუნდის ერთგული".

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

„10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის განმავლობაში უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. მისი ნდობა და მაგალითი მაძლევდა განსაკუთრებულ სტიმულს, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ჩემი საქმე და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.

„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მთლიანად, სამთავრობო გუნდს, რომლის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი და რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ გმირ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, ყველას, ვისთან ერთადაც ვზრუნავდი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მრავალი წლის განმავლობაში.

„წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს და მომავალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში. ვრჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ჩემს ქვეყანას და ხელისუფლებას მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ვუსურვებ", - აღნიშნა გომელაურმა.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გომელაურმა თავად მიიღო გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისი თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა მთავრობას, რაც, მისი თქმით, „ძალიან გულდასაწყვეტი იყო", თუმცა „მთელი გუნდი გაგებით მოეკიდა მის გადაწყვეტილებას".

კობახიძე ამბობს, რომ გომელაური ყველაზე სტაჟიანი მინისტრი იყო, რომელიც შსს-ს თანამდებობაზე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.

„ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა მან ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალპროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე, ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის ღირსეული კაცი, მას მინდა სამომავლო საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო, ის არის ჩვენი მეგობარი, წარმატებები მას ყველაფერში", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი კი აცხადებს, რომ გომელაური 90-იანი წლებიდან დღემდე საუკეთესო მინისტრი იყო.

„მიმუშავია რა მასთან და მიმუშავია არა ერთი წელი ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმით და ღირსებით ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად", - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანი წარმატებებს უსურვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თითოეულ პოლიციელს და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

რას აცხადებენ ოპოზიციაში საკადრო ცვლილებაზე

„სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ჯერ ღარიბაშვილი და ლილუაშვილის გადადგომა, ახლა გომელაური - ეს უბრალოდ საკადრო ცვლილება არ არის.

„როდესაც სისტემას ტოვებენ ივანიშვილის ყველაზე ერთგული, ინფორმირებული და გავლენიანი ფიგურები, მხოლოდ ორი ახსნა რჩება: პირველი, ან ისინი ტოვებენ სისტემას , რომ მომავალში თავიანთი გადარჩენა უზრუნველყონ, გრძნობენ, რომ გემი იძირება. ან მეორე, თავად რეჟიმი ხვდება, რომ არსებული სტატუს-კვოთი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას და იწყებს გადაჯგუფებას, დროის მოსაგებად.

„ორივე შემთხვევაში ფაქტი ერთია, რეჟიმს უჭირს და იწყებს შიგნიდან ჩამოშლას, კრიზისი რეალურია. ეს უკვე ნანახი გვაქვს: სერბეთი, 2000 წელი - მილოშევიჩის რეჟიმი დაიშალა მას შემდეგ, რაც ძალოვან სტრუქტურებში შიდა რყევები და გადადგომები დაიწყო. რეჟიმი მალე დაემხო.საქართველო, 2003 წელი: ვარდების რევოლუციამ იმიტომ იმუშავა, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების ნაწილი მანამდე გადადგა , ახალ დანიშნულების ნაწილმა კი შევარდნაძის მხარდაჭერა შეწყვიტა.

„ტუნისი, 2011 წელი - როდესაც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა ბენ ალის რეჟიმის დატოვება დაიწყეს, სულ მალე დიქტატორი გაიქცა და რეჟიმი ჩამოიშალა. ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა, ეს კრიზისი რეალურ გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის შიშზე აშენებულ ერთი კაცის ავანტიურას, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გამო წირავს ადამიანებს. ეს ქვეყანა ეკუთვნის თავისუფლების მოყვარე ხალხს და მათი გამარჯვების რწმენას!" - წერს პაატა მანჯგალაძე.

„ლელო - ძლიერი საქართველოს" გენმდივანი ირაკლი კუპრაძე კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულ ჩინოვნიკებს იშორებს.

„ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რის ფარგლებშიც საკუთარ მხარდამჭერებს და მონურ მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში ისვრის, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება არის, მათ შორის დღეს გომელაურის გადადგომა. ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, რომელიც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გომელაური აპირებდა გადადგომას. გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს, „ხარებას" და ა.შ. ივანიშვილი თითოეულ სანქცირებულ პირს და ჩინოვნიკს მოიშორებს, სანაგვეში მოისვრის იმიტომ, რომ ისინი არიან მისთვის ერთჯერადი ნივთები, რომელიც არ დასჭირდება. მისი უსაფრთხოების გამო, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გაანადგურებს მის მხარდამჭერებსა

და გუნდს", - განაცხადა კუპრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×