
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიურმა გააქტიურებამ ადგილობრივ მუშახელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ისინი შემცირებულ ხელფასს და გაუარესებულ სამუშაო პირობებზე ჩივიან. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თუ სახელმწიფომ გარკვეული ზომები არ მიიღო, კერძო კომპანიებთან პირისპირ დარჩენილი მუშახელი ვერაფერს გახდება. ამასთანავე, ბაზრის უცხოელი მუშახელით გაჯერებით ირღვევა მომხმარებელთა და დასაქმებულთა უფლებებიც.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, როგორც წესი, იაფი მუშახელია, რის გამოც ადგილობრივებს მათთან კონკურენცია უჭირთ. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ თუ პირობები არ გაუმჯობესდება, მომსახურების სფერო ქართველებისგან დაიცლება.
გუშინ სპორტის სასახლესთან "გლოვოსა" და "ვოლტის" 100-ზე მეტი კურიერი შეიკრიბა. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ბექა კობრიაშვილმა განაცხადა, პროტესტის ძირითადი მიზეზი მათ სფეროში უცხოელების უკონტროლო რაოდენობით დასაქმებაა, რამაც ტარიფები მნიშვნელოვნად შეამცირა.
"ჩვენი მოთხოვნა მთავრობის მიმართ არის ის, რომ ყურადღება გამახვილდეს ბაზარზე ბევრი უცხოელის დასაქმებაზე, რომლებიც ფაქტობრივად, სამუშაოს გვაკარგვინებენ. მათი დასაქმებით, კომპანიებმა ტარიფები დასწიეს, რის გამოც ჩვენ სხვა სამუშაოს მოძებნა გვიწევს“, – აღნიშნა კობრიაშვილმა.
მომავალში აქციის მონაწილეები გეგმავენ, საპროტესტო მსვლელობა თბილისის ქუჩებშიც გააგრძელონ. კურიერები ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების მიღებას და ადგილობრივი მუშახელის ინტერესების დაცვას ითხოვენ.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ამირან შენგელიამ ,,რეზონანასთან" ცალსახად აღნიშნა, რომ იმიგრანტთა დასაქმების აღსაკვეთად აუცილებელია შესბამისი კანონმდებლობის შემუშავება.
,,ქართული ბაზარი უცხოელი მუშახელით გაჯერებულია. მდგომარეობა ამ მიმართულებით მეტად გართულებულია. სამი დღის წინ ტაქსი გამოვიძახე, მძღოლი თურქი იყო და ინგლისურ ენას ფლობდა. მე არ ვიცოდი და რამე რომ დამჭირვებოდა, ვერც ვერაფერს გავაგებინებდი. მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ მომსახურებისას ენის არცოდნა სერიოზული ბარიერია. გარდა თურქებისა, დიდი რაოდენობით ვნახავთ ინდოელებს, პაკისტანელებს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებული. ხანდახან საერთოდაც ვერ აგნებენ დანიშნულების ადგილს. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, დამსაქმებლებს ისინი ურჩევნიათ. ეტყობა ნაკლებს უხდიან და რაც მეტია გაუგებრობა, მით უკეთესია მათთვის.
ამ ფონზე კი, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებსაც ადრე კარგი გამომუშავება ჰქონდათ, შემოსავალი გაუნახევრდათ. დამსაქმებელიც ცდილობს, მეტი წილი გამოძახებისა, უცხოელი მოქალაქე დატვირთოს. მქონდა მცდელობა შემესწავლა რა კრიტერიუმებით ხდებოდა არჩევა, მაგრამ პასუხი დღემდე ვერ მივიღე.
არ მინდა პოლიტიკას შევეხო, მაგრამ უვიზო მიმოსვლის გამარტივება, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებს მისცეს, პრობლემას უფრო გაამწვავებს. ისინი ჩვენზე ჩამორჩენილი ქვეყნები არიან და წარმოიდგინეთ, მათი ერთბაშად შემოსვლა როგორ შეცვლის ჩვენს რეალობას", - განუცხადა ,,რეზონანსს" ამირან შენგელიამ.
უცხოელი კურიერების მასობრივი დასაქმება ქართულ ბაზარზე ადგილობრივებს სამუშაოს აკარგვინებს, თუმცა პარალელურად ირღვევა მომხმარებელთა უფლებაც, რომლებიც თანხებს სრულყოფილი მომსახურებისთვის იხდიან.
,,მომხმარებელი, კომფორტისთვის და სრულყოფილი მომსახურებისთვის იხდის თანხას. რაღაც კითხვა, რომ გაუჩნდეს, სრული უფლება აქვს პასუხი მიიღოს, მაგრამ როცა ვერ აგებინებ და რა პასუხს გაგცემენ? დღეს, სამწუხაროდ, არავინაა ისეთი ვინც ამ დასაქმებულების უფლებებს დაიცავს. ფაქტია, ჩამოსულს მუშაობას ვერავინ აუკრძალავს. გამოსავალი ისაა, რომ შეიქმნას ისეთი შრომითი პირობები, რომ ბაზარი დაარეგულიროს. ჯერ ჩვენი მოქალაქეები დასასაქმონ, შემდეგ უცხოელები.
უნდა შეიქმნას კანონი, რომელიც სოფლის მეურნეობაში და მომსახურებაში ადამიანებს კანონის შესაბამისად დაასაქმებს. უპირატესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს უნდა მიენიჭოს. საკანონმდებლო ბაზაში უნდა იყოს აღნიშნული, რომ უზრუნვწელყოფილი იყოს მომსახურების ფორმა ისე, რომ ორივე მხარისთვის მისაღები იყოს. ხელისუფლების ჩარევის გარეშე ეს საკითხი ვერ დარეგულირდება", - განაცხადა შენგელიამ.
დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ მთელ რიგ ქართულ კომპანიებში ადგილობრივს უცხოური სამუშაო ძალა ანაცვლებს. გაბრაზებულ ქართველებს პროტესტის სხვადასხვა ფორმისათვის არაერთხელ მიუმართავს, მაგრამ მდგომარეობა ისევ რთულია. საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტმა ზვიად ტომარაძემ ცალსახად აღნიშნა, რომ იმიგრანტების შემოსვლა და დასაქმება, ჩვენს ქვეყანას კატასტროფულად აზარალებს.
"იმიგრანტების მოჭარბება და დასაქმება ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე და დემოგრაფიაზე. ეკონომიკური კუთხით, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების მხრიდან არაერთი აქცია ვნახეთ. მიმდინარეობს ჩვენი დასაქმებულების ჩანაცვლება სხვა ქვეყნიდან შემოსული იაფი მუშახელით. მომსახურების სფეროს შემდეგ, ნელ-ნელა იგივე პრობლემებია სამშენებლო სექტორში.
ცხადია, ასეთი მიდგომა ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ისედაც ყოველწლიურად ხდებოდა გადინება და ამ ფაქტების შემხედვარე მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი ნაწილი წავა უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად.
აღნიშნული საკითხი, დემოგრაფიული კატასტროფასაც გვიქადის. ძალიან მალე შეიძლება ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ ან შესაძლოა, ბალანსი ისე შეიცვალოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშიში ფორმა მიიღოს. რღვევა კულტურული, რელიგიური და ეთნიკური წყობა, რაც დიდი საფრთხის შემცველია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არანაირ ნაბიჯებს არ დგამს პრობლემის დასაძლევად. პირველ რიგში, აუცილებელია საემიგრაციო პოლიტიკა შეიცვალოს, შრომის კოდექსი გამკაცრდეს და უცხოელთა მიერ უძრავი ქონების შეძენა არ უნდა ნიშნავდეს ბინადრობის უფლების ,,ყიდვას".
სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს საემიგრაციო პოლიტიკა. არ შეიძლება ასზე მეტ ქვეყანასთან საზღვარი გახსნილი გქონდეს. უვიზოდ შემოდიოდნენ მათი მოქალაქეები და 365 დღის განმავლობაში რჩებოდნენ. ასევე არ შეიძლება, მაშინ, როცა უმუშევრობის მწვავე პრობლემა გვაქვს და საკუთარ მოსახლეობას ვერ ასაქმებ, უცხო მუშახელი ასე მარტივად პოულობდეს სამუშაოს. ჩვენი მოქალაქეები, როცა მიდიან ემიგრაციაში უამრავი საბუთის გაკეთება უწევთ, ჯარიმდებიან კომპანიები, დეპორტირებულებიც არაერთხელ გვინახავს. ამის სურვილს ხელისუფლებიდან ვერ ვხედავთ. მისული ვართ უკვე კატასტროფამდეც", - აღნიშნა ზვიად ტომარაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.