
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა მელია სოც ქსელში გამოკითხვას ატარებს, კითხვა ეხება - წავიდოდა თუ არა ამომრჩეველი ადგილობრივ არჩევნებზე და ხმას მისცემდა თუ არა „ლელოსა" და გახარიას პარტიებს, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავენ და რომლებსაც მელია ვიდეომიმართვაშივე აკრიტიკებს.
გახარიასთან ამბობენ, რომ პარტია ყველა არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს და ესაა ერთადერთი ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს. „ლელოს" ბოლო პოზიცია ასეთია, რომ ადგილობრივი არჩევნები ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა იქნას გამოყენებული.
ენმ, „კოალიცია ცვლილებებისთვის" და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბუშვილი ამ მოცემულობით ადგილობრივ არჩევნებში ჩაბმის წინააღმდეგ გამოდიან. ერთადერთი ვარიანტი, როდესც ისინი მონაწილეობას დაუშვებენ ისაა, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და, ადგილობრივთან ერთად, ან მანამდე, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაზედაც ამ მომენტისთვის „ოცნება" კატეგორიულ უარზეა.
„ერთი შეკითხვა პარტია „გახარია საქართველოსთვის" და პარტია „ლელოსთან" დაკავშირებით და ფარსზე სახელად „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები" - გუშინ „ლელომ" პირველად, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა ის, რასაც აფიქსირებს გახარიას პარტია უკვე თვეების განმავლობაში, რომ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ე.წ. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ეს ვერ მოახდენს ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
„ერთი კითხვა - წახვიდოდით არჩევნებზე და ხმას მისცემდით ასეთი პოზიციის მქონე პარტიებს? თუ შეიძლება, კი, ან არა რომ დავწეროთ კომენტარებში, მნიშვნელოვანია. მათ შორის „ლელოსა" და გახარიას პარტიის წარმომადგენლებმაც ნახონ, წაიკითხონ, დაფიქრდნენ", - აცხადებს ნიკა მელია ვიდეოგამოკითხვაში, რომელიც საკუთარ ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სწორია თუ არა ოპოზიციის ბოიკოტი
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოიკოტი ნიშნავს ამომრჩეველზე მაღლა პარტიული ინტერესების დაყენებას, რაც არასწორია და თავად პარტიებისთვისაა ცუდი.
„მათგან ყველაფერი არასწორია, მათ შორის ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი, რამეთუ ანტიეროვნული ძალები არიან. თავიანთ პირად ინტერესებს ამომრჩევლებზე მაღლა აყენებენ და სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირებენ. ის, რომ მათგან ვიღაცეები მონაწილეობას აპირებენ, ეს მათთვის უფრო გონივრულია. მცირე, მაგრამ ასე თუ ისე თავიანთი ამომრჩეველი ხომ ჰყავდათ? ისინი ეტყვიან ამომრჩეველს, რომ, აი, ჩვენ მათთანირები არ ვართ, ვინც ბუჩქებში დაიმალნენ და ხმა მოგვეცით, შევალთ ადგილობრივ თვითმმართველობებში და ვიმუშავებთო. ამ მხრივ შეიძლება ეს გადაწყვეტილება გინივრული იყოს, თორემ საქრათველოს ინტერესებისთვის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს ეს არ წაადგება. ისინი რა თქმა უნდა წააგებენ, თითო ადგილი თუ შეხვდებათ სადმე, კი ბატონო, მაგრამ არაფერს სერიოზულს არ აიღებენ", - განაცხადა მამრაძემ.
კითხვაზე, მისი აზრით დაზარალდება თუ არა პარტია თუ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა და რა მხრივ, მამრაძემ გვითხრა:
„გააჩნია პოლიტიკურ ვითარებას, ამ ვითარებაში პარტია რა თქმა უნდა დაზარალდება. ეს იქნება დემონსტრირება იმისა, რომ თავადაც იციან, სამარცხვინოდ მცირე ხმებს აიღებენ. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ არჩევნები გაყალბებული არ იყო, ეს ცესკო-ს წერილში კარგადაა თავმოყრილი. ოპოზიციის წარმომადგენლები, ყველა კომისიაში უხვად იყვნენ, რამდენმა დაწერა საჩივარი არჩევნების შემდეგ? თითქმის არავინ! იქ იჯდა ეს ხალხი, შესაბამისად მომზადებული და შეიძლება ითქვას დაქოქილიც კი, ოღონდ რამე ნახონ, რომ მაშინვე დაწერონ და ვერ დაწერეს. ამასთან, მთავარია ხალხის განწყობა, საპროტესტო განწყობა არც იმ დროს იყო, როცა არჩევნების შედეგები გამოაცხადა და არც მეორე დღეს, ყველაფერი მიდის ხელოვნურად და დაფინანსებით და ეს ყველაზე კარგად თავად იციან. ყველანაირი მარში იყო, მათ შორის, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების" და ერთხელაც არ გამოვიდნენ ისინი, ვინც ამ პარტიებს მხარს უჭერს. ამ ფონზე, არჩევნებში მონაწილეობის არმიღება, კიდევ უფრო დავიწყების რეჟიმში გადასვლაა", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
ამბობს, რომ „ოცნება" ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას არ გაითვალისწუნებს და არ დათანხმდება არც საარჩევნი ადმინისტრაციის შეცვლას და არც ადგილობრივთან ერთად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
„ეს გამორიცხულია, ვერავინ დამისახელებს ლოგიკურად ისეთ მექანიზმს, რომ იმ ვითარებაში, რაც დღესაა, „ოცნება" ამ ტიპის კომპრომისებზე წავიდეს - ბოლოს და ბოლოს თქვას, რომ დიახ, მართალი ყოფილან ეს ანტიეროვნული ძალები და მართლა ჩვენ გავაყალბეთ და მოდით ამის გამო რიგგარეშე დავნიშნოთ, ანდა, კი ბატონო, არ იყო გაყალბებული, მაგრამ მოდით სიტუაცია განვმუხტოთ დასავლეთსაც ვაჩვენოთ და ჩავატაროთო - ეს არ იქნება, რადგან ამას ამომრჩეველო კოჰაბიტაციის ნიშნად მიიღებს. თეორიულად ასეთი რაღაცა ხდება-ხოლმე და ეს საქართველოს არ ეხება, როდესაც ელიტებში და ძალოვნებში შიგნით განხეთქილებები იწყება, დღეს ამის ნიშნები საერთოდ არაა, აქედან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია ეს პოლიტიკური ხარაკირი რატომ უნდა ჩაიდინონ?!" - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ, რომელიც ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს ემხრობა, უნდა წარმოადგინოს და ახსნას როდის იმუშავა ბოიკოტმა და რა მოუტანა თავად ბოიკოტში ჩართულ მხარეს.
„ნიკა მელიამ ბარემ ისიც აგვიხსნას, ბოიკოტმა სად და როდის იმუშავა, არა თუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. საქართველოში უამრავი ფაქტი გვაქვს, როცა არ იმუშავა, განსახურდიას დროს კონგრესი იყო, რომელმაც კომუნისტების რეჟიმს ბოიკოტი გამოუცხადა, მონაწილეობა არ მიიღეს, გამსახურდიამ მონაწილეობა მიიღო და კომუნისტებზე გაიმარჯვა. ბოიკოტის ხალხი დამარცდა, საერთოდ პოლიტიკიდან აორთლქდა და გაქრა. ასეთი ბოიკოტი იყო აფხაზეთში - ომის წინ, აფხაზეთის არჩევნები ჩატარდა, ქართულმა მოსახლეობამ და ქართულმა მხარემ ბოიკოტი გამოუცხადა, აფხაზებმა გაიმარჯვეს და უზენაეს საბჭოში უპირატესობა მოიპოვეს, მართეს სიტუაცია და ამან ომამდე მიგვიყვანა.
„ბოიკოტი არსად არ მუშაობს, ამიტომ ამის მომხრეებმა კეთილი ინებონ და წარმატებული ბოიკოტის ფაქტები მოიტანონ. როდესაც ბოიკოტს აცხადებ, შენ ჩუქნი გამარჯვებას ხელისუფლებას - "ქართულ ოცნებას" არანაირი გაყალბება აღარ დასჭირდება. გაყალბების გარეშე თავის სატელიტ 4-5 პარტიას შეიყვანს - "ხალხის ძალა", "ალტ-ინფო","ევროპელი სოციალისტები" და ა.შ. და როგორც ახლა პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიას ქმნის, მაშინაც შექმნის ასეთ ილუზიას, რომ მრავალპარტიული არჩევნები ჩაატარა, არ გაუყალბებია და მსოფლიოს პასუხს მოსთხოვს - რატომ არ მაღიარებ და ლეგიტიმაციას არ მაძლევ? სამაგიეროდ, ეს ბოიკოტი, 3-4 წლის განმავლობაში მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გაანადგურებს.
„ეს სამი წელი მსოფიოში უნიკალური პეროდია, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, შეიცვლება საერთაშორისო ურთიერთობები, გაძლიერდება ანტირუსული განწყობები და შესუსტდება რუსეთი, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირისკენ წავლენ, ჩვენ კი ამ რუსულ რეალობაში ჩავრჩებით და პრაქტიკულად პოლიტიკური ცხოვრების ნიშანწყალი მოისპობა. ხალხი, რომელიც საკრებულოებში არ იქნება წარმოდგენილი და რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებზე არ იმუშავებენ, მათ ან რეგიონი უნდა დატოვონ, ან „ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ - სხვა გზა არ აქვთ.
„თუ ბოიკოტს აცხადებ, მაშინ ვინც არჩევნებზე გადის, ეს იქნება გახარია, „ლელო", თუ სხვა, მათ უსპობ საშუალებას წარმატებას მიაღწიონ. საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას 900 ათასმა კაცმა მისცა ხმა, თუ ეს ხალხი არჩევნებზე არ მივიდა, ეს ხმები სახლში დარჩება და არჩევნებზე გასული ოპოზიცია ვერ მოახერხებს შექმნას წარმატებული პოლიტიკური კონტექტსტი. ხალხი დააკლდებათ და საბოლოო ჯამში არჩევნები ჩაფლავდება ბოიკოტის „მადლით" და მერე აქეთ დასცინებენ, რას მიაღწიეთო. ამით პრაქტიკულად განადგურდება მთლიანად პოლიტიკური სპექტრი. უმარავი არგუმენტია, რატომ უნდა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილება, ამით ჩვენ გადავარჩენთ საქართველოში დემოკრატიას.
„თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ქართული ოცნება" გაყალბებაზე მართლა წავა, ამით შეიძლება ვისარგებლოთ და მსოლფიოში ვაჩვენით ფაქტები, დოკუმენტები. მე არ ვამბობ, რომ არჩევნებზე მისვლა წარმატების 100%-იანი გარანტიაა, მაგრამ არჩევნებზე მისვლა, გარანტიაა იმისა, რომ ჩვენ „ოცნებას" მორიგ ჯერზე გამოვააშკარავებთ. მათი მანკიერი პოლიტიკის არგამოაშკარავება, გამოიწვევს იმას, რომ ამით ევროპას თვალში ნაცარს შეაყრიან და ფსევდოდემოკრატულობას ითამაშებენ, არჩევნების მერე კი ევროპაც მკაფიო ნაბიჯებს გადადგამს აღიარებისკენ, ამათ ხომ არ უნდათ „ქართულ ოცნებას" მისცენ ლეგიტიმაცია, მერე „ოცნება" ამათ გარეშე მიიღებს ამ ლეგიტიმაციას და საერთოდ მათი ხსენება აღარ იქნება საქართველოში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".