
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიურ, 92-ე გენერალურ სესიას დაესწრო. მინისტრის გამოსვლა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხო, რომლითაც ქვეყანა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე, ამ კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ პერსპექტივაზე გაკეთდა.
შეხვედრას 20-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა პირისპირ შეხვედრა გამართა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან. დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლზე. მისი თქმით, საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მისაღწევად, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატება საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოებაში, ხოლო მეორე მხრივ, ვეტერინარული სამსახურის შესაძლებლობების გაზრდაში, რომელიც ინფრასტრუქტურის შექმნა-აღჭურვას, საგანმანათლებლო ღონისძიებებს და სხვა საჭირო აქტივობებს გულისხმობს.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. საქართველოსთვის მეტად აქტუალურია ის, რომ ვაქცინების ხელმისაწვდომობა გენერალური სესიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ვუერთდებით ამ მიდგომას და ვადასტურებ, რომ საქართველო დაავადებების პრევენციის პროცესში მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს. პროფილაქტიკური ვაქცინაციისას ევროპული წარმოებისა და რეგისტრაციის მაღალი ხარისხის ვაქცინებს ვიყენებთ“, – განაცხადა მინისტრმა.
სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, თევზჭერის სექტორის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ქვეყანაში ესპანური ინვესტიციების წახალისება - არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირისპირ შეხვედრებზე ესპანელ და პორტუგალიელ კოლეგებთანაც. შეხვედრის შემდეგ დავით სონღულაშვილმა თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასა და ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.
,,საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მეტად ინტენსიური გახდა სხვადასხვა სექტორების მიმართულებით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ერთობლივად ვიმუშაოთ სოფლის მეურნეობისა და განვითარების მიმართულებებით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულებას, რაც არის გზამკვლევი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შესაბამისად, ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაწყების დროს, საქართველო მზად იქნება გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის. მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან. ამასთან, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიების არსებობა პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
თავის მხრივ, პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრმა საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივასა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან. ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობის გარდა, დეტალურად განვიხილეთ ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, თევზჭერისა და აკვაკულტურის განვითარების საკითხები. სწორედ პარტნიორობა არის ის საფუძველი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად ვიპოვოთ ეფექტიანი გზები არსებული სირთულეების დასაძლევად. მნიშვნელოვანია, ევროპამ მოუსმინოს საქართველოს და დროულად მოხდეს მისი ევროკავშირში ინტეგრაცია”, - განაცხადა ხოსე მანულე ფერნანდესმა.
ასევე ნაყოფიერი იყო შეხვედრა ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრს ლუის პლანასს პუჩადესთან, სადაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის გამარტივება იყო. მათ შორის, ინვესტიციების წახალისება, რაც უზრუნველყოფს სარგებელს როგორც საქართველოსთვის, ისე ესპანეთისთვისსც.
„საქართველოს აქვს თავისი დღის წესრიგი; 2028 წლამდე ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. იმავდროულად, თუკი ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე. მაგრამ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გარკვეულმა ძალებმა შიდა არეულობის ორგანიზებისთვის გამოიყენონ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრულია კონსტიტუციით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია აერთიანებს 183 ქვეყანას. საქართველო ორგანიზაციაში 1992 წლიდან არის გაწევრიანებული.
ორგანიზაციაში ხუთი რეგიონული დანაყოფია (ამერიკა, აფრიკა, ევროპა, შუა-აღმოსავლეთი, აზია). ევროპის რეგიონში თავმოყრილია 53 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი ვეტერინარი ოფიცერი 2021-2023 წლებში ევროპის რეგიონის ბიუროში იკავებდა გენერალური მდივნის პოზიციას (არჩევითი პოზიცია), ხოლო 2024 წლიდან, სამი წლის ვადით, მეორედ აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.
მინისტრთან ერთად, კონფერენციას ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ვასილ ბასილაძე და გიორგი იაკობაშვილი.