ნატალია ჯვარიძე
31.05.2025

რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკების მეორე რაუნდი ჩაშლის ზღვარზეა. კრემლმა შეხვედრის დრო და ადგილი უკვე დაასახელა - რუსული დელეგაცია ორშაბათს, 2 ივნისს ჩავა სტამბოლში და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება. უკრაინული მხარე კი ყოყმანობს, რადგანაც რუსებს ჯერ კიდევ არ შეუსრულებიათ მოლაპარაკების პირველ რაუნდზე მიღწეული შეთანხმება და არ გადაუციათ უკრაინული მხარისთვის სამშიდობო მემორანდუმის თავისი ვერსია.

დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ ცდილობს დაითანხმოს უკრაინელები სტამბოლში მოლაპარაკების გამართვაზე. მითუმეტეს, რომ, რუსული მხარის ინფორმაციით, ისინი სწორედ სტამბოლის შეხვედრაზე გეგმავენ უკრაინელებისათვის მემორანდუმის გადაცემას, თუმცა მის შინაარსს არ ასაჯაროებენ.

რაც შეეხება სამშვიდობო მემორანდუმის უკრაინულ ვერსიას, ის, შეთანხმებისამებრ, რამდენიმე დღის წინ უკვე გადაეცა რუსულ მხარეს და ცნობილია მისი ზოგიერთი პუნქტიც - უკრაინელები ითხოვენ ცეცხლის სრულ შეწყვეტას ხმელეთზე, ზღვაზე და ცაში.

ანალიტიკოსებს 2 ივნისის შეხვედრიდან მნიშვნელოვანი შედეგების მოლოდინი არ აქვთ და აღნიშნავენ, რომ პუტინი ცდილობს დროის გაწელვას უკეთესი ვითარება შექმნისთვის, რადგან მერე განსხვავებული ულტიმატუმები წაუყენოს.

„რუსეთი დროს წელავს და შეგნებულად არ აძლევს უკრაინას „სამშვიდობო მემორანდუმს", რადგან იმედი აქვს, შემდეგ სხვანაირი სიტუაცია შეიქმნება და მემორანდუმის განსხვავებულ ვარიანტს შესთავაზებს", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების მეორე რაუნდს სთავაზობს და ამბობს, რომ 2 ივნისს სტამბოლში უკრაინის დელეგაციას დაელოდებიან. თუმცა უკრაინელები ითხოვენ, რომ მანამდე რუსებმა მათ გადასცენ საშვიდობო მემორანდუმის თავისი ვერსია. რუსები კი ამბობენ, რომ ამ საკითხს სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილავენ და იქ გადასცემენ.

სააგენტო, „რია ნოვოსტიის" ინფორმაციით, კრემლის პრესმდივნმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კიევი მხრიდან მემორანდუმის ტექსტის დაუყოვნებლივ გადაცემას მოთხოვნა „არაკონსტრუქციულია".

„რუსეთმა უკრაინას ფაქტობრივად შესთავაზა 2 ივნისს სტამბოლში შეხვედრა და ამ პროექტების განხილვის დაწყება. ამიტომ, დაუყოვნებელი მოქმედების მოთხოვნა კონსტრუქციული არ არის", - განაცხადა პესკოვმა.

როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა" წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ 30 მაისს კიევში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთისგან ისევ მოითხოვს მემორანდუმის გადაცემას.

„უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის, თუმცა ჯერ კიდევ არ მიუღია მოსკოვის მიერ დაპირებული მემორანდუმის ტექსტი", - აღნიშნა სიბიჰამ.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევი დაინტერესებულია თურქეთში შეხვედრების გაგრძელებით და ომის წელსვე დასრულება სურს. სიბიგას ინფორმაციით, სტამბოლში პირველი რაუნდისას მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინამ რუსულ მხარეს უკვე გადასცა დოკუმენტი, რომელიც შემდგომ ნაბიჯებს ეხება და რუსეთისგან დროულად ელოდებიან დაპირებულ მემორანდუმს.

რაც შეეხება ჰაკან ფიდანს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2 ივნისის „ტექნიკური მოლაპარაკების" შემდეგ შესაძლებელი იქნება სტამბოლში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზება, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უმასპინძლებს.

რატომ აჭიანურებენ რუსები მემორანდუმის გადაცემას

ვახტანგ მაისიას აზრით, რუსები დროს წელავენ, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი მოთხოვნები წამოაყენონ.

„მე, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის დროის გაყვანის კლასიკური მაგალითი. ჯერ ერთი, რუსებმა სტრატეგიული ოპერაციები უკვე დაიწყეს და ეს არის სამკუთხედის ვარიანტი - სუმი-ხარკოვი-დნეპრი. მათი მთავარი იდეა სუმისა და ხარკოვის რეგიონების დაკავება და მათი მთავარი ცენტრების აღებაა. მათი მიზანია ჯერ ხარკოვისა და სუმის აღება და შემდეგ დნეპრის მიმართულებაზე თავდასხმების განხორციელება. როგორც ჩანს, ისინი ამჯობინებენ, რომ მოახდინონ ომის მათთვის სასურველ ფაზაში გადაყვანა. ეს იმიტომ, რომ თუ მათ ხარკოვი, სუმი და დნეპრის გარკვეული ნაწილი დაიკავეს, მაშინ სიტუაცია შესაძლოა განსხვავებული იყოს, რის შემდეგაც, რუსებს უკვე სხვა მემორანდუმი და მოთხოვნები ექნებათ. ეს არის მთავარი არსი", - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

შედგება თუ არა შეხვედრა და მოსალოდნელი შედეგები

ვახტანგ მაისაია კითხვაზე, საერთოდ შედგება თუ არა 2 ივნისს უკრაინასა და რუსეთს შორის შეხვედრა ამბობს: „დიდი ალბათობით, ეს მეორე რაუნდი ჩაიშლება. რომც შედგეს, მაინც ჩაიშლება, რადგან აქ ჩანს რუსების დროის გაყვანის ტაქტიკა".

უკრაინულ მხარეს არ აქვს იმედი, რომ შეხვედრა რომც შედგეს ომის დასრულებაზე რუსეთი რეალურ პირობას წამოაყენებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ „ტვიტერზე" დაწერა, რომ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობები „სავარაუდოდ სავსე იქნება არარეალური ულტიმატუმებით".

უცხოელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული მოლაპარაკება უფრო შემოდგომაზეა მოსალოდნელი, ვიდრე ახლა.

„რუსეთის მიზანია არა შეთანხმების მიღწევა, არამედ დროის გაწელვა. შესაბამისად, რუსული მხარე მემორანდუმს არ გადასცემს. ამერიკელები ამბობენ, რომ მოლაპარაკების პროცესისთვის მხოლოდ ის ფაქტიც მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია, რომ რუსეთი და უკრაინა რაღაცაზე ისაუბრებენ. თუმცა ჩვენ ნათლად გვესმის, რომ მარტო რუსეთთან მოლაპარაკებები ვერაფერს მოაგვარებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული მიზანი იქნება დასავლეთთან და ტრამპთან ერთიანი პოზიციის შენარჩუნება. ვფიქრობ, რუსეთი არ გამორიცხავს სერიოზულ მოლაპარაკებებს, მაგრამ ალბათ შემოდგომაზე, როცა ზაფხული დასრულდება და რუსეთის შემტევი პოტენციალი ამოიწურება", - აღნიშნა უკრაინელმა პოლიტოლოგმა სერხი ტარანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×