
750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ. ჯერჯერობით აღნიშნული ზღვარი 500 ათასს ლარამდეა, თუმცა 1-ელი აგვისტოდან ძალაში ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია შევა, რაზეც საბანკო სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება კარგი და ხელსაყრელია.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1-ლი იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500 ათას ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200 ათასი ლარიდან 400 ათას ლარამდე გაზარდა, შესაბამისად გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია.
"ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე, დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან შევა," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გადაწყვეტილებას მიესალმებიან დარგის ექსპერტები. როგორც ფინანსისტმა ლია ელიავამ განაცხადა, ნაბიჯი მართებულია, რადგან საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან დოლარიზებული.
"როგორც აღმოჩნდა, ეროვნული ბანკის მკაცრმა რეგულაციებმა გამოიღო უარყოფითი შედეგი. პრობლემები შეექმნა, როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე მსესხებლებს და შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯი. ეს გადაწყვეტილება არის სწორი, ვინაიდან, საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან დოლარიზირებული. ამერიკული დოლარი უფრო მეტი ტრიალებს, ვიდრე ლარი საქართველოში.
მესმის, რის საფუძველზეც მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება - რისკის შემცირება, იმ მსესხებლებისა და ბანკებისთვის, ვინც არ იღებს შემოსავალს უცხოური ვალუტაში. ითვლებოდა, რომ მათთვის ასეთი კრედიტების გასტუმრება უფრო მეტად პრობლემური იქნებოდა, მაგრამ ეს იყო თეორიული მსჯელობა, რამაც დადებითი შედეგი ვერ მოიტანა. კომერციულ ბანკებს რჩებოდათ დიდი ოდენობით აუთვისებელი თანხა, რომლის დაბანდებაც იყო პრობლემატური. შესაბამისად, ეროვნული ბანკი წავიდა კომერციული ბანკებთან მიმართებით დათმობაზე.
ლიმიტის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ კომერციული ბანკები უფრო თავისუფლად დააბანდებენ მათ ხელთ არსებულ უცხოურ ვალუტას, ხოლო მოსახლეობა და განსაკუთრებით ბიზნესი ამოისუნთქებს”, - განუცხადა ლია ელიავამ "რეზონანსს”.
2025 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.2 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 56.75% მოდის. აპრილში ლარიზაცია დამატებით 0.14 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი ლარში გაცემული კრედიტები 1.50 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
მზარდია ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელიც, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში დამტკიცებული ახალი იპოთეკური კრედიტების 78% ეროვნულ ვალუტაში გაიცა მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 76.8%-ს შეადგენდა.
საბანკო სფეროს კიდევ ერთი ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების ეფექტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
"ამ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ შეამციროს დოლარზე დამოკიდებულება და იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რასაც თავისთავად მოჰყვება დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებაც. ეს ნაბიჯი რამდენად ეფექტური იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს”, - განუცხადა "რეზონანსს” გოჩა თუთბერიძემ.